ჟურნალისტური გამოძიება: ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ ოპერაცია რუსულმა ГРУ–მ, მათ შორის, თბილისში ჩაატარა

01-04-2024 12:12:33 ეს საინტერესოა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 29155 სამხედრო ნაწილის (ყოფილიГРУ) თანამშრომლებს შეეძლოთ, გავლენა მოეხდინათ ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე საიდუმლო იარაღით, რომელიც იწვევს ე.წ. „ჰავანას სინდრომს“,– ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ჟურნალისტები. მათი გამოძიების შედეგები ორშაბათს, 1 აპრილს გამოქვეყნდა.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების მოგზაურობის შესახებ მონაცემების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში „ჰავანას სინდრომის“ შემთხვევებთან შედარებით, ჟურნალისტებმა მკაფიო კორელაცია აღმოაჩინეს. როგორც გამოძიებამ აჩვენა, "ჰავანას სინდრომის" სიმპტომები ამერიკელებს გამოუვლინდათ იმავე პერიოდებში და იმავე ადგილებში, სადაც 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

კერძოდ, რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტების გადაადგილება ევროპის მასშტაბით 2014 წელს დაემთხვა „უცნაური თავდასხმების სერიას“ ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს თანამშრომლებზე. 2016-2017 წლებში ჩინეთში, 29155–ის აგენტების ჯგუფის ჩასვლის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატებმა დაიწყეს ხელმძღვანელობისთვის ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. 2021 წელს საქართველოში, სადაც 29155 განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამერიკელი დიპლომატის მეუღლეს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მინორის სინდრომი დაუდგინდა. „უცნაური დამთხვევები“ ასევე დაფიქსირდა ბელგრადსა და ჰანოიში 2021 წელს.

ჟურნალისტებმა ასევე მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს 29155 ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრის ივან ტერენტიევის კვლევას, „ქალაქში სამხედრო (საბრძოლო) ოპერაციების დროს არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციური შესაძლებლობები“.

გამომძიებელი ჟურნალისტების განმარტებით, ეს ტერმინი რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერს „ულტრაბგერით და რადიოტალღებზე დაფუძნებულ ენერგიის მოწყობილობებს“.

ორმა სავარაუდო მსხვერპლმა, რომლებსაც „ჰავანას სინდრომის“ სიმპტომები გამოუვლინდათ, თავდასხმების სავარაუდო მონაწილეები ფოტოებიდან ამოიცნეს: ფრანკფურტში ნახეს აგენტი იეგორ გორდიენკო ჯანმრთელობის გაუარესებამდე, თბილისში - ალბერტ ავერიანოვი, დანაყოფის ხელმძღვანელის ანდრეი ავერიანოვის ვაჟი.

რა მოხდა თბილისში

ჯოი (სახელი შეცვლილია) 2020 წლის თებერვალში გადავიდა აშშ-დან საქართველოში საცხოვრებლად დიპლომატ მეუღლესთან და შვილთან ერთად. ისინი თბილისში, საელჩოსთან ახლოს, მშვიდ ქუჩაზე მდებარე სახლში დასახლდნენ. ჯოი, პროფესიით ექიმი, მუშაობდა კერძო ამერიკულ კლინიკაში.

2021 წლის 7 სექტემბერს ის ელოდა შვილის სკოლიდან დაბრუნებას და სამოსს მეორე სართულზე რეცხავდა. როდესაც სარეცხის მანქანიდან იღებდა ტანსაცმელს, ფანჯრისკენ მიბრუნდა, უცებ იგრძნო რაღაც ძლიერი ხმის ტალღის მსგავსი, რომელმაც თავში მარცხნიდან, ფანჯრის მხრიდან დაარტყა, ყოვლისმომცველი ხმაურით აავსო და საშინელი თავის ტკივილი დაეწყო. ჯოიმ ოთახი დატოვა და სააბაზანოში შევიდა, სადაც თითქოს ხმა მიჩუმდა და ღებინება აუტყდა. მან დაურეკა ქმარს, რომელიც მალევე მივიდა სახლში საელჩოდან დაცვის თანამშრომლების თანხლებით.

ქმრის მოლოდინში ჯოიმ გარეთ გაიხედა, შენიშნა უცნაური მანქანა, რომელიც აქამდე ამ ქუჩაზე არასდროს უნახავს და გადაუღო ფოტო. მანქანასთან მან დაინახა მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი მამაკაცი. გვერდით გოგონა იდგა, ძალიან კარგად იყვნენ შემოსლნი, თითქოს წვეულებაზე ან სპექტაკლზე მიდიოდნენ. როდესაც კაცმა დაინახა, რომ ჯოი მათ უღებდა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.

იმ დღიდან მოყოლებული ჯოი ყოველდღიურად განიცდის შაკიკს მძიმე შეტევებს (რაც აქამდე არასდროს ჰქონია). მისი ცნობიერება დაბინდულია, კიბეებზე ჩასვლისას საფეხურების პოვნა უჭირს, აქვს კოორდინაციის დარღვევა. მას ხშირად აქვს ყურებში ხმაური, განუვითარდა სმენის პრობლემები, ზოგჯერ თავბრუსხვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ საწოლში გადაბრუნებაც კი უჭირდა. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი მისთვის თვითმფრინავის ძრავის ხმაურად ჟღერს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჯოის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით ლოს–ანჯელესის უნივერსიტეტში დადასტურდა: ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენცია, ძალიან იშვიათი დაავადება. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაავადება დიდი ხნის წინ გამოვლინდებოდა, ან შეიძლება იყოს ტრავმის შედეგი, მაგრამ ჯოის დაზიანებები არ ჰქონდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა –თავის ქალას ორივე მხარეს ლითონის ფირფიტები ჩაუსვეს. ეს ამსუბუქებდა სიმპტომებს, მაგრამ სრულად არ აღმოუფხვრია.

ამერიკელმა გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია ინციდენტი. თუმცა, როგორც The Insider-მა გაარკვია, ამ დროს საქართველოში, უცნაური დამთხვევით, ГРУ–ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ 29155 განყოფილებიდან.

2021 წლის 30 სექტემბერს 29155 განყოფილების უფროსი, გენერალი ანდრეი ავერიანოვი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი ალბერტ ავერიანოვი, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ დაასაქმა.

ალბერტს, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა (მაშინ 21 წლის იყო), უკვე დაგროვილი ჰქონდა სერიოზული გამოცდილება: ჯერ კიდევ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, 2017-2018 წლებში არაოფიციალურად „ვარჯიშობდა“ ჟენევაში ზემოთ ხსენებული იეგორ გორდიენკოს მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც მაშინ ჟენევაში მუშაობდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მეორე სავაჭრო წარმომადგენლის საფარქვეშ.

ამის შემდეგ ალბერტი გახდა ჯგუფის აქტიური წევრი (როგორც ჩანს მისი აქტივობებიდან), თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ის აგრძელებდა სრულიად საჯარო ცხოვრების წესს, დაფრინავდა საზღვარგარეთ მისი ნამდვილი სახელით, თამაშობდა ფეხბურთს მეგობრებთან ერთად „ევიანის“ გუნდისთვის (0 გოლი 60 მატჩში), თავის შეყვარებულ ნასტიას ასეირნებდა Mercedes-Benz ML/GLE -ით. აღწერილი მოვლენების დროს ალბერტმა დაასრულა მაგისტრატურა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური პროცესების ფაკულტეტზე (მისი დისერტაციის თემა იყო „მიგრაციული პროცესების მართვის გლობალური დონის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია“).

იმ დღეს გენერალმა ავერიანოვმა ტელეფონი გათიშა და კვლავ მოსკოვში ჩნდება 10 ოქტომბერს, იმავე დროს, როგორც მისი შვილი.

შვილის ტელეფონის მიხედვით ჩანს, რომ 30 სექტემბერს ის გაფრინდა ტაშკენტში, სადაც მეორე დილით აეროპორტიდან უზბეკურ სატელეფონო ნომერზე დარეკა. ეს ზარი უკანასკნელი იყო, რომელიც ალბერტმა განახორციელა მომდევნო 10 დღის განმავლობაში. ამ ზარიდან 40 წუთის შემდეგ, 1 ოქტომბერს, დილის 8:40 საათზე, აეროპორტიდან ტაშკენტი-თბილისის რეისი აფრინდა.

ამის შემდეგ ავერიანოვ უმცროსის ტელეფონი როუმინგშია, მაგრამ ქსელში წვდომის გარეშე.

ტაშკენტში განხორციელებული ბოლო ზარიდან ცხრა დღის შემდეგ - და ჯოისთან დაკავშირებული ინციდენტიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ - 9 ოქტომბერს, ალბერტ ავერიანოვმა ისევ ჩართო ტელეფონი ტაშკენტში (აშკარაა გზავნილიდან "მოგესალმებით უზბეკეთში", რომელიც მან მიიღო იმავე მომენტში) და მეორე დღეს დაბრუნდა მოსკოვში.როდესაც ჯოის აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო, მან მაშინვე ამოიცნო იგი. ალბერტ ავერიანოვმა The Insider-ს უარი უთხრა ინციდენტში მისი მონაწილეობის კომენტირებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება რუსული სამხედრო დაზვერვის მიერ ოპერაციებში "აკუსტიკური იარაღის" ჩართვის თაობაზე, ახლა "ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას "ჰავანას სინდრომის" მიმართ და დაიწყოს ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება", - ასკვნიან გამოძიების ავტორები.

რა არის „ჰავანის სინდრომი“

"ჰავანის სინდრომი" პირველად კუბის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოში 2016-2017 წლებში დაფიქსირდა. „ჰავანის სინდრომი“ დაუდგენელ დაავადებას ეწოდა, რადგან დიპლომატები და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ავად ხდებოდნენ დაუდგენელი მიზეზებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები