Reuters: ერდოღანი ბაიდენს 9 მაისს ეწვევა

29-03-2024 14:45:51 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში 9 მაისს გაემგზავრება. ამის შესახებ Reuters თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც პირველად უმასპინძლებს თავის თურქ კოლეგას თეთრ სახლში.

სააგენტოს თანამოსაუბრეს ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუმცა განაცხადა, რომ თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი შეხვდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს დაგეგმილი ვიზიტისას და ორმხრივი საკითხების განსახილველად.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და თავდაცვის მინისტრი იასარ გულერი ასევე შეხვდნენ ამერიკულ დელეგაციას ხუთშაბათს და პარასკევს.

ვაშინგტონში ვიზიტი ერდოღანისთვის პირველი იქნება 2019 წლის შემდეგ, როდესაც ის მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ანკარა პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრას ითხოვდა.

ურთიერთობებმა თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დიდი ხანის განმავლობაში იყო დაძაბული მთელი რიგი საკითხების გამო, დათბობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ანკარამ იანვარში რატიფიცირება მოახდინა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის.

თუმცა, დაძაბულობა რჩება, მათ შორის ჩრდილოეთ სირიის საკითხზე, სადაც აშშ-ის ჯარები ქურთ მებრძოლებს უჭერენ მხარს, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლის. აშშ ასევე ითხოვს თურქეთისგან, მეტი ძალისხმევა გაწიოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კონტექსტში.

ცოტა ხნის წინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მაისში გეგმავს ვიზიტს ანკარაში, 2023 წლის დეკემბერში ერდოღანის მსგავსი ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები