ოსმა პოლიტოლოგმა დინა ალბოროვამ თამარ მეარაყიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

2018-07-10 23:09:39
372

ოსმა პოლიტოლოგმა, “ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლექტორმა დინა ალბოროვამ ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ “პოსტში” ალბოროვა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მიმართავს, ამბობს, რომ თამარის სჯერა და რომ ის, რასაც მის მიმართ სჩადიან, სამარცხვინოა.

აქცენტი” დინა ალბოროვას პუბლიკაციის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

ეს რა ხდება, ხალხო, ჩვენს თავს! ჩვენ ხომ არაადამიანებად ვიქცევით! ბოლოს და ბოლოს, დაანებეთ ამ ქალს თავი! ნუთუ ის პრობლემები, რომელზეც ის საუბრობს, სიმართლე არ არის?! მე მისი მჯერა, მჯერა ყველაფრის, რასაც წერს! ყოველი შემთხვევისთვის 20%-ს ვაკლებ და მჯერა. ახლა მეც დამიჭირეთ ამის გამო!

ანატოლი ბიბილოვო, შენ მოგმართავ: გახსოვს ჩვენი ვიზიტი ლენინგორში [ახალგორში] საზოგადოებრივი პალატიდან? იქ მხოლოდ შენი დამსახურებით მოვხვდით, რადგან მანქანა შენ გამოყავი და არა საზოგადოებრივმა პალატამ. გახსოვს ჩემი რამდენიმეფურცლიანი მოხსენება? ჩვენ მაშინ ორნი ვიყავით საზოგადოებრივი პალატიდან, ასევე ტელევიზია და “Эхо Кавказа”-ს ჟურნალისტი. საკუთარი თვალით ვნახე, საკუთარი ყურით მოვისმინე ყველაფერი – ამიტომაც მჯერა! გადახედეთ იმ ჩემს მოხსენებას და მითხარით, რაიმე შეიცვალა იმ დროიდან?

ილიას ძევ, ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით, რამდენად ვარ აღშფოთებული. შესაძლოა, თავს ვიტყუებდე, მაგრამ ეს ჩემი აზრებია, ჩემი გრძნობები, ჩემი შეგრძნებები. ძალიან ვარ დადარდიანებული! მგლებივით დაეხვივნენ ერთ ქალს და ჯიჯგნიან. სირცხვილია!” - წერს დინა ალბოროვა.





ცნობისთვის: ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მისი პრობლემები ძალაში რჩება.

მეარაყიშვილის განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მან საკუთარი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად მიმართა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, "ყალბი დოკუმენტის გამოყენებას" და "ცილისწამებას" პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული რეგიონის დატოვება.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და 11 თვეა, მისი უფლებები ფეხქვეში ითელება.

მეარაყიშვილის საკითხზე დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ რიგით 88-ე შეხვედრაზეც იმსჯელეს.  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის უფლებების დაცვა მოითხოვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თუმცა ოსური მხარის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მეარაყიშვილი "არანაირ ტყვეობაში არ არის, ხოლო მისი, როგორც სამხრეთ ოსეთის მოქალაქის მიმართ წაყენებული ბრალდებები სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეა".