კობიაშვილი: UEFA-სთან კომუნიკაცია დავიწყეთ, ახლო მომავალში გვეცოდინება, რა ფორმით გაიცემა ბილეთები

28-03-2024 13:51:00

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას UEFA-სთან დაწყებული აქვთ კომუნიკაცია და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების ირგვლივ გულშამატკივარი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

"ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ეს შესაძლებელი. ამას UEFA უწევს ორგანიზებას და სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება",– თქვა კობიაშვილმა.

მან პრაქტიკა განმარტა:

თვითონ თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს, თუ როგორც მოხდება. დღეს გამიჭირდება ამაზე რაიმე კონკრეტული ვთქვა... ყველა თამაშზე როგორც ერთი გუნდის, ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრებს თანაბრად უნაწილდებათ ბილეთები. რაღაც ნაწილი, სავარაუდოდ, საჯარო სივრცეში გაიყიდება, ნაწილს თვითონ UEFA იტოვებს თავისი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის და ამ ყველაფერზე ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას, გულშემატკივრებს ექნებათ სრული ინფორმაცია", - თქვა კობიაშვილმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები