აზერბაიჯანში ორ თვეში რვა ჟურნალისტი დააკავეს

28-12-2023 12:25:09 კავკასია

აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით დააკავა ჟურნალისტი შამო ემინოვი, რომელიც თანამშრომლობდა დამოუკიდებელ მედიასაშუალება Kanal 13-თან. ის მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში აზერბაიჯანში სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული მედიის მე-8 თანამშრომელი გახდა.

მისი მეუღლე ყვება, რომ ჟურნალისტი სახლიდან 22 დეკემბერს გავიდა ინტერვიუზე და შინ აღარ დაბრუნებულა. იმავე დღეს, საღამოს ქალს პოლიციიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ემინოვი განყოფილებაში იმყოფებოდა და ქმრის დიპლომიც სთხოვეს.

„დიპლომის ასაღებად სახლში რომ დავბრუნდი, ვნახე, რომ ბინაში ყველაფერი მიმოფანტული იყო, ქმრის ლეპტოპი – დაკარგული. თურმე ჩატარდა ჩხრეკა“, - ამბობს დურდანა ემინოვა.

ჟურნალისტმა დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ის კონტრაბანდის საქმეზე იყო აყვანილი.

ემინოვი Kanal 13-ის მეოთხე თანამშრომელია, რომელსაც აზერბაიჯანის უშიშროების ძალები დევდნენ. არხის ერთ-ერთი მენეჯერი აზიზ ორუჯოვი 28 ნოემბერს უკანონო მშენებლობის ბრალდებით დააკავეს. 19 დეკემბერს მას ბრალი კონტრაბანდაში დასდეს. 2 დეკემბერს უსაფრთხოების ძალებმა Kanal 13-ის წამყვანი რუფათ მურადლი დააკავეს. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. Kanal 13-ის კიდევ ერთი ხელმძღვანელი – თეიმურ ქერიმოვი 12 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი „მუქარით გამოძალვაში“ ედება და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

2023 წლის 20-21 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს Abzas Media-ს, დამოუკიდებელი პროექტის ანტიკორუფციული გამოძიების ყველა ლიდერი: გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი, მისი მოადგილე მაგომედ კეკალოვი და უფროსი რედაქტორი სევიჯ ვაგიფგიზი.

Abzas Media-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციის ინფორმაციით, მათ 40 ათასი ევრო აღმოაჩინეს და სამივეს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კონტრაბანდის ბრალდებით. 1 დეკემბერს დააკავეს Abzas Media-ს კორესპონდენტი ნარგიზ აბსალამოვა, ხოლო 13 დეკემბერს გამომძიებელი ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი, რომელიც თანამშრომლობდა გამოცემასთან. ისინიც კონტრაბანდაში დაადანასაულეს. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ბევრი ორგანიზაცია გამოვიდა მათ დასაცავად. ეს ქმედება ფასდება, როგორც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა.

„ახლა ჩვენ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის რეპრესიების აშკარა ახალ ესკალაციას“, - განაცხადა Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის მკვლევარმა ნატალია ნოზაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები