მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები

08-02-2024 16:35:01 ინტერვიუ

ხელისუფლებასთან აფილირებული ექსპერტების შემდეგ, მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი „ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია ალაპარაკდა ჩინეთთან პოლიტიკურ კავშირებზე და ამის რუსეთის მადის დასაცხრომად გამოყენებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში. კერძოდ, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ, დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქმნას კიდევ სხვა ფორმატი, რომელშიც წამყვანი ქვეყანა ჩინეთი იქნება.

ინფორმაციისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

„თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს: რუსეთს თავისი ინტერესები განაღდებული აქვს – ის წარმოდგენილია საქართველოში, თბილისიდან 40 კილომეტრშია. მაგას არაფერი განსახილველი არ აქვს. აშშ-ს არსებული სტატუს კვო აწყობს. ის არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ ოკუპაციის საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ჩვენ ამას გადავწყვეტთ, ისინი სხვა მხარეს აღმოჩნდებიან.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ცალსახად მომხრეა ტერიტორიულ მთლიანობის, ერთიანობის, ხომ არ ჯობია, ჟენევის ფორმატის პარალელურად იყოს მეორე ფორმატიც, რომელშიც ჩინეთიც იქნება ჩართული.

შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, რომელშიც წამყვანი იქნება ჩინეთი და ვნახოთ, რომელი აჯობებს. თორემ 15 წელი გავიდა და არაფერი. ყველაფერს აკეთებენ თქვენი მოადგილეები, ცდილობენ, მუშაობენ რაც შეუძლიათ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ არაფერი არ შეუძლიათ“,– თქვა ინჯიამ.

მანამდე ხელისუფლებასთან აფილირებული პერსონები საქართველოზე გამავალ დერეფანზე ამახვილებენ ყურადღებას, ამ კუთხით ჩინეთის ინტერესზე, მეორეს მხრივ – ჩინეთისა და რუსეთის ახლო კავშირებზე და პეკინის „გამოყენებაზე“ მოსკოვთან ურთიერთობებში.

მნიშვნელოვანი: გასულ წელს ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მის პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმად, „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას. თუმცა სანაცვლოდ საქართველო ვერ იღებს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.

თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ილია დარჩიაშვილი არაპირდაპირი პასუხით შემოიფარგლა. კერძოდ, თქვა, რომ "ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი" და რომ "ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება“. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამასთან, ისაუბრა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე:

„ეს არის ერთადერთი პლატფორმა, რომელშიც წარმოდგენილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, სხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად – ისინიც იღებენ აქ მონაწილეობას და ამიტომ, ეს პლატფორმა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, რომ შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ, ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში“.

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე, რომელსაც ჩინეთის პოლიტიკაზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თემის კომენტირებისას „აქცენტთან“ ამბობს, რომ ჩინეთს სჭირდება ამ პროცესებში ჩართვა, სურს რა, მოირგოს ერთგვარი მშვიდობისმყოფელის როლი და დიდ პოლიტიკაში პოზიტიური სახით ჩაერთოს, მაგრამ გამორიცხავს, მან რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას.

„ჩინეთი, როდესაც საქმე მას არ ეხება, მუდმივად მომხრეა პოლიტიკის, „არც მწვადი დაწვა, არც შამფური“. ამდენად, მისგან აქტიურ ნაბიჯები იმ კუთხით, რომ რუსეთი აიძულოს, დათმოს ტერიტორიები, აბსოლუტურად გამორიცხულია. შესაბამისად, ეს ჩვენ არაფერს მოგცემს, ხოლო ჩინეთს მისცემს იმას, რომ მოირგებს „მედიატორის“ როლს, მოისხამს კეთილისმყოფლის შარავანდედს – ესაა და ეს. ილუზიაა, რომ ჩინეთი ჩვენსა და რუსეთს შორის არჩევანს ჩვენზე გააკეთებს:

  • რუსეთი მისი მუდმივი პარტნიორია არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ იდეოლოგიური;
  • ამასთან, ჩვენი დერეფანი არ გახლავთ ძირითადი გზა – ეს არის „ბექაფი“ პაკისტანის და რუსეთის გზებზე;
  • გავიხსენოთ ისიც, რომ ჩინეთს გაეროში არც ერთხელ არ მიუცია დევნილების დაბრუნების თაობაზე რეზოლუციისთვის ხმა საქართველოს სასარგებლოდ.
  • მეორეს მხრივ, ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი მშვიდად დათმობს ამ ტერიტორიებს, ეფემერულად მიმაჩნია: რუსეთს სჭირდება სამხრეთ კავკასიაში სეროზული დასაყრდენი. ასეთი დასაყრდენი საქართველო უნდა იყოს და ვიდრე საქართველო მოწყვლად მდგომარეობაშია, ვინაიდან ოკუპირებულია, რუსეთისთვის ძალიან მომხიბვლელი მოთამაშეა.

ამდენად, ჩინეთის პოზიტიურ როლს ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, ეს გამორიცხულია!“,– ამაჯებს გამყრელიძე.

ის ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, აქვს მიზნებიც, ხოლო საქართველოს ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური კავშირებია:

„ჩვენთან დადებულ ხელშეკრულებაშიც საკუთარი ყრილობიდან ჩადეს ამონარიდები. მსოფლიოს ახვევენ თავს, რომ მათი „აჯენდა“ ყველაზე კარგია, მშვიდობას მოიტანს და ა.შ. უნდა დამშვიდდეს მსოფლიო, რომ შემდეგ ჩინეთმა დაიწყოს ჩუმი ექსპანსია ეკონომიკური და დემოგრაფიული – ესაა მათი საბოლოო მიზანიც, რაც საქართველოს აბსოლუტურად არაფერში სჭირდება. საქართველომ ჩინეთთან მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა დაამყაროს. არ შეიძლება, შევყვეთ ფინანსურ თამაშებში, რაც კრედიტებთან არის დაკავშირებული, პოლიტიკა კი სრულიად განსხვავებულია. ხოლო ის, რომ შევაჯიბროთ [ჩინეთი] ამერიკას, ამაზე უგუნური არაფერი მსმენია – ეს მიუღებელია საერთაშორისო პოლიტიკაში. ვფიქრობ, ორ სუპერსახელმწიფოს შორის „ტრიგერის“ როლის თამაში იდიოტიზმია“.

გამყრელიძეს გაჟღერებული იდეები უფრო გარკვეული ექცენტრიული პოლიტიკის ნაწილი ჰგონია, ვიდრე კონკრეტული დეპუტატის იდეა: „კი, ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ზედმეტი არ მოგვივიდეს მასზე ლაპარაკი, აზიაც ჩავრთოთო“.

„რომ ვხედავდე, რომ ჩინეთის გარდა ჩვენ ურთიერთობებს ვამყარებთ ინდოეთთან და საუდის არაბეთთან, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოსავალი და შესაძლებლობაა პოლივექტორული პოლიტიკის გატარების“,– აჯამებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები