პაპუაშვილი: ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა

28-03-2024 16:55:08

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს ესხმის თავს. ამჯერად მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროება დგას.

პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსამართლეებზე „თავდასხმაში” დაადანაშაულა.

„გუშინ მოქმედი ელჩის განცხადება „ვეტინგთან“ დაკავშირებით გამიკვირდა. მოველოდი, რომ ის მწუხარებას მაინც გამოთქვამდა, რომ ევროკავშირის საელჩო იყო ინსტრუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაზე ყალბი თავდასხმისა. ფაქტობრივად, 2 წელია, ასეთი განცხადებების გამო ქართული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლეები თავდასხმის ობიექტი არიან. გუშინ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის მოქმედი ელჩისგან მწუხარება მოგვესმინა, რომ თავის დროზე ყოფილი ელჩის განცხადებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უსამართლო იყო, არ ეყრდნობოდა ფაქტებს და იყო მადისკრედიტირებელი ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ვისმენთ, რომ თურმე საჭიროა ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების [შემოწმება]. თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის ჩვენი „ენჯეო“ სექტორი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საელჩოები და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება არაა საჭირო:

„მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს არავის მხარეს, რომ არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევები, რომელიც ასეთ რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ "ვეტინგი“ საჭირო არ არის.

"ვეტინგი" უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ აქ პოლონელი, ჰოლანდიელი და ლიტველი ექსპერტების ჩართვას არავინ არ აპირებს. ეს არის მიუღებელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა თქვა, რომ „ევროკავშირმა იმედები გაგვიცრუა“. კერძოდ, გაიმეორა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, “ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ თუ მივუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეიმუშავა გასულ წელს, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას და ეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

ელჩის თქმით, საბოლოო მიზანი არის დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის მიღება, რომელმაც საქართველოში დემოკრატია უნდა გააძლიეროს.

„თუ მივუბრუნდებით გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის შეიმუშავა გასულ წელს, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა გასული წლის ოქტომბერში, დავინახავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხარისხის შემოწმების საჭიროებას და ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორი უნდა იყოს პროცედურა, ამის განხილვა საჭიროა ჩვენს ქართველ კოლეგებთან“, - თქვა ელჩმა.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს, დაახლოებით 60 მოსამართლეს უნდა შეეხოს.

პროცესს კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლება, ასევე სასამართლოების ლიდერები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები