სოფლები თურქეთში, სადაც ქართველები და აფხაზები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ

2018-08-10 14:53:34
3320

 

კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემ ახლახანს თურქეთში, კერძოდ იქ არსებულ კავკასიურ სოფლებში იმოგზაურა, მათ შორის – აფხაზურშიც, აღმოაჩინა შერეული – ქართულ-აფხაზური სოფლები, ესაუბრა რიგით ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკის მიღმა ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ. სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა, მან შთაბეჭდილებები „აქცენტს“ გაუზიარა და გვსურს, მისი მონათხრობი მკითხველსაც გავაცნოთ. 

ალეკო კვახაძე: ვიმყოფებოდი ქოჯაელისა და საქარიას პროვინციებში. ჩემს მიზანს წარმოადგენდა იქაური კავკასიური სოფლების, ძირითადად ქართულისა და ჩერქეზულის კვლევა. მსურდა, დამედგინა, როგორ თანაცხოვრობენ კავკასიელი ხალხები კავკასიის ფარგლებს გარეთ. მეორეს მხრივ, ვაგროვებდი ენობრივ მასალას იქ მცხოვრები ჩერქეზებისა და ქართველებისაგან. 

გარდა ქართველებისა და ჩერქეზებისა, მოვინახულე 5 აფხაზური სოფელი, მაგრამ ვინაიდან აფხაზური ენა არ ვიცი, ენობრივ მასალაზე მუშაობის შესაძლებლობა მათ შემთხვევაში არ მქონდა.

 

"გაგრა" თურქეთში. ფოტო: ალეკო კვახაძე 

- ყველაზე დასამახსოვრებელი რა იყო შენთვის ამ მოგზაურობის ფარგლებში?

- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის აღმოჩენა, რომ თურქეთში კავკასიელი ხალხები ძალიან მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. განსაკუთრებით ეხება ეს აფხაზებსა და ქართველებს. თურქეთში არსებობს შერეული – ქართულ–აფხაზური სოფლებიც. მაგალითად, სოფელ ჩაქალიქში არსებობს 3 ქართული კომლი. მათ იციან ქართული ენა, თუმცა აფხაზურადაც საუბრობენ. ძალიან ხშირია შერეული ქორწინებები. მათ ერთად უწევთ მუშაობა კომერციულ დაწესებულებებში, სოფლის მეურნეობებში და ა.შ.

ხანში შესულმა ადამიანებმა მიამბეს, რომ როდესაც იქ დასახლდნენ ქართველები და აფხაზები (მოგეხსენებათ, ქართველები თურქეთში აფხაზებზე გვიან გადასახლდნენ), გაძიძების პრაქტიკა არსებობდა: ქართველები აღსაზრდელად აფხაზებთან უშვებდნენ შვილებს.  ეს დაახლოებით 19–ე საუკუნის ბოლოს- მე–20 საუკუნის დასაწყისში ხდებოდა.  

- ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს აქვთ ურთიერთობა თურქეთში არსებულ აფხაზურ დიასპორასთან. მათი პოლიტიკური შეხედულებები არ ახდენს გავლენას თურქეთში მცხოვრებ აფხაზებზე?

- ძირითადად სოფლები მოვინახულე,  თუმცა მანდაც გავიცანი ადამიანები, რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ აფხაზეთს. მათში ქართველების მიმართ აგრესია არ იგრძნობოდა. მაგალითად, როდესაც გაიგეს, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველი ვარ, ტელეფონი ამოიღეს და ბათუმში გადაღებული „სელფები“ მაჩვენეს, ძალიან ბევრს აინტერესებდა საქართველოდან მანქანების ექსპორტირების საკითხები და ა.შ. მათ ძალიან უნდათ საქართველოსთან ურთიერთობა.

სოფ. გაგრა თურქეთში. ფოტო: ალეკო კვახაძე 


- საყოფაცხოვრებო დონეზე ურთიერთობის სურვილი იგულისხმება, თუ საქართველოს წიაღში ცხოვრების?

- არა, საქართველოს წიაღში თანაცხოვრებას ისინი არ განიხილავენ. თვლიან, რომ საქართველო და აფხაზეთი “მეზობლები უნდა იყვნენ”, თუმცა არ ამბობენ, რომ “ქართველები არიან ფაშისტები”, “ქართველებმა აფხაზეთში შეუშვეს ფაროსანა მოსავლის გასანადგურებლად” და სხვა მსგავს ლეგენდებს, რომელიც სადღეისოდ აფხაზეთშია გავრცელებული დე ფაქტო ხელისუფლების მეცადინეობით. ერთ–ერთმა აფხაზმა, რომელიც თავად აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში გათვითცნობიერებული იყო, მითხრა, „ენგურჰესი არის შეხების ის ერთადერთი წერტილი, სადაც ქართველი და აფხაზი თანამშრომლობენ და მსგავსი წერტილები ბევრი უნდა იყოსო“. ეს ძალიან დასამახსოვრებელი იყო. მოკლედ, აფხაზეთისგან განსხვავებით, მათზე რუსული პროპაგანდის ზემოქმედება მაღალი ხარისხის არ არის და გაცილებით საღად აფასებენ მოვლენებს. მე მოვიარე 5 აფხაზური სოფელი და ქართველობის გამო პრობლემები არ შემქმნია, მიუხედავად იმისა, რომ არც წარმომავლობა და არც კვლევის მიზნები დამიმალავს. პირიქით, ძალიან თბილად მიმიღეს. ყველანაირად ცდილობდნენ, სხვა აფხაზური სოფლებიც მომენახულებინა, მაგრამ ეს ჩემს გრაფიკში ვერ ჩაჯდა და ვერ შევძელი.

საინტერესოა, რომ იქ აღმოვაჩინე ბევრი საზიარო გვარი. მაგალითად, “პაპავა” ქართველებშიც გვხვდება და აფხაზებშიც. იგივე “მარღანია”, აფხაზურად - “მაანი”. მათ იციან, რომ მათი გვარის ერთ–ერთი განშტოება საქართველოში არსებობს.

ქართული სოფელი საქარიის პროვინციაში. ფოტო: ალეკო კვახაძე


- პოლიტიკურ თემებზე გქონდათ საუბარი? მაგალითად, აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ სამომავლო პერსპექტივებზე?

- მაქსიმალურად ვერიდებოდი პოლიტიკურ თემებზე საუბარს. საერთოდაც, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან იყო რეკომენდაცია, აფხაზურ სოფლებში არ ჩავსულიყავი. მათ ჰქონდათ შეხედულება, რომ საუბარი უშედეგო იქნებოდა და შესაძლოა, აგრესიასაც შევხვედროდი, მაგრამ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

აფხაზებთან კომუნიკაციის დროს მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი თითოეულ სიტყვას, ვერიდებოდი პოლიტიკური თემების ხსენებას, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად, საკუთარი ინიციატივით დაიწყეს პოლიტიკაზე საუბარი. ერთ–ერთმა ასეთი რამ მითხრა:

„აფხაზეთს ორი ვარიანტი აქვს: თუ საქართველო გვაღიარებს, სრულფასოვანი სახელმწიფო გავხდებით და საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვექნება, ხოლო თუ არ გვაღიარებს, რუსეთი ყირიმის მსგავსად გადაგვყლაპავს და მის პროვინციად გვაქცევსო. ანუ, თვლიან, რომ აფხაზეთი ჩიხურ მდგომარეობაშია. ამბობენ, რუსეთი არც ჩვენ გვეხატება გულზე, მაგრამ საქართველოს პოლიტიკის გამო იძულებულები ვართ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთო“.

- "საქართველოს პოლიტიკაში" რა იგულისხმებოდა?

- არაღიარების პოლიტიკა და ის, რომ დღემდე ვთვლით აფხაზეთს ჩვენი ტერიტორიის ნაწილად, რომელიც სადღეისოდ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

- აქვთ კი მოლოდინი, რომ ოფიციალური თბილისი ოდესმე აფხაზეთს აღიარებს?

- საქართველოს შიდა პოლიტიკის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ, მაგრამ იციან, რომ თბილისი აფხაზეთს არ აღიარებს. ისიც იცოდნენ, რომ უშუალოდ ჩვენი – ჩემი და მათი პოზიციები ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ისინი მიესალმებიან ხალხთა შორის დიალოგს.

მე ვიყავი 5 სოფელში და ეს სოფლები ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული. ჩემს მიერ მონახულებულ თითოეულ სოფელში მსგავსი პოზიციები დამხვდა. მათ მჭიდრო კონტაქტი აქვთ აფხაზეთთან.

თურქეთში მცხოვრები ერთ–ერთი აფხაზი, რომელსაც ახლობლები ჰყავს აფხაზეთში (ისინი თურქეთიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ), მიყვებოდა, რომ იქ ძალიან რთული კრიმინოგენული ვითარებაა, რომ მეწარმეები დაუცველნი არიან, რადგან ადგილობრივი კრიმინალები მათ წილებს სთხოვენ და ამიტომაც ბიზნესმენებს არანაირი სურვილი აღარ აქვთ, იქ საქმიანობა გააგრძელონ. ეს დაასახელეს ერთ–ერთ მთავარ მიზეზად და პრობლემად, რატომ არ ბრუნდებიან მასობრივად აფხაზეთში და აფხაზურ ეკონომიკაში რატომ არ ახორციელებენ ინვესტიციებს.

აჯიკაც აქვთ –  "აჯიკა ჩაჩიანებისგან დევსწავლეთო" (ჰენდექელი ქართველები აფხაზებს ჩაჩიანებს უწოდებენ)


- როგორც აღნიშნე, ფიქრობენ, რომ აფხაზეთი ჩიხურ სიტუაციაშია. თავად თუ ხედავენ გამოსავალს?

- ღრმა განხილვებში გასაგები მიზეზების გამო არ შევსულვარ. ისე კი ამბობენ, რომ აუცილებელია, ქართველებსა და აფხაზებს შორის ეკონომიკური და სხვა კონტაქტები გაღრმავდეს. ბევრი მიესალმება იმას, რომ აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოდიან სამკურნალოდ, ავტომანქანების შესაძენად და ა.შ.. თქვეს, "ეს საქართველოს პოლიტიკის ნაწილიაო", მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ "ათიოდ წლის წინ მსგავსი რამ, ხალხებს შორის მსგავსი ტიპის ურთიერთობა წარმოუდგენელი იყო".

ძალიან გაუკვირდათ, როცა გაიგეს, რომ მე, როგორც თბილისში ჩაწერილ ადამიანს, არ მიშვებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, აქვს აზრი დიასპორების რესურსის ათვისებას და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობას?

- ბუნებრივია, თურქეთში არსებულ დიასპორებთან მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს ჩერქეზული დიასპორა. ჩერქეზებთან ვიზიტმა გამახსენა მათთან ურთიერთობის აღდგენის პირველი წლები – ისინი იგივე აფხაზეთის ომის გამო ერიდებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლას. არგუმენტი ასეთი იყო: „არ გვინდა, აფხაზებს ვაწყენინოთო“. სადღეისოდ მსგავსი პრობლემები მოხსნილია. ვგულისხმობ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ჩერქეზებს.

რაც შეეხება თურქეთში მაცხოვრებლებს, მაგალითად, მაქსუდიეს ჩერქეზულ კულტურის ცენტრში დამხვდა თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები. ამ ფაქტმა სასიამოვნოდ გამაოცა. ჩერქეზები ძალიან დადებითად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ. ამბობენ, „თქვენ აუცილებლად უნდა შერიგდეთ აფხაზებთან და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთო“.

არ ვიცი, სხვა სოფლებში ვინმე არის თუ არა ნამყოფი, მაგრამ იმ სოფლებში, სადაც მე გახლდით, პირველი ქართველი მკვლევარი აღმოვჩნდი. ასე მითხრეს თავად. სხვათა შორის, შემიქეს გამბედაობა: „ბევრი აფხაზურ სოფლებში ასე ვერ ჩავიდოდაო“.

- საიდან გაჩნდა ეს განწყობა? - თავად თქვი, ქართველები და აფხაზები თურქეთში მშვიდად თანაცხოვრობენოიყო ინციდენტები?

- იმ სოფლებში, სადაც მე ვიყავი, ეთნიკურ ნიადაგზე ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან მსმენია, რომ ბურსასა და იმეგოლში იყო უსიამოვნო ინციდენტები ქართველებსა და აფხაზებს შორის. ძირითადად ეს ქართულ და აფხაზურ ორგანიზაციებს ეხებათ.

 აფხაზური სოფელი ბალბალი. ფოტო: ალეკო კვახაძე 


- ინციდენტები პოლიტიკურ ნიადაგზე, თუ საყოფაცხოვრებოზე?

- პოლიტიკურ ნიადაგზე.  დიასპორებში სამუშაო ნამდვილად არის. მე ბევრი აფხაზი მეგობარი გავიჩინე. მათ ნაწილს საქართველოში ჩამოსვლა სურს და დიდი სიამოვნებით ვანახებ ყველაფერს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიყავი 5 სოფელში, თურქეთში კი 220–მდე აფხაზური სოფელია. რაც მეტი ქართველი ივლის ამ სოფლებში და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ისაუბრებს ამ ადამიანებთან, მით უკეთესი იქნება საქართველოზე შთაბეჭდილების შექმნისათვის. სახალხო დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ უზარმაზარი თანხები იხარჯება შეხვედრებისთვის. აფხაზეთიდან ჩაჰყავთ მოქალაქეები ნეიტრალურ ტერიტორიებზე, მაგრამ შედეგები არ ჩანს. ამ დროს კი მინიმალური თანხებით არის შესაძლებელი თურქეთში გადასვლა და აფხაზური სოფლის ჩაიხანაში მისვლა, ამ ადამიანებთან დაჯდომა და საუბარი. მე ძირითადად ასე ვაკეთებდი. აფხაზურ სოფლებში საკონტაქტო პირი არ მყავდა.

ფოტო: ალეკო კვახაძე


- საკონტაქტო ენა რომელი იყო?

- თურქული. მე აფხაზურ ენას 6 თვის განმავლობაში ვსწავლობდი და ძალიან გაუკვირდათ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზური ისწავლება. კიდევ უფრო გაუკვირდათ, რომ ჩემი მასწავლებელი იყო ლეილა ავიძბა - თბილისში მცხოვრები აფხაზი. ეს ესიამოვნათ.

- მოკლედ, დანარჩენი საქართველოს მიმართ ინტერესი აქვთ, მაგრამ საინტერესოა, როგორია მათთვის საქართველო პროგრესირებადი ქვეყანა, თუ ომში ჩარჩენილი?

- მათთვის საქართველო ასოცირდება იაფ მანქანებთან, ზოგადად სიიაფესთან და ლამაზად გაკეთებულ ბათუმთან. ასეთი სტერეოტიპი არსებობს.  

- საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში სტუმრობა მათთვის შიშთან ასოცირდება?

- ადამიანებმა ბათუმში გადაღებული ფოტოები მაჩვენეს. რამდენიმემ იკითხა, საქართველოს არაოკუპირებულო ტერიტორიაზე სტუმრობის შემთხვევაში მათი აფხაზური წარმომავლობის გამო პრობლემები თუ შეექმნებოდათ. ვუთხარი, რომ ეს სახიფათო არ იყო. გავარკვიე, რომ რამდენიმე მათგანს ნათესავები ჰყავს ბათუმელ აფხაზებს შორის.   

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“   

ავტორი: დიანა მუსელიანი