მანქის ნასვამ მდგომარებოში მართვის შედეგები: როგორ სჯის კანონი

2018-09-14 20:50:47
182

მთვრალ მდგომარეობაში მართვის შედგეები: როგორ სჯის კანონი

ტყიბულის საავდამყოფოდან ავარიის შედეგად დაშავებულებიდან 13 უკვე გაწერეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ერთი პაციენტი ისევ ტყიბულის საავადმყოფოში რჩება. მძიმეა ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მგზავრი კი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. 

ავარია ტყიბულში დღეს მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც სოფელ ცუცხვათის მიმართულებით მოძრაობდა, ქალაქის გასასვლელში ამობრუნდა. 

როგორც შსს–ში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციითმიკროავტობუსის მძღოლი  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებოდა.

ანალოგიური ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა თბილისში. გლდანში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დედა შვილს – 27 წლის ქალსა და მის 3 წლის შვილს შეეჯახა. დედა–შვილი ქვეითად გადაადგილდებოდა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. 

სამართალდამცველებმა დააკავეს 26 წლის მამაკაცი. შსს–ს ცნობით, ის ნასვამი იყო.   

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ,"- ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მსგავსი ფაქტი  ორიოდ თვის წინ მოხდა დიღომში – დაიღუპა 3 ადამიანი:  

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 2018 წლის 6 ივლისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია“.

ეს არის მოკლე სტატისტიკა უმძიმესი შემთხვევების, თუმცა რეალური სტატისტიკა, რომელიც ალბათ, ყოველდღიურად ფიქსირდება შსს–ს საპატრულო პოლიციაში, გაცილებით შემზარავია.

„აქცენტი“ შეახსენებს მკითხველს რას ამბობს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თუ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს გაუმართლა და უკეთეს შემთხვევაში, მოძრაობის წესები არ  დაარღვია, თუმცა სამართალდამცველებმა მისი თრობა გამოავლინეს, დანაშაული ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება:

„მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის

 

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამი, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული, ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, რომელსაც არა აქვს სატრანსპოტო საშუალების მართვის უფლება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ათიდან ას ოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ამგვარი დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ორიდან სამ წლამდე.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ მძღოლის მოწმობა მფლობელს დაუბრუნდება სრული გამოჯანმრთელებისას, დადგენილი წესით.

 

რაც შეეხება საჭის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისას მომხდარ ავარიებს, რომელმსაც სხვადასხვა სიმძიმის შედეგები გამოიწვია, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას იძენს და სხვადასხვა ვადით ისჯება:

 

მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 

 

1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.