"დამნაშავეებს სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ"

2018-08-10 15:25:36
392

 

იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები, პირიქით, სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან განუცხადა. მან ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ერთად სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით წარმომადგენლობას მიაწოდა ინფორმაცია. 

განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობას ჩაბარდა, აღწერილია თუ რა მიზნით მიდიოდნენ ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე სტრასბურგში. დოკუმენტებს ასევე ერთვის შსს-სა და სუს-თან წარმოებული მიმოწერა, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის საზღვრის კვეთას ეხებოდა. 

„ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ფედერაციას ცრუ ინფორმაცია გადასცა იმასთან დაკავშირებით, რომ სამკაციან ჯგუფში ერთ-ერთი იყო ტერორისტი. დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ტერორისტად მოიხსენიეს მალხაზ მაჩალიკაშვილი. მე და ქალბატონი ელისო კი მისი თანმხლები პირები ვიყავით, ანუ მისი საზღვრის კვეთის ხელის შემწყობები, თანამოაზრეები და ა.შ. ფაქტია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არამარტო მალხაზ მაჩალიკაშვილის, არამედ ჩემი მოშორებაც და ელისო კილაძის მოშორებაც, რადგან ამათ სამართლიანობის აღდგენა არ აინტერესებთ. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ დამნაშავე პირებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.