საშიში სათამაშოები: მომხმარებელი – საკუთარი თავის იმედად

2018-09-13 16:55:50
1422

საქართველოში სხვა მრავალ ნივთთან ერთად სათამაშოების შეძენისას მყიდველს უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებს. მართალია, მყიდველს კეთილი მიზნები ამოძრავებს: ბავშვის შექცევა, თუ ინტერიერის გალამაზება, თუმცა შედეგები შესაძლოა, არც თუ სახარბიელო აღმოჩნდეს. საქმე იმაშია, რომ მყიდველი დღემდე მხოლოდ მომწოდებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

არის თუ არა უსაფრთხო ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოები?

კითხვა "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ჩატარებული კვლევის შემდეგ დაისვა და აქტუალობას ამ დრომდე ინარჩუნებს, ვინაიდან, როგორც ირკვევა, სათამაშოების ბაზარი კვლავ უკონტროლოდ რჩება.

ორგანიზაციამ ქართულ მაღაზიებში 10 სახის სათამაშო ჯერ კიდევ 2016 წლის 31 ოქტომბერს შეიძინა და გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. კვლევამ აჩვენა, რომ 10-დან 9 სათამაშოში დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა დი-2-ეთილჰექსილფტალატის შემცველობა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია.

 

რა არის დი-2-ეთილჰექსილფტალატი

 

ეს არის ფტალატების ჯგუფში შემავალი ნივთიერება, რომელსაც აქვს დამარბილებელი ეფექტი და ელასტიკურობას სძენს საგანს. მას იყენებენ სათამაშოებში, საჭმლის შესაფუთ საშუალებებში, ფეხსაცმელებში და სხვადასხვა სახის პროდუქტში.

 

ქიმიური ინსპექციისა და რეგულირების სამსახურის ცნობით, რომელიც ჩინეთში ბაზირებული კერძო ორგანიზაციაა, კვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცის სპერმის შემცირება ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში დაკავშირებულია ფტალატებისა და სხვადასხვა სახის დამარბილებლების გამოყენებასთან. სპეციალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ სათამაშოები, რომლებიც შეიცავენ ფტალატებსა და სხვადასხვა სახის დამარბილებლებს, საფრთხეს უქმნიან ბავშვის თირკმელსა და ღვილს.

 

რას აკეთებს სახელმწიფო

 

სახელმწიფო უწყებას სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციით გასულ წელს მიმართა სახალხო დამცველმა:

 

"საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ეროვნული კანონმდებლობა აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით; კონტროლის არარსებობამ კი შესაძლოა აღნიშნულ სიკეთეებს საფრთხე შეუქმნას“.

სათამაშოერბის უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნები აქვს ევროკავშირსაც, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მოთხოვნები 2019 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა შესრულდეს.

 

რა ხდება სადღეისოდ, ახერხებს თუ არა ქვეყანა, 2019 წლისთვის ევროკავშირის ამ დირექტივის შესრულებას? კთხვით „აქცენტმა“ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. უწყებაში განმარტეს, რომ „ზედამხედველობის დანერგვის პროცესი დაწყებულია“:

 

„სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა სამრეწველო და სამომხმარებლო ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ნაწილია. ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ხელშეკრულების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე მიღებულ უნდა იქნას ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ. მიღებული რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში დაიწყება სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა.

 

ზოგადად, ზედამხედველობის სისტემის დანერგვა უკვე დაწყებულია. ის მიმდინარეობს ეტაპობრივად და მას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“.

 

უწყებაში ამბობენ, რომ „სისტემის დანერგვას სერიოზული მომზადება სჭირდება“:

 

„სისტემის დანერგვა მოიცავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას ევროდირექტივების შესაბამისად, თანამშრომლების გადამზადებას, ინსტიტუციური ცვლილებების გატარებას, ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობას, ამ სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობას და სხვა. მიმდინარეობს მუშაობა ევროდირექტივების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მომზადებაზე, მათ შორის, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შევიდა ცვლილება ბაზარზე

 

ზედამხედველობასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, მომზადდა შესაბამისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები. 2015 წლიდან სააგენტოში დაიწყო ევროკავშირის პროექტების განხორციელება და დღემდე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებას საქართველოში ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს სააგენტოს, რათა ნაკისრი ვალდებულებები დადგენილ ვადებში შესრულდეს“.

 

რთულია მომხმარებელმა საკუთარი ძალებით დაიცვას ბავშვები მავნე სათამაშოებისაგან 

 

„აქცენტი“ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს ვახტანგ კობალაძეს ესაუბრა:

 

„ცოტა ხნის წინათ ცვლილებები შევიდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, რომლებიც 2019 წლიდან ამოქმედდება და შექმნის საფუძველს სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად სხვადასხვა ახალ სფეროში, რომლებზეც ტექნიკური რეგლამენტები შემუშავდება. შემდეგი ნაბიჯი სათამაშოების გასაკონტროლებლად უნდა იყოს სწორედ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. რა სტადიაშია ამ რეგლამენტზე მუშაობა ჩვენ არ ვიცით. მანამდე ძალიან რთულია მომხმარებელმა საკუთარი ძალებით დაიცვას თავისი ბავშვები მავნე სათამაშოებისაგან, ან ზოგადად, მავნე პროდუქციისაგან. თუმცა, გარკვეული რჩევები შევიმუშავეთ.

 

რჩევები მომხმარებლებისთვის რეგულაციების ამოქმედებამდე

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ცნობით, ერთ-ერთი ძირითადი საფრთხე, რომელიც სათამაშოებისა და ტანსაცმლის მხრიდან მცირეწლოვან ბავშვებს ემუქრება, არის დახრჩობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს პატარა ნივთების პირში ჩადებამ, ან ტანსაცმლისა თუ მისი ზონრების ყელზე შემოხვევამ. გადაყლაპვის შემთხვევაში კი დგება შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და მოწამვლის საფრთხეები. ამ საფრთხეების შესამცირებლად ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

• ბევრ სათამაშოსა, თუ ტანსაცმელს, ან მათ შეფუთვას აწერია ბავშვის წლოვანება, რომლისთვისაც ეს საქონელია განკუთვნილი. ასევე, გააჩნია წარწერა -- დახრჩობის საფრთხე! ინგლისურად -- Chocking Hazard! დააკვირდით, აქვს თუ არა ასეთი წარწერები პროდუქტს და არ მისცეთ ისინი პატარა ბავშვებს, რომლებსაც ნივთების პირში ჩადება სჩვევიათ.

• თუ პროდუქტს ასეთი წარწერა არა აქვს, ნივთის ბავშვისათვის მიცემამდე ყურადღება მიაქციეთ სათამაშოს ზომას. ხომ არ შეიძლება ბავშვს იგი პირში ჩადებისას გადასცდეს? ან ხომ არ შეიძლება სათამაშო პატარა ნაწილებად დაიშალოს, ან ხომ არა აქვს ტანსაცმელს ისეთი ნაწილები, რომლებიც ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს, ან მოსძვრეს ტანსაცმელს და გადასცდეს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს სათამაშოს ბატარია, ტანსაცმლის მორთულობა, ზონრების ბოლოები, თუ სხვა.


სურათი 1. ეს სათამაშო ეტლი ესპანეთის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მისი ბორბლები ადვილად იმსხვრევა პატარა ნაწილებად, რომლებიც ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს.




სურათი 2. კვიპროსის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, ჩვილი ბავშვისათვის განკუთვნილი ეს კაბა საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მოძრაობის დროს, ბავშვს შეკრული ზონრები შეიძლება ყელზე შემოეხვიოს და დაახრჩოს.

გარდა ამისა, სათამაშოებმა, თუ სხვა ნივთებმა, კონსტრუქციული ხარვეზების გამო, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისა, თუ ზრდასრულის სხვადასხვაგვარი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, ყურთასმენის, ან მხედველობის. ეს შეიძლება იყოს სასტვენი, ან საყვირი, რომელსაც მეტად დიდი ხმა აქვს, ან ფანარი, რომელსაც ძალიან მკვეთრი შუქი აქვს და სხვა.

 

სურათი 3. ნიდერლანდების მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, ეს ლაზერული ფანარი საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, მეტად მკვეთრი განათების გამო, რაც მხედველობისათვის საზიანოა

 

სურათი 4. ავსტრიის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ეს სასტვენები, საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული, ვინაიდან იმდენად დიდ ხმას გამოსცემს, რომ ყურთასმენას შეიძლება ავნოს.

ასე რომ, გირჩევთ, სანამ ბავშვს სათამაშოს მისცემთ, კარგად დააკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობს ეს სათამაშო, რა თვისებები გააჩნია მას და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მან რაიმენაირად დააზიანოს ბავშვი.

სამომხმარებლო პროდუქციიდან მომდინარე კიდევ ერთი საფრთხეა ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება. თანამედროვე სამყაროში სამომხმარებლო პროდუქციის დასამზადებლად, შესაღებად სხვადასხვა მასალა და ლაქ-საღებავი გამოიყენება, რომლებიც ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ასევე, შეიძლება პროდუქტები ჰიგიენის მოთხოვნების დაუცველობის გამო დაბინძურდეს, მათი წარმოების, ტრანსპორტირების, ან გაყიდვის დროს. დიდი ოდენობით მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან, ან მიკრობებთან შეხება მწვავე მოწამვლას იწვევს. თუმცა, თუკი ნივთები მავნე ნივთირებებს მცირე დოზებით შეიცავს, ერთბაშად, შესაძლოა ვერაფერს მივხვდეთ, მაგრამ მათთან სისტემატური შეხების, მათი პირში ჩადების შედეგად, ნელ-ნელა სხვადასხვა დაავადებები ვითარდება, რომლებმაც შეიძლება მხოლოდ წლების შემდეგ იჩინოს თავი. ეს შეიძლება იყოს სხეულის რომელიმე შინაგანი ორგანოს ფუნქციონირების დარღვევა, სიმსივნე, რეპროდუქციული ფუნქციისა, თუ ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა. ასეთი ზეგავლენისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ბავშვები, რომელთა ჩვეულებრივი ფიზიკური და გონებრივი განვითარებაც შეიძლება ქიმიური ზემოქმედების შედეგად შეფერხდეს.

 

სურათი 5. ნიდერლანდების მაკონტროლებელმა ორგანომ ამ ბუშტებში კანცეროგენული (სიმსივნის გამომწვევი) ნივთიერების გადაჭარბებული ოდენობა აღმოაჩინა.




სურათი 6. ხშირია თოჯინებში ფტალატების აღმოჩენა, რომლებიც ბავშვის რეპროდუქციული სისტემის განუვითარებლობასა და სხვა გართულებებს იწვევს. ეს საფრთხის შემცველი თოჯინა ჩეხეთის მაკონტროლებელმა ორგანომ გამოავლინა.