სირსკი: ხარკოვზე შეტევა რუსებისთვის ფატალური იქნება

29-03-2024 17:28:43 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ალექსანდრ სირსკიმ თავის პირველ ინტერვიუში, მათ შორის, ისაუბრა რუსეთის შესაძლო იერიშზე ხარკოვის მიმართულებით, რაზეც ბოლო დღეებში რუსული წყაროები წერდნენ.

გენერლის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ კომპლექსურ სამუშაოებს საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და ადეკვატური მომზადების კუთხით.

"ჩვენ უკვე გვაქვს საბრძოლო გამოცდილება ხარკივის ოლქში. ჩვენ შევძელით მოწინააღმდეგის გამოჭერა და ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება, სწორედ მაშინ ჩამოიქცა რუსული ფრონტი. თუ კი რუსები ისევ ხარკივის მიმართულებით დაიწყებენ შეტევას ეს მათთვის ფატალური ქალაქი გახდება",- განაცხადა სირსკიმ.

ავდეევკადან უკრაინული არმიის გასვლის მთავარ მიზეზებად სირსკი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის რიცხობრივ და საარტილერიო ცეცხლის ჯერად უპირატესობასთან ერთად, მუდმივ საავიაციო დაბომბვებს ასახელებს, რომლებმაც მისი თქმით, დაარღვია ქალაქის თავდაცვითი ზღუდის ერთიანობა.

"ალყის თავიდან ასაცილებლად და ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად მე მივიღე ავდეევკადან გასვლის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ ამ ბრძოლების დროს ტყვეობაში აღმოჩნდა 25 უკრაინელი სამხედრო."

სირსკის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს რუსეთის წინსვლის შეჩერება ავდეევკას მისადგომებთან იმ პოზიციებზე, რომლებსაც ბრძოლის დროს ამზადებდნენ.

"ჩვენი თავდაცვითი ზღუდეების ძირითადი ხაზი უფრო შორს, ჩვენი თავდაცვის სიღრმეშია განლაგებული. ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური თავდაცვითი ხაზების ორგანიზება ყველა საფრთხის შემცველ მიმართულებაზე",- ამბობს სირსკი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები