აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება გრძელდება

08-03-2024 15:38:33 კავკასია

"პლატფორმ III რესპუბლიკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან იზეთლი და დამოუკიდებელი გამოცემა ToplumTV-ის დამფუძნებელი ალესკერ მამადლი ბაქოში დააკავეს.

"ბევრი დაკავებულია, გვჭირდება ადვოკატები", - წერს ToplumTV-ის მთავარი რედაქტორი ხადიჯა ისმაილი სოციალურ ქსელში.

მანამდე აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ადამიანთა წინასწარი შეთქმულების გზით კონტრაბანდის“ ბრალდებით ტელეკომპანია Toplum TV-ს სამი თანამშრომლის - კორესპონდენტის ფარიდ ისმაილოვის, ვიდეორედაქტორის მუშვიგ ჯაბარის, სოციალური მედიის მენეჯერ ელმირ აბასოვის წინააღმდეგ.

ჯაბარი და აბასოვი რედაქციაში ჩხრეკის შემდეგ დააკავეს, ისმაილოვი კი საკუთარ სახლში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ასევე ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 3100 ევრო ამოიღეს.

„ახლა ჩვენი ოფისის კარები დალუქულია საგამოძიებო ორგანოს მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ Toplum TV-ის საქმიანობას. ამჟამად ვმუშაობთ გარდამავალ გეგმაზე და ვაპირებთ, უზრუნველვყოთ სამუშაოების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ ზომებს აღჭურვილობის დასაბრუნებლად და ოფისის გასახსნელად“, - თქვა ხადიჯა ისმაილმა Turan-თან კომენტარში.

მან ასევე განაცხადა, რომ Toplum TV-ს აღჭურვილობისამოღების შემდეგ, გამოცემის Youtube არხის სახელი შეიცვალა და ვიდეოარქივი, რომელიც 3600-ზე მეტ ვიდეოს შეიცავდა, წაიშალა.

6 მარტს უსაფრთხოების ძალებმა ჩაატარეს ჩხრეკა და შემდეგ ტელეკომპანია Toplum TV-ის რედაქცია დალუქეს. ჩხრეკის შემდეგ გამოცემის 14 თანამშრომელი დააკავეს და ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. შუაღამის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა 11 ჟურნალისტი გაათავისუფლეს.

დამოუკიდებელი გამოცემა Toplum TV ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციული საკითხების გაშუქებით. ის აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს საეთერო დროს უთმობს.

2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში დააკავეს აზერბაიჯანული დამოუკიდებელი გამოცემის Abzas Media-ს ექვსი თანამშრომელი: გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი, მისი მოადგილე მაგომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სავაჟ ვაგიფგიზი, კორესპონდენტები ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა. ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი, რომელიც გამოცემასთან თანამშრომლობს. ყველა მათ ბრალი ედებოდა კონტრაბანდაში, „ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების გზით“.

ამ პერიოდში დააკავეს დამოუკიდებელი ინტერნეტ ტელევიზიის Kanal 13-ის სამი თანამშრომელი: აზიზ ორუჯოვი, რუფატ მურადლი და თეიმურ ქერიმოვი, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტი შამო ემინოვი, რომელიც ამ მედიასთან თანამშრომლობდა. მათ ბრალი კონტრაბანდასა და გამოძალვაში წაუყენეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები