რატომ შეარჩია მოსკოვი სამიზნედ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ

25-03-2024 19:13:29 ანალიზი

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა, რომლებიც კონცენტრირდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე და კრემლის კრიტიკოსებზე, დაივიწყეს ისლამისტი ფუნდამენტალისტები, რომელთათვისაც რუსეთი კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ მტერად – ტერორისტებს არ აინტერესებთ ამ ქვეყნების გეოპოლიტიკური დაპირისპირება, – ამბობენ ექსპერტები. გარდა ამისა, მათი ხედვით, ისლამისტების მიერ ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების მცდელობები დასავლეთის რიგ ქვეყნებში ადგილობრივი სადაზვერვო სამსახურების მუშაობის შედეგად ჩაიშალა, ხოლო რუსეთში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

„ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფრთამ – ხორასანმა (ISIS-K) აიღო პასუხისმგებლობა Crocus City Hall-ში მოწყობილ სასაკლაოზე, რასაც 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. „ხორასანი“ ისტორიული რეგიონია, რომელიც მოიცავს პაკისტანის, ირანის, ავღანეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებს. „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ კი 2015 წელს ავღანეთში შეიქმნა და მალევე ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში მათ ასეულობით ადამიანის მკვლელობაზე აიღეს პასუხისმგებლობა. მაგალითად, იანვარში ირანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ამერიკულმა დაზვერვამ 2023 წლის ნოემბრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტებს რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობა სურდათ, ხოლო მარტში გაირკვა, რომ სწორედ ISIS-K გეგმავდა შეტევას მოსკოვში. ამის შესახებ შეერთებულმა შტატებმა შეატყობინა რუსეთის ხელისუფლებას და გააფრთხილა თავისი მოქალაქეები.ტერაქტამდე სამი დღით ადრე ვლადიმირ პუტინმა ამ გაფრთხილებებს უწოდა „პირდაპირი შანტაჟი“ და „პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას“.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისლამისთმა ტერორისტებმა არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმები რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები სულ სხვა საკითხებით იყვნენ დაკავებულნი. ФСБ-ს აშკარად არასწორი პრიორიტეტები ჰქონდა, – ამბობს Mayak Intelligence–ს ხელმძღვანელი, ექსპერტი რუსეთთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებში, მკვლევარი მარკ გალეოტი:

„ФСБ-ს ძირითადი რესურსები გამოიყო უკრაინისა და შიდა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს პრიორიტეტები მათთვის ზემოდან იყო განსაზღვრული“.

გარდა იმისა, რომ კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგზავნა დაზვერვის ათასობით ოფიცერი უკრაინის მხარდამჭერებზე სანადიროდ.

რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, გალეოტი ამბობს, რომ ცენტრალური აზია, სადაც ისლამისტები აქტიურად აგროვებენ მხარდამჭერებს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის საკმაოდ „ბრმა წერტილია“.

ISIS-ის თავდასხმა მოსკოვზე მოჰყვა „დასავლეთში ჩაშლილი ოპერაციების რაოდენობის ზრდას და მზადყოფნას, კიდევ ერთხელ კონცენტრირდნენ გარე ოპერაციებზე“, ამბობს ლუკას ვებერი, Militant Wire-ის თანადამფუძნებელი, რომელიც სწავლობს შეიარაღებულ კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში.

ბოლო თვეების განმავლობაში, ევროპულმა სადაზვერვო სააგენტოებმა აღკვეთეს ISIS-ის მიერ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმები, რომელთაგან ზოგიერთში მონაწილეობდნენ ცენტრალური აზიელი მიგრანტები, – განუცხადეს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა The Wall Street Journal-ს.

აღკვეთილი ტერაქტების შესახებ წერს Financial Times–იც. იგივე თქვა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სადაც მოსკოვის ტერაქტის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონე გაიზარდა. მაკრონმა დეტალების დაზუსტების გარეშე თქვა, რომ იგივე ჯგუფის მიერ საფრანგეთში იგეგმებოდა თავდასხმები.

„ამ სიტუაციაში ტერორისტებმა შეძლეს, ადვილად განეხორციელებინათ თავდასხმა რუსეთში, სადაც სადაზვერვო სამსახურები და სამხედროები არიან მობილიზებული უკრაინასთან ომისთვის. მოსკოვი მარტივი და მოსახერხებელი სამიზნე იყო“, – თქვა ვერა მირონოვამ, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რომელიც სწავლობს ტერორისტულ მოძრაობებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

სპეციალისტების ნაწილის აზრით, სამიზნედ რუსეთის შერჩევაში შესაძლოა, ფაქტორი ყოფილიყო მოსკოვის კიდგომები – მას ფლირტი აქვს დაჯგუფება „ჰამასთან“ (კრემლმა არ დაგმო მისი თავდასხმა ისრაელზე 2023 წლის ოქტომბერში და მალევე მიიღო დელეგაცია მოსკოვში), მეგობრობს „თალიბანთან“, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო ებრძვის, ურთიერთობებს ავიტარებს ირანთან, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ასევე მტრად ჰყავს გამოცხადებული. ასევე იხსენებენ რუსეთის აქტივობებს სირიაში 2015 წლიდან და აფრიკაში „ვაგნერის“ მეშვეობით და მიუთითებენ, რომ ISIS-K–მ პროპაგანდაც კი წამოიწყო რუსულ ენაზე და დიდ ყურადღებას ამახვილებს მხარდამჭერების წახალისებაზე რუსეთში ტერაქტებისკენ – 2022 წლის სექტემბერში ჯგუფის მიერ გაგზავნილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო თავდასხმა ქაბულში, რუსეთის საელჩოზე.

„ვიფრობ, ეს ფაქტორებიც არსებობს და პლუს, რუსეთი მოწყვლადი ქვეყანაა – სათანასოდ არ არიან სპეცსამსახურები მომზადებულნი, არ იქნა გათვალისწინებული გაფრთხილებები – დღეს მას არ ჰყავს სათანადოდ მომზადებული ანტიტერორისტული ძალები. გარდა ამისა, რუსეთის სპეციფიკიდან გამომდინარე ვშიშობ, რომ ბევრი რამ ამ ტერაქტთან დაკავშირებოთ ჩვენთვის უცნობი დარჩება. აქამდე თავდასხმები რუსეთში ძირითადად ნაციონალისტური ხასიათის იყო, ეს კი ისლამის აასწორ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობილი პირველი ტერაქტია, მაგრამ კონკრეტულად რისთვის იყო ეს შურისძიება, ბუნდოვანია. დიდწილად, ეს იყო ტერაქტი ტერაქტისთვის “,– ამბობს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე.

ამავდროულად, ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ კრემლი შეეცდება, თავისი წარუმატებლობა ანტიუკრაინული განწყობის გასაღვივებლად გამოიყენოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები