29-03-2024 09:22:30 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოსახლეობა ღამის სამის ნახევრისთვის გააფრთხილა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
დილის შვიდი საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები მოხდა დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის და ლვოვის ოლქებში. შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.
უკრაინაზე რუსეთის ინტენსიური სარაკეტო შეტევის გამო ზომების მიღება დასჭირდა მეზობელ, ნატო-ს წევრ პოლონეთს. შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაიგზავნა პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია.