კიევში პარიზის მერს თავშესაფარში გადასვლა მოუწია რუსული მიგ–ის გამო

28-03-2024 18:49:02 მსოფლიო

პარიზის მერს ანა იდალგოს კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან მოლაპარაკებების დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია საჰაერო განგაშის გამოცხადების გამო. ეს პარიზის მერის მეოთხე ვიზიტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. თავად ინციდენტის შესახებ კლიჩკომ განაცხადა.

საჰაერო განგაში, რომელიც უკრაინაში დღის პირველ ნახევარში გამოცხადდა, დაკავშირებულია რუსეთში MiG-31K–ს აფრენასთან, რომელსაც "კინჯალის" რაკეტების გაშვება შეუძლია.

კლიჩკომ თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს პარიზის მერმა დაადასტურა თავისი უცვლელი პოზიცია ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ, რომელსაც ზაფხულში საფრანგეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

იდალგომ ასევე მიიწვია კლიჩკო ევროპის ქალაქების მერების სამიტზე, რომელიც მაისში პარიზში გაიმართება.

პირველად პარიზის მერი კიევში 2022 წლის აპრილში ჩავიდა. შემდეგ კიევმა და პარიზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები