სკანდალური სამიტი გასაიდუმლოებული მიზეზით დამაიმედებელი შედეგებით

2018-07-13 18:08:06
685

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო – 12 ივლისის სამიტი ალბათ, ყველაზე სკანდალური იყო ნატოს ისტორიაში. ამის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, რომელიც  სამიტს მეხივით დაატყდა თავს, დღის წესრიგი არია, დაიმუქრა და აიძულა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, მის პირობებს დაჰმორჩილებოდნენ  (http://accent.com.ge/ge/news/details/56239 ). ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის, რომელიც სამიტისგან ხელშესახებ გარღვევებს ისედაც ნაკლებად ელოდა, ცხადია, აღარავის ეცალა და თუ ფაქტობრივი მასალით – შემაჯამებელი დეკლარაციითა და ოფიციალური კომენტარებით ვიმსჯელებთ, ბრიუსელიდან ამჯერად, ომისშემდგომი 10 წლის განმავლობაში პირველად, ზუსტი ნული წამოვიღეთ. მართალია, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (http://accent.com.ge/ge/news/details/56313) და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი  (http://accent.com.ge/ge/news/details/56302) გვიმტკიცებენ, “ნატო-საქართველოს კომისიის ახალი დეკლარაციის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე მიღება ჯერ არნახული ფაქტიაო”, მაგრამ ეს ბევრმა სამიტის უშედეგობის ვუალირების სუსტ მცდელობად ჩათვალა. ასე, რომ საქართველოსთვის ხელშესახები თუნდაც ერთი შედეგი ამჯერად თითქოს მართლაც არ ჩანს. და ამას სამწუხარო რეალობად მივიღებდი, რომ არა რუსეთის შფოთიანი განცხადებები და ერთი-ორი მოსაზრება ქართველი არაოფიციალური პირებისა, რომელთაც სამიტის კულუარებთან ჰქონდათ წვდომა და მართალია, მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების კუთხით პირველად მიეცათ რეალური იმედი (https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10156614165097360/ ). მაინც რა მოხდა სამიტზე და რა შედეგები მოჰყვება ამას ალიანსის წევრებისთვის? რა წამოიღო ამჯერად ბრიუსელიდან საქართველომ? არსებობს თუ არა ალიანსში ჩვენი ქვეყნის სწრაფად გაწევრიანების იმედი და თუ არსებობს, რა საფუძველი აქვს მას? - ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელიას ესაუბრა:

– ბატონო ბათუ, დასრულდა ნატოს მორიგი სამიტიც. MAP-ი კვლავ არ გვერგო. თქვენი შეფასებით, რა წამოიღო საქართველომ ამჯერად ბრიუსელიდან?

–სამწუხაროდ, საქართველომ ახალი არაფერი წამოიღო. ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ არ იმუშავა თანმიმდევრულად და კოორდინირებულად. შედეგად იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო, დამატებითი ახალი კომპონენტები ვერ მივიღეთ. მივიღეთ ჩვეული „ვორდინგის“ გამეორება - ის, რაც ნატოს პოზიციაა, დიდი ხანია და ასეთად დარჩება, რადგან ეს ეფუძნება სწორ საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საქართველოს როლის და წვლილის აღიარებას, რაშიც, ბუნებრივია, დიდი დამსახურება ჩვენს სამხედროებს მიუძღვით.

მე არ ვამბობ, რომ სამიტი დასრულდა ნულოვანი შედეგით. ამ სამიტზე ჩვენ ტრადიციულად მივიღეთ ის, რაც ყველა სამიტზე და მინისტერიალზე ფიქსირდება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ ნატოს დღის წესრიგში დღეს ბევრი სხვა საკითხიცაა, რომელიც შეეხება უშუალოდ ალიანსს, მის უსაფრთხოებას, მის ადაპტირებას ახალ რეალობებთან, თავდაცვის ხარჯების გაზრდას, შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ ხედვას...  ყველა ამ კომპონენტში საქართველოს აქვს და შეიძლება, ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი და წვლილი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

–თვლით, რომ საქართველოს მთავრობის უფრო თანმიმდევრული მუშაობის პირობებში გარანტირებული იქნებოდა ხელშესახები შედეგები?

–გარანტირებული არაფერია უსაფრთხოების დღევანდელ - განსაკუთრებით დინამიურად ცვლად გარემოში, მაგრამ იმისთვის, რომ შენი ინტერესების იმპლემენტაცია მოახდინო შენი პარტნიორების დღის წესრიგში, უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო და არა ის, რომ უბრალოდ დინებას მიჰყვე.

–რიგ არაოფიციალურ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამიტს ბრიუსელიდან აშუქებდნენ და წვდომა ჰქონდათ კულუარებთან, შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საქართველო შესაძლოა, ალიანსს უახლოეს მომავალში შეუერთდეს. ამ შთაბეჭდილების კონკრეტული საფუძვლები მათ არ დაუსახელებიათ. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს?

–ჩემი აზრით, საგარეო პოლიტიკური კონტექსტი დღეს, როგორც არასდროს, გვაძლევს ძალიან კარგ შანსს, დაჩქარებული წესით გავხდეთ ამ ორგანიზაციის წევრი, - ისევ და ისევ იმ ცვლადი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რომელიც სადღეისოდ მსოფლიოშია შექმნილი. თუმცა ცხადია, ეს თავისთავად არ მოხდება, ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა. დღეს, როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს ნატოსთან არა მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, ვმონაწილეობთ ოპერაციებში და თავსებადნი ვართ, არამედ საგარეო პოლიტიკური კონტექსტის გამოც. და აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ საერთო საფრთხეების აღქმა ჩამოყალიბდა ევროპაში, რაც მანამდე ყოველთვის კამათის საგანი იყო. დღეს აღარ გვიწევს იმაზე კამათი, რომ რუსეთი მთავარი საფრთხეა. ეს რეალობა ვარშავის სამიტზე გაფორმდა ფორმალურად და 2016 წლიდან მოყოლებული, ნატო ცდილობს ადაპტირებას ამ ახალ საფრთხესთან. და აი, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი.

ამას ემატება ამერიკის  მთავრობის პროაქტიური ხედვაც.  „ჰერითიჯის ფონდის“ ახლახანს გამოქვეყნებული მოხსენება სწორედ იმ ამოცანას ემსახურებოდა, რომ ნატოში გაწევრიანების ახალი ალტერნატიული გზები გვენახა. სამწუხაროა, რომ როცა ასეთი ახალი მიდგომა გაისმა საჯაროდ, საქართველომ არ გააკეთა არაფერი, რათა ამ თემაზე უფრო მეტი საჯარო დისკუსია ყოფილიყო. ინიციატივის გასაჟღერებლად „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ ძალიან კარგი დრო იყო შერჩეული, მაგრამ ეს რომ მატერიალიზებულიყო, თუნდაც ახალი სივრცე გახსნილიყო, ამას სჭირდებოდა დამატებითი მცდელობები საქართველოს მთავრობისგან. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას ზოგადად ხედვა და პოლიტიკა არ ჰქონდა, არ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო მწყობრი პოლიტიკის შესამუშავებლად. თუმცა ვთვლი, რომ ფანჯარა დღესაც ღია რჩება და ამ ფანჯარას დროულად და ეფექტურად გამოყენება უნდა. "ქართული ოცნების" მიერ დეკლარირებული ფსევდო-საგარეო პოლიტიკა - "არ გავაღიზიანოთ რუსეთი და არ ვიყოთ პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის" - საფუძველშივე მცდარია და გაგრძელების შემთხვევაში მომავალშიც ხელს შეუშლის ნატოში სწრაფ გაწევრიანებას.

 

მარი ჩუბინიძე

საინფორმაციო სააგენტო აქცენტი