Spiegel: რუსეთი ევროპელ პოლიტიკოსებს მედვედჩუკის Voice of Europe–ს მეშვეობით აფინანსებდა

28-03-2024 11:31:00 ევროპა

ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთში მცხოვრებ პრორუს უკრაინელ პოლიტიკოსს ვიქტორ მედვედჩუკს, მის თანამოაზრე არტემ მარჩევსკის და ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანია Voice of Europe–ს. მთავრობის გადაწყვეტილება ოთხშაბათს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ გამოაცხადა.

მისი თქმით, სანქციების სიაში შეყვანილი პირები კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავლენის ოპერაციების განხორციელებას, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ქვეყნისა და ევროკავშირის უსაფრთხოებას. ამ ოპერაციის შესახებ დოკუმენტები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მთავრობას წარუდგინა ჩეხეთის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა (კონტრდაზვერვა).

როგორც გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ჩეხეთის მთავრობამ გამოავლინა მსხვილი ოპერაცია, რომელიც რუსეთის გავლენას ავრცელებდა ევროპის ექვს ქვეყანაში.

იტყობინებიან, რომ მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათ შორის "ალტერნატივა გერმანიისთვის", დაფინანსდა რუსული დაზვერვის სამსახურების დახმარებით შექმნილი ქსელის მეშვეობით.

გამოცემის ცნობით, Voice of Europe–მ, რომელიც ფლობს ამავე სახელწოდების საინფორმაციო ვებგვერდს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც შუალედურმა რგოლმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დაფინანსებაში, რომლებიც მოსკოვის მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ.

Spiegel-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და უნგრეთიდან თანხა მიიღეს პირადად პრაღაში შეხვედრის დროს ან კრიპტოვალუტის გადარიცხვით. საუბარია რამდენიმე ასეულ ათას ევროზე.

გამოცემამ შეიტყო, რომ რუსეთის გავლენის ოპერაციის გამოვლენაში რამდენიმე ევროპული სადაზვერვო სამსახური მონაწილეობდა. მათი შეფასებით, პორტალ Voice of Europe–ს უკან ვიქტორ მედვედჩუკი დგას, ხოლო მმართველი დირექტორი არტემ მარჩევსკი იყო. ოპერაციის მიზანი იყო „კრემლისთვის საჭირო კანდიდატების მხარდაჭერა ევროპარლამენტის არჩევნებისა და პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“.

პორტალი Voice of Europe აქვეყნებდა ევროპის ქვეყნებში მემარჯვენე პოპულისტ პოლიტიკოსებთან ჩაწერილ უამრავ ინტერვიუს, მათ შორის გერმანიის პარტია „ალტერნატივა გერმანიის" წევრების. მათ შორის არიან მაქსიმილიან კრახი და ბუნდესტაგის დეპუტატი პეტრ ბისტრონი, რომელიც მეორე ადგილზეა ევროპარლამენტის არჩევნების კანდიდატთა სიაში. კრახი და ბისტრონი დიდი ხანია, გამოირჩევიან ავტორიტარული რეჟიმების მიმართ სიმპათიით, მათ შორის ბელარუსული და რუსული. 2021 წელს ორივე პოლიტიკოსი შეხვდა მედვედჩუკს კიევში, როდესაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

ჟურნალისტებთან კრაჩმა უარყო რუსეთისგან დაფინანსების მიღება. ბისტრონმა კი არ უპასუხა კითხვებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები