კრემლის სააგიტაციო მანქანას რუსეთი კვლავინდებურად რეგიონში მშვიდობის გარანტად გამოჰყავს

2018-08-10 12:01:53
666

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ოფიციალურად გაფორმებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ათი წლის თავზე კრემლის მხრიდან მორიგი მძლავრი დეზინფორმაციული საინფორმაციო ფრონტი გაიშალა. 2008 წლის მოვლენებში რუსეთის სააგიტაციო მანქანას, მისდამი ჩვეული სიცრუით, რუსეთი კვალვინდებურად რეგიონში მშვიდობის გარანტად გამოყავს. მაგალითისთვის 7 აგვისტოს "Россия 24" არხზე 2008 წლის აგვისტოს 10 წლისთავისათვის სპეციალურად მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ნამდვილად დაიჯერებს რუსეთის პოზიციას. თუმცა დღევანდელი ტექნიკური საშუალებები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთ სიცრუეს საკადრისი პასუხი გაეცეს და ნათელი მოეფინოს ყველაფერს. მითუმეტეს, როდესაც ამის საშუალებას თვით რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წამორმადგენლების ოფიციალური განცხადებები იძლევიან.

2008 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი  - მედვედევი - პირდაპირ საუბრობს: "რომ არა რუსეთის ეს გადაწყვეტილება - საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების წარმოებისა, დღეს ჩრდილო-ანტლანტიკური გაერთიანების საზღვარი რუსეთის საზღვრებთან გაივლიდა და ეს მიუღებელი იყო რუსეთისათვის". მედვედევის განცხადებას არ ჩამორჩება არც იმ დროს რუსეთის პრემიერმინისტრის - პუტინის განცხადებაც, რომელიც მან 2010 წელს სომხეთში ვიზიტისას ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას გააკეთა. უფრო მეტიც, პუტინი პირდაპირ აღიარებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის დასაწყისში იქნა დამტკიცებული. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე "2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თუ წინასწარი შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა?", პუტინი პირდაპირ პასუხობს: "რუსეთი წინასწარი გეგმით მოქმედებდა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა დასამტკიცებლად 2006 წლის მიწურულს წარმომიდგინა, რომელსაც ხელი მე 2007 წლის დასაწყისში მოვაწერე. ასევე ჩვენ უკვე წინასწარ ვამზადებდით ოს მოხალისეებს ამისათვის, რამაც 2008 წელს თავისი შედეგი გამოიღო". პუტინის ამ განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთი "აგვისტოს ომისთვის" წლებით ადრე ემზადებოდა. ამასთან, თუ იმასაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ საომარი მოქმედებების გეგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბმა დასამტკიცებლად 2006 წელს წარუდგინა და გავითვალისწინებთ ასეთი გეგმის მომზადების სპეციფიკას (ასეთი გეგმა სულ მცირე 4-5 წელი მზადდება ყველა მოსალოდნელი ნიუანსის გათვალისწინებით)  ძნელი მისახვედრი და დასაჯერებელი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი ამ ომისათვის ჯერ კიდევ სულ მცირე 2000 წლის დასაწყისიდან ემზადებოდა.

ამითი შეიძლებოდა ამოგვეწურა ჩვენი პასუხი და წერტილი დაგვესვა ამ თემისათვის, თუმცა არ შეიძლება ზემოხსენებული სიუჟეტის რამდენიმე ასპექტი უპასუხოდ დავტოვოთ.

პირველი და ძირითადი, რასაც რუსეთი დღემდე ხაზს უსვამს, არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა არტილერიითა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, რაც სრულ დეზინფორმაციას და საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ისახავს მიზნად. თუმცა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთში შექმნილმა მაღალი რანგის საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც ევალებოდა გამოეძია "მძინარე ცხინვალის დაბომბვის შედეგები", ვერ გამოავლინა მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დაღუპვის ფაქტები და თვითონვე დააფიქსირა, რომ დაღუპულები ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. გარდა ამისა, როდესაც რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ქართველი ჯარისკაცების მიერ ცხინვალში შესვლის მობილური ტელეფონებით გადაღებულ კადრებს, მიზანმიმართულად არ აჩვენებენ იმ ფაქტს, რომ ცხინვალი პრაქტიკულად ხელუხლებელია. შეტაკებები მხოლოდ ცხინვალის ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ მიმდინარეობდა. ხოლო რუსეთის სამხედროების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების განდევნის მიზნით უშუალოდ ცხინვალის მიმართულებით წარმოებული საარტილერიო ცეცხლის შედეგებს ისევ ქართულ მხარეს მიაწერენ.  თუმცა ეს ფაქტიც გაკვირვებას არ იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს რუსეთის არტილერიისა და საჰაერო ძალების მიერ გორის დაბომბვის კადრებს მსოფლიოს როგორც ქართველების მიერ ცხინვალის განადგურების ფაქტად, ხოლო დაჭრილ და დახოცილ გორის მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ცხინვალის მკვიდრთ წარუდგედნენ.

ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სიუჟეტში საომარი მოქმედებების დაწყების თარიღი - 8 აგვისტო - მიზანმიმართულად არის გადმოტანილი ერთი დღით ადრე და დაფიქსირებულია, თითქოს "საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის ნაწილებს და ამითი დაიწყო სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები". თუმცა რუსეთის პროპაგანდა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისის ბოლო რიცხვებიდან სწორედ  რუსეთის სამშვიდობო ნაწილების პოზიციებს ამოფარებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო სამხედრო შენაერთები საქართველოს სამშვიდობო ნაწილებს ყოველ დღე ცეცხლს უხსნიდნენ. შედეგად, თითქმის ყოველდღე სამი- ოთხი ქართველი ჯარისკაცი ან იჭრებოდა, ან იღუპებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ 1 აგვისტოს უკვე იმყოფებოდნენ რუსეთის წამყვანი ტელეარხებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგნელები "სრული აღჭურვილობით". ამასთან, რუსეთში აკრედიტირებულ უცხო ქვეყნების ჟურნალისტებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროები არ უშვებდნენ. ჟურნალისტების ასეთი მობილიზაცია სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ომისათვის წინასწარი მზადება. გარდა ამისა, ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ივლისის ბოლო რიცხვებიდან იწყებს გამყოფი ზოლის გასწვრივ მცხოვრები ოსური მოსახლეობის მასიურ იძულებით გასახლებას რუსეთის ფედერაციის ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკაში, მაშინ, როდესაც, ქართული მხარე მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფი ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა გასართობ პროექტებს ახორციელებს. ყველა ეს ფაქტორი პირდაპირ მიუთითებს თუ ვინ ემზადებოდა ომისათვის.

შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა, მივიღეთ უმძმესი სურათი,  რა რეალობის წინაშეც დღეს ვიმყოფებით. დაღუპულია ასობით სამხედრო მოსამსახურე, მშვიდობიანი მოსახლეობა, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოდევნილია და დევნილობაში იმყოფება ათასობით ძირძველი ადგილობრივი მკვიდრი, განადგურებულია ქართული სოფლები, დღემდე მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის პირობებში საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა 2008 წლის მოვლენებამდე საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის მიმართულებით - კოდორის ხეობა.

და ბოლოს... კარგი იქნებოდა რუსეთის ვითომ თავისუფალ მედია საშუალებებს შეეგნოთ, რომ სიმართლე არასოდეს იმალება.