საგამოძიებო სამსახური: მეუღლეზე ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი

29-03-2024 15:38:52 სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, " ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ."

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების 3-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები