თავდასხმა ავტობუსში: მოზარდის დაჭრის გამო ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

10 July, 2018   2 თვის 1 კვირის წინ
427

 

სამართალდამცველებმა მოზარდის დაჭრის გამო 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს. შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ, ნომერ 140-ე ავტობუსში მგზავრობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი კ.მ. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს და დაათვალიერეს ავტობუსის შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მომხდარი ფაქტი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.