კუროპტევი: უკრაინელების მხარდამჭერი პროექტის შემქმნელი რუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

29-03-2024 11:49:58 საზოგადოება

უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტის Emigration for action–ის თანადამფუძნებელი იგორ მიგლანი საქართველოში არ შეუშვეს. ამის შესახებ 28 მარტის საღამოს სამხრეთ კავკასიაში ფონდის "თავისუფალი რუსეთის" დირექტორმა იგორ კუროპტევმა განაცხადა.

„15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის აეროპორტში იმყოფება. იგორი, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსი აქტივისტი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში.

მისი ინფორმაციით, საქართველოში იგორი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, კოლეგებთან ერთად მუშაობდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

იგორის და პროექტის გუნდის წყალობით უკრაინიდან 8 ათასზე მეტმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ემუქრება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები, არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია იამაყოს“, - აღნიშნა კუროპტევმა.

მან მიმართა საქართველოს ხელისუფლებას - კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით, „სადაც მას არ დაურღვევია არც ერთი კანონი, არამედ როგორც შეუძლია, ეხმარება უბედურებაში მყოფ ადამიანებს“.

მიგლანის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უწყებებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პროექტის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა ევგენი ლიამინმა თქვა, რომ მიგლანი თბილისში 28 მარტის ღამეს გაფრინდა გერმანიიდან, სადაც ის 2023 წლის შემოდგომიდან სწავლობს. საპასპორტო კონტროლზე ის ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს. დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ, დილის ცხრა საათზე, მას სიტყვიერი უარი ეთქვა საქართველოში შესვლაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ დოკუმენტურად არ განუმარტავთ.

29 მარტის დილით, პროექტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიგლანი საქართველოდან სტამბულში გააძევეს.

იგორ მიგლანი საქართველოში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე გადავიდა საცხოვრებლად. იმავე წლის აპრილში მან სხვა აქტივისტებთან ერთად დააფუძნა პროექტი Emigration for Action, რომელიც ეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს. პროექტი უკრაინის მოქალაქეებს მედიკამენტებს აწვდის და მათ მხარდაჭერით ატარებს საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და აქტივისტებს არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შესვლაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები