ადვოკატი განმარტავს, რატომ ჭიანურდება ლაზარე გირგორიადისის პროცესი

28-03-2024 14:26:11 საზოგადოება

მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე განმარტავს საკუთარ ხედვას საქმის გაჭიანურების კუთხით მართლმსაჯულების სისტემის მოტივაციას. გირგორიადისის პროცესი დღეს მორიგ ჯერზე გადაიდო და დაცვის მხარეს და ოჯახს სჯერა, რომ ეს პროცესის გაჭიანურებას ემსახურება – საქმეზე ბოლო სხდომა 15 იანვარს ჩატარდა. მომდევნო სხდომა 8 აპრილსაა ჩანიშნული.

როგორც ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ბრალდებულის წინააღმდეგ ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ საქმესთან, მაღალია გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი და გარდა აპელაციისა, რჩება პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის გზა.

“როგორც ბრალდების მხარე, სასამართლოც ფიქრობს, რომ ერთადერთი ბერკეტი პრეზიდენტისადმი მიმართვა გვრჩება შეწყალების თხოვნით. პრეზიდენტს ამა წლის ოქტომბრის ჩათვლით აქვს საპრეზიდენტო ვადა. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ვადა გაუშვას, როცა შესაძლებელია შეიწყალოს. ჩვენ ხომ არ ვამბობთ რომ აუცილებლად შეიწყალებს, შესაძლებელია, რომ შეიწყალოს”, – განაცხადა ადვოკატმა.

დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სწრაფად დასრულდეს განხილვა, საკუთარი მოწმეები მოხსნა დასაკითხთა სიიდან, ამასთან ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გაუხადა ბრალდებას, თუმცა უკვე თვეებია მოსამართლე არ ატარებს დასკვნით სხდომას, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები