მედია: "კროკუსზე" თავდასხმის გამო ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს

29-03-2024 15:38:51 მსოფლიო

ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა დააკავა 9 ადამიანი, რომლებიც, უშიშროების ძალების ცნობით, კავშირში არიან მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილებთან და ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან", განუცხადა "როიტერს" ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახურიდან წყარომ.

ცხრავე ადამიანი ორშაბათს დააკავეს ქალაქ ვახდატში და გადაიყვანეს დედაქალაქ დუშანბეში, თქვა წყარომ.

რუსი გამომძიებლები ამ კვირაში ჩავიდნენ ტაჯიკეთში, რათა დაკითხონ კროკუსის თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირის ოჯახი. ოჯახის წევრები დუშანბეში ჩაიყვანეს ვახდათიდან და გისარიდან, ასევე რუდაკის რაიონიდან.

მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 144 ადამიანი ემსხვერპლა, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა რუსეთის მის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს.

რუსეთში ტერაქტის განხორციელების ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული, ოთხივე ტაჯიკი. ასევე რამდენიმე პირია აყვანილი ხელშეწყობის ბრალდებით, თუმცა ისინი ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები