"ქართულ მარშს" კონკურენტი გამოუჩნდა (ვიდეო)

13 September, 2018   1 კვირის 5 დღის წინ
1071

 

"ქართული მარშის" შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში ახალი ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც საკუთარ თავს "საქართველოს დარაჯს" უწოდებენ. ამის შესახებ სოციალური ქსელის არაერთი მომხმარებელი წერს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ტურისტულად აქტიურ უბნებში გადაადგილდებიან და უცხოეთის მოქალაქეებს დოკუმენტაციის ჩვენებას სთხოვენ. სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ და შს სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.   


"მოკლედ, რაღაც ახალი სასტავია, "საქართველოს დარაჯი" ქვია. კომუფლირებული (ჯარისკაცის) შარვლიანი, შავმაიკიანი 2 ტიპია, დადიან აღამშენებელზე, ლესელიძეზე და სხვა ტურისტულ ადგილებში და აწუხებენ უცხოელბს! პასპორტს სთხოვენ, ეკითებიან საიდანაა და რისთვისააა ჩამოსული, ძირითადად ირანელებს არაბებს და აშ. ამბობენ რომ არალეგალებს ეძებენ და ებრძვიან... ერთ-ერთს შარვლის ქამარზე აქვს იარაღის კაბურა ხალხის შესაშინებლად! ოფიციალურად რომ შეედავო, ვითომ კანონს არ არღვევენ, უბრალოდ ელაპარაკებიან, სინამდვილეში რაც ხდება, ალაბთ ყველა ვხვდებით - პრობლემებს უქმნიან ქუჩაში ტურისტებს, აწუხებენ და უამრავ უხერხულობას და უსიამვნებას ქმნიან. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყლას და ვინ შეიძლება, ამის უკან იდგეს, მოგეხსენებათ და ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საჭიროდ ვთვლი ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ და ალბათ იცით კიდეც ამის შესახებ. და იქნებ რამე მოიფიქროთ და მოიმოქმედოთშეგახსენეთ რომ ქუჩაში პატრულირება, საბუთების შემოწმება და მსგავსი საქმეები თვენი მოვალეობაა... გვითხარით, გაგვაგებინეთ თუ თქვენს ფუნქციას ვერ ასრულებთ, კერძო პოლიციის დაქირავებაზე ვიფიქრებთ, ქვეყანაში უსაფრთხოების საკონტროლებლად",– წერს თორნიკე კარჩხა

სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი ნინა ქიქავა ​ერთ–ერთი ინციდენტის დეტალებს აღწერს: 

“ეს ორი გაურკვეველი პირი საბუთებს სთხოვდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი იყო მათი არალეგალობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გარეთ იდგნენ და ლუდს სვამდნენ. ასევე გაირკვა რომ ეს ორი გაურკვეველი ტიპი ყოველდღე ამ ტერიტორიაზე არის და აკვირდება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგრენელს. მეორე მამაკაცი, რომელმაც უარი განაცხადა კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ფოტოაპარატით იღებდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს“.


როგორც ქიქავა ირწმუნება, საპატრულო პოლიციამ მომხდარზე სათანადოდ არ იმოქმედა:

”პატრულმა განაცხადა, რომ თუ ზემოთ ხსენებულმა ორმა მამაკაცმა ინდოელ მამაკაცებს სთხოვეს საბუთები და არა მოსთხოვეს, მაშინ ეს ყველაფერი დასაშვები იყო”, – წერს ის.

მოგეხსენებათ, საქართველოს შს სამინისტრომ ტურისტული სეზონის გააქტიურების შემდეგ დედაქალაქის ტურისტულ უბნებში ქვეითი პატრულის რაოდენობა გაზარდა. რატომ დარჩა მსგავსი უსიამოვნო ინციდენტები ძალოვანი უწყების ყურადღების მიღმა, ამ საკითხზე "აქცენტი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. 

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს. ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება“,– ირწმუნებიან გიორგი გახარიას უწყებაში.

გავრცელებული ცნობების შემდეგ "საქართველოს დარაჯმა" ინტერესი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ გავრცელებულია რამდენიმე ვიდეო. ირკვევა, რომ პირი, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს,  იოსებ ლეიაშვილია​. ერთ– ერთ ვიდეოში ლეიაშვილი უძრავი ქონების სააგენტოებს მიმართავს, არ მიყიდონ უძრავი ქონება უცხოელებს:

“ყველა უძრავი ქონების სააგენტოს ვთხოვ, რომ ქართული მიწა და საქართველო არ გაყიდოს უცხოელ მოქალაქეებზე. შევუნახოთ ჩვენს შვილებს სამშობლო, ჰქონდეთ პარკები, ბაღები, ტყეები, ყველაფერი ეს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. მე ამ ქვეყნის დარაჯი ვარ”, – ამბობს ის.