„უნდა ეს საქართველოს თუ არა, რკინიგზა ამოქმედდება“: ინტერვიუ დე ფაქტო პრეზდენტთან

2018-08-10 13:50:05
2849

 

სოხუმმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მე–10 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვია. ამის შესახებ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მას ასევე ისაუბრა სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან შეხვედრისთვის მზადებაზე, თბილისთან კონტაქტების არარსებობის მიზეზებზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ნატოს გაფართოების საფრთხესა და თბილისთან სარკინიგზო კავშირის აღდგენის მნიშვნელობაზე.

26 აგვისტოს აფხაზეთი რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის მე–10 წლისთავს იზეიმებს. უცხოელ ლიდერთაგან სოხუმში ვის ელოდებით?

აფხაზეთს ბევრი მეგობარი ჰყავს. გაგზავნილია მოწვევები ყველა იმ ქვეყნის ლიდერთან, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან, ასევე ქვეყნის სხვა რიგ პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან. მოწვეულები გვყავს რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ აფხაზეთს საომარი მოქმედებების პერიოდში, გვიწევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას.

ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ აღიარა. არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მსგავსი ნაბიჯი სხვა სახელმწიფოებმაც გადადგან?

დიპლომატიური საქმიანობა ძალზე სპეციფიურია, იგი არ ითვალისწინებს წინასწარ დაანონსებას. უდავოდ, ამ მიმართულებით მუშაობა წარმოებს და სირიის მიერ ამასწინანდელი აღიარება მისი ერთ–ერთი შედეგია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად და ფართო აღიარების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. სადღეისოდ პირველხარისხდოვანი ამოცანაა, სირიასთან წარმოქმნილი ოფიციალური ურთიერთობები კონკრეტული შინაარსით დავტვირთოთ. ამისათვის უპირველესად, უნდა გაიმართოს შეხვედრა სირიის სახელმწიფოს ლიდერთან. იცით, რომ ამჟამად ეს საკითხი აქტიურად მუშავდება.

საქართველო მტკიცედ დგას ნატოში გაწევრიანების კურსზე. რა ზომებს მიმართავს ამასთან დაკავშირებით სოხუმი?

ყველანი ვხედავთ, რომ ცდილობენ, საქართველო აქციონ პლაცდარმად რუსეთისთვის სამხრეთ მიმართულებიდან საფრთხის შესაქმნელად. სწორედ ამ მიზნით ახდენენ ნატოს ქვეყნები, უპირველესად კი აშშ, ქართული ჯარის მოდერნიზაციას; აწვდიან თანამედროვე იარაღს; პირადი შემადგენლობა უცხოეთში და საქართველოს ტერიტორიაზე გადის წვრთნებს უცხოელი ინსტრუქტორების მონაწილეობით. თავის მხრივ რუსეთმა და აფხაზეთმა მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. შექმნილია თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტური, ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება. იდგმება ნაბიჯები ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ხდება სამხედრო ტაქნიკის განახლება, რეგულარულად ტარდება წვრთნები.

აფხაზეთის ტერიტორიის გავლით გადის ერთადერთი რკინიგზა საქართველოსკენ, თუმცა უკვე მრავალი წელია, ეს კავშირი ბლოკირებულია. რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ სამომავლოდ აქ მატარებლებმა კვლავ იარონ?

მატარებლები, უდავოდ, ივლიან. უნდა ეს საქართველოს თუ არა, რკინიგზა უნდა ამუშავდეს. საქმეების ამჟამინდელი მდგომარეობა მოითხოვს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობას კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან. თუმცა საქართველო ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკურად აქცევს. რკინიგზის გამოყენება დამატებითი მხარდაჭერა იქნებოდა რესპუბლიკისთვის, თუმცა თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება არ სურს, მათ შორის, არც ეკონომიკურ სფეროში.

აქვს თუ არა აფხაზეთს ამ დროისთვის რაიმე კავშირები საქართველოსთან?

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ურთიერთქმედების გარდა, ამ დროისთვის საქართველოსთან სხვა არანაირი კონტაქტი არ გვაქვს. ჩვენ გამუდმებით ვაყენებთ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხს, თუმცა საქართველოსთვის ეს კვლავინდებურად მიუღებელია. სანამ არსებობს ომის განახლების საფრთხე, საგნობრივი მოლაპარაკებები ვერ იქნება.

განიხილავს თუ არა აფხაზეთი ევრაზიულ სივრცეში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში – დსთ–ში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების საკითხს?

გეგმები არსებობს. მეტსაც გეტყვით, ეს ნახსენებია რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებაში. თუმცა ჩვენ იმ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ევრაზიული სივრცის აქტორების უმრავლესობა აფხაზეთს ჯერ–ჯერობით არ აღიარებს. მხედველობაში მყავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ხალხებს შორის არაფორორმალური კავშირები, უდავოდ, შენარჩუნებულია, თუმცა სრულფასოვან სახელმწიფოთა შორის კონტაქტებზე სადღეისოდ, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებთ.

რომელ ქვეყნებში გეგმავთ ვიზიტებს მიმდინარე წლის განმავლობაში?

უცხოეთში ვიზიტების უმრავლეს შემთხვევაში – ოფიციალური პირების ვიზიტებია ეს თუ კულტურისა და სპორტის მოღვაწეების, ვაწყდებით წინაღობებს საქართველოს მხრიდან, რომელიც მსოფლიოსგან ჩვენს იზოლირებას ცდილობს. ამ მიზეზით ვიზიტების წინასწარი დაანონსება არამიზანშეწონილად მიგვაჩნია. არსებობენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დავამყარეთ, თუმცა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები მხოლოდ ახლა ვითარდება. არ მსურს, ამაზე დეტალურად ვისაუბრო, რადგან ამან შესაძლოა,  აფხაზეთისადმი მტრულად განწყობილთა შესაბამისი ნაბიჯები გამოიწვიოს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება.      

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“