რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად უკრაინაში ელექტროსადგურები დაზიანდა

29-03-2024 11:05:38 მსოფლიო

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები.

დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხარკოვის ოლქში გრაფიკი ამოქმედდა.

უკრაინის კერძო ენერგოკომპანიის ДТЕК ინფორმაციით, დაზიანებულია მის მიერ მართული სამი თბოელექტროსადგური. დაშავდა ერთი ენერგეტიკოსი.

უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური შეტევა 22 მარტსაც განხორციელდა.

29 მარტს რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვადასხვა რაიონში დაშავდა, სულ მცირე, 6 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული ან დაზიანებულია 10-მდე სახლი და სხვა შენობები.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში გაანადგურეს 12 რუსული რაკეტა და ამდენივე დრონი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები