«ქართულ სოფლებს ГРУ-ს “მწვანე კაცუნები” ესხმოდნენ თავს»: მაიკლ კარპენტერი – 2008 წლის ომზე

2018-08-10 09:08:06
1033

2008 წლის 8 აგვისტოს მსოფლიო ლიდერები პეკინში შეიკრიბნენ, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყებოდა. იქვე გაემგზავრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი. თბილისში პოლიტიკოსებს გარკვეული მომენტისთვის შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი საერთოდ არ რეაგირებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. იმ ომის დროს კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების საქმეთა ამერიკულ სამმართველოს მაიკლ კარპენტერი ხელმძღვანელობდა. 2008 წლის ომზე მას RTVI-ს ჟურნალისტი ესაუბრა. “აქცენტი” ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

- ბატონო კარპენტერ, სად იმყოფებოდით და რა შედიოდა თქვენს კომპეტენციაში 2008 წლის აგვისტოში?

-  იმხანად სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი, გახლდით კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ჩემს ძირითად მოვალეობებში შედიოდა მუშაობა სეპარატისტული კონფლიქტების ხაზით აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და ყარაბაღში.

- გაქვთ თუ არა მკაფიო პასუხი კითხვაზე: ვინ დაიწყო ეს ომი?

- დიახ. დაუჯერებელია, რომ ომიდან ათი წლის შემდეგაც ჩვენ ჯერ კიდევ ვდავობთ იმაზე, როგორ დაიწყო ეს ომი. ამ დავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა საქართველოზე ჰიბრიდული შეტევა წამოიწყო. მან შენიღბა საკუთარი მოქმედება, გაგზავნა რა რეგიონებში 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე სპეცსამსახურების სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი თანამშრომლები. ეს ის არის, რასაც თვალს ვადევნებდი ჩემი პოზიციიდან სახელმწიფო დეპარტამენტში.

უნდა ვთქვა, რომ დაზვერვის მონაცემები საკმაოდ შეზღუდული იყო. ინფორმაციის ნაწილი ჩემამდე მოვლენათა განვითარების ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისა და რეპორტიორებისგან აღწევდა. ისინი მამცნობდნენ, რა ხდებოდა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში.

ჩვენ ვხედავდით, რომ 8 აგვისტოს წინა დღეებში რუსეთის არარეგულარული ჯარები და კაზაკები შედიოდნენ ცხინვალის რეგიონში და ხსნიდნენ ცეცხლს ქართული სოფლების მიმართულებით.

ასე, რომ როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ნათელი იყო, რომ მისი პროვოცირება რუსეთმა განახორციელა, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი რეაგირება მოახდინა.

- რასაც ახლა მიყვებით, მაგონებს ყირიმის სიტუაციას ნახევარკუნძულის მიერთებამდე, ანუ ანექსიამდე, როგორც ამას მსოფლიო თანამეგობრობა უწოდებს. შენიღბული ადამიანები...

- სწორედ ასეა! 2014 წელს ყირიმში ფაქტობრივად ზუსტი რეპროდუქცია ვიხილეთ 2008 წლის მოვლენების: ГРУ-ს [რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო – რედ.] სპეცრაზმელების, კაზაკების მონაწილეობა...

ისევ და ისევ, 8 აგვისტომდე რამდენიმე კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ცხინვალის მცხოვრებთა მასშტაბურ ევაკუაციას და პარალელურად ქალაქში რუსი ჟურნალისტების დიდი რაოდენობის გადასროლას. ეს ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული. ასე, რომ დაგეთანხმებით, ჩვენ იქ ვიხილეთ იგივე “მწვანე კაცუნები”. ისინი ცხინვალის რეგიონში ივლისის ბოლოს გამოჩნდნენ, ისევე, როგორც ყირიმში 2014 წლის თებერვალში.

- იცით, მე იმ მომენტისთვის თბილისში ვიმყოფებოდი და ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს ეს ომი საერთოდ არ ადარდებდა...

- აგვისტო იყო, ყველა შვებულებაში გახლდათ. როგორც აღვნიშნე, მე ჩვენი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი და ეს – სწორედ იმიტომ, რომ უფროსი – დენ ფრიდი ასევე შვებულებაში გახლდათ. ბუნებრივია, იგი პირველივე შესაძლებლობისას დაბრუნდა, თუმცა დასაწყისში, პირველ დღეებში ადგილზე არავინ იყო. აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები ძალზე მწირი იყო. ბევრი ჩვენი სადაზვერვო სამსახური არ უწყოდა, ვინ იყვნენ ეს “მწვანე კაცუნები”.

როდესაც მოხსენება დავწერე იმაზე, რომ კაზაკები ჩრდილოეთ ოსეთიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ცხინვალში იყვნენ შემჩნეულები, ბევრმა კოლეგამ გაოცებული სახით შემომხედა, ზოგიერთმა მკითხა კიდეც: «კაზაკები ვინ არიან? რაზე საუბრობ საერთოდ? ეს ინფორმაცია რაში გვჭირდებაო?»... ასე, რომ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ჩავარდნა იყო დაზვერვის მხრიდან მიმდინარე მოვლენების ძალზე შენელებულ აღქმასთან ერთად.

- თუ წარმოებდა ვაშინგტომში თათბირები საქართველოსთან დაკავშირებით? თუ განიხილებოდა რაღაც ზომები, რომელიც საჯაროდ არ გამოცხადებულა?

- დიახ, იყო ბევრი საუბარი. ყველაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ ერაყიდან ქართული ჯარის დაბრუნების საკითხზე ვმსჯელობდით. ეს საკითხი განიხილებოდა უპირველესად. განვიხილავდით ასევე ამერიკულ სამხედრო წარმოდგენილობას საქართველოში თბილისზე შეტევის მოსაგერიებლად. ხომალდები? თვითმფრინავები? სახმელეთო ჯარები? ამაზე მალევე ვთქვით უარი, თუმცა საწყის ეტაპზე ეს ყველაფერი მართლაც განიხილებოდა.

- თუ ეთანხმებით ვერსიას, რომლის თანახმად, რუსული ჯარი თბილისამდე ბუშისგან სიგნალის მიღების შემდეგ არ მოუშვეს? გახსოვთ, მაშინ მან საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნის შესახებ განაცხადა...

- აქ ორი რამ არის. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, როდესაც განვაცხადეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სამხედრო ხომალდებით განვახორციელებდით. ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე დეტალიც: ჩემი აზრით, პუტინმა რაღაც მომენტში გააცნობიერა, რომ თუ თბილისის ოკუპაციას მოახდენდა, მეტად ვეღარავის მოაჩვენებდა თავს, რომ ეს უბრალოდ რაღაც რეგიონული, სამოქალაქო კონფლიქტი იყო ქართველებსა და ოსებს შორის.

მას წინააღმდეგობა გაეწეოდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და ეს ისეთ სახეს მიიღებდა, როგორიც ჰქონდა 40-იანებში ზამთრის ომს ფინეთში. ვფიქრობ, დიდწილად სწორედ ამან დაარწმუნა იგი, დაეტოვებინა ჯარები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და არ მოეხდინა დედაქალაქის ოკუპაცია.

- რა დამოკიდებულება გაქვთ ობამას მცდელობების მიმართ, რუსეთთან ურთიერთობები გადაეტვირთა, რაც მან ომიდან რამდენიმე თვეში განახორციელა?

- უპირველესად, ომი დაიწყო აგვისტოში. ობამა თეთრ სახლში იანვარში მოვიდა. ბუშის ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ შემოუღია ამ შუალედში. ეს დიდი შეცდომა იყო. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი, ვაწყობდი თათბირებს რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების შესაძლებლობის განსახილველად. ჩემი კოლეგები სახაზინო სამსახურიდან, ვაჭრობის სამინისტროდან, ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტიდან კატეგორიულად არ სთანხმდებოდნენ შემზღუდავი ზომების შემოღებას. და ეს უდიდესი შეცდომა იყო. როდესაც ობამას ადმინისტრაცია იანვრის ბოლოს თეთრ სახლში მოვიდა, მომენტი უკვე ხელიდან იყო გაშვებული.

ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ გადატვირთვის მასშტაბური პოლიტიკის დაწყება შეცდომა იყო. არ ვადანაშაულებ ობამას რუსეთთან თანამშრომლობის ძიების მცდელობის გამო, თუმცა მთელი ეს წარმოდგენა უმაღლეს დონეზე ყალბი ღიმილებითა და დიდი წითელი ღილაკით – ეს იყო უმიზეზო, ზედმეტი და, გულახდილად რომ ვთქვათ, სიბრიყვე.

- ყურადღება მიაქციეთ: ახლა, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები წესდება, ძირითადად უკრაინას ახსენებენ. მხოლოდ იშვიათად ევროკავშირის, აშშ-ის და ნატოს დოკუმენტებში ამოტივტივდება ხოლმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორია სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივა?

- მომავლის აღქმისთვის აუცილებელია იმის გააზრება, რა მოხდა უშუალოდ შეჭრის შემდეგ. რადგან იშვიათად თუ განიხილება ის ფაქტი, რომ ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში რუსეთის არარეგულარული ნაწილების მიერ ჩატარდა ეთნიკური წმენდა. ბევრი ქართული სოფელი მთელი ცხინვალის რეგიონის მასშტაბით მთლიანად გაიწმინდა მოსახლეობისგან.

წვავდნენ სახლებს, ხოცავდნენ ადამიანებს და ამით ქმნიდნენ სიტუაციას, რომელშიც დარჩენილი მოსახლეობა სრულად გახდა დამოკიდებული რუსეთის ხელმძღვანელობაზე. ეს ან სამხედროებია, ან ფერმერები, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება სუბსიდიებს უყოფდა.

ცხინვალში ვითარება სავალალოა. თვალსაწიერ მომავალში იქ განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. იქ დარჩენილ მოსახლეობას სურს, რუსეთის ნაწილად იქცეს, რადგან სრულად არის მასზე დამოკიდებული: პენსიის და სხვა დანარჩენის თვალსაზრისით. ვფიქრობ, სტატუს-ქვო კიდევ შენარჩუნდება განუსაზღვრელი ვადით.

სიმართლე გითხრათ, აშშ-ს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია ცხინვალსა და სოხუმთან მიმართებაში. მაგრამ ამერიკა უნდა დაეხმაროს საქართველოს, განვითარდეს არა მარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური მიმართულებით, გაზარდოს ვაჭრობის დონე, სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და აშშ-სთან.

რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, რაც უფრო ნაკლებად დაეყრდნობა ოლიგარქებს, მით მეტად იქცევა მისაბაძ მაგალითად რეგიონში. აფხაზეთმა და ცხინვალმა შესაძლოა, თვალსაწიერ მომავალში საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ მოინდომონ, თუმცა ეს აიძულებს მათ, დაფიქრდნენ.

- სააკაშვილს თუ ეკისრება პასუხისმგებლობა 5-დღიანი ომის შედეგებზე?

- ყველას, ვინც იმხანად ხელისუფლებაში იყო, პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარ ქმედებებზე იმ მომენტში. სააკაშვილი კოშმარულ ვითარებაში აღმოჩნდა და მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. მისი მისამართით ბევრი კრიტიკა ისმოდა, პირადადაც ვაკრიტიკებდი მას საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარების გამო ოპოზიციათან ურთიერთქმედების თვალსაზრისით.

თუმცა რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, ყველას უნდა ესმოდეს: ქართულ სოფლებს ГРУ-ს “მწვანე კაცუნები” ესხმოდნენ თავს. სიტუაცია კონტროლიდან გავიდა. სააკაშვილს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან არ ჩაბმულიყო კონფლიქტში, და მაშინ სიტუაცია ყირიმის სცენარით განვითარდებოდა, ან გაეწია წინააღმდეგობა, რაც მან გააკეთა კიდეც და ამით რუსეთს ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების საბაბი მისცა.

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”