ევროპარლამენტი: უნგრეთი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ფასეულობებს და ინსტიტუტებს

19-01-2024 11:34:25 ევროპა ,მსოფლიო

ევროპარლამენტი გმობს უნგრეთის ხელისუფლების მიზანმიმართულ, სისტემატურ და უწყვეტ ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ევროპის კავშირის დამფუძნებელ ფასეულობებს.

ევროპარლამენტის მიერ 18 იანვარს მიღებული რეზოლუცია გამოთქვამს შეშფოთებას უნგრეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების აღმოფხვრის გამო, განსაკუთრებით კი ახლახანს მიღებული ე.წ. „დაცვის პაკეტთან“ დაკავშირებით, რომელიც რუსეთის „უცხოური აგენტების კანონს“ შეადარეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 345–მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 104, თავი შეიკავა 29–მა.

დოკუმენტში დეპუტატები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ 2018 წელს ევროპულმა საბჭომ მე-7 მუხლის საფუძველზე უნგრეთისთვის საბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის პროცედურას მხარი არ დაუჭირა. პარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, დაადგინოს, ახორციელებს თუ არა უნგრეთი „ევროპის კავშირის ღირებულებების სერიოზული და მუდმივი დარღვევას“.

რეზოლუციაში ევროპარლამენტრები სინანულს გამოხატავენ ევროკომისიის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც, უნგრეთს გაყინულ ფინანსურ დახმარებაზე აღუდგა წვდომა.

მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტმა კორუფციის აღმოფხვრასთან, ასევე კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რეფორმები არ განახორციელა, 2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ უნგრეთისთვის 13.3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის 23 ნოემბერს ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დამხარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღნიშნული თანხის მიღება REPowerEU-ის პროგრამითაა გათვალისწინებული, რომელიც ევროპის კავშირის 27 წევრ სახელმწიფოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება.

18 იანვარს მიღებული რეზოლუცია გმობს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებებს, რომელმაც გასული წლის დეკემბერში ევროპული გაერთიანების გრძელვადიანი ბიუჯეტი, მათ შორის უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, დაბლოკა - „ევროპის კავშირის სტრატეგიული ინტერესების სრული უპატივცემულობითა და წრფელი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევით“. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები გმობენ უნგრეთში აკადემიური წრეების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სახსრების გამოყოფისას არსებულ სისტემურ დისკრიმინაციულ პრაქტიკას.

ევროპარლამენტი დაინტერესებულია, უნგრეთი 2024 წლის მეორე ნახევარში საბჭოს 6 თვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში რამდენად შეძლებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. დეპუტატები ევროპულ საბჭოს, რისკების შემცირების მიზნით, გადაწყვეტილების მიღების პროცედურის რეფორმირებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები