რა ღირს აფხაზური “ვიზა” გალელებისათვის

2018-07-10 08:09:03
257

გალში აფხაზური ე.წ. ვიზის ასაღებად მოსახლეობას თითქმის ორმაგი თანხის გადახდა უწევს. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აღნიშნავენ, ზაფხულში “ვიზებზე” მოთხოვნა საგრძნობლად მატულობს და აფხაზი ჩინოსნებიც ამ გზით ფულის შოვნის შანსს ხელიდან არ უშვებენ.

„ამ სეზონზე თითქმის ყველას ჩამოჰყავს ნათესავები: ზოგს - შვილი, ზოგს - შვილიშვილები, ამისთვის კი აუცილებელია ვიზის აღება, რომელსაც სოხუმში და გალშიქართული (ე.წ. საზღვარგარეთის) პასპორტის საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ გასცემენ. ვიზა ორი სახისაა – 10-დღიანი და 1-თვიანი. გალში 10-დღიანი ვიზის აღება 1800 რუსული რუბლი ჯდება (72 ლარი), სოხუმში კი - 700 (28 ლარი). ერთთვიანი „ვიზა“ გალში 2800 რუსული რუბლი ღირს (112 ლარი), სოხუმში კი - 1400 (56 ლარი),” – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა რ.ა.-მ.

ადგილობრივები საფასურში სხვაობის მიზეზად კორუფციას ასახელებენ.

„არანაირი სხვაობა გალსა და სოხუმში გაცემულ საბუთებს შორის არ არის, ორივე ადგილას ერთნაირად ხდება ჩაბარება და გაცემის ვადებიც ერთნაირია. მიზეზი მხოლოდ ფულის შოვნაა ქართველების ხარჯზე, რადგან ამ სეზონზე ყველას უნდა, ოჯახის წევრი და ნათესავი სახლში ჩაიყვანოს სტუმრად, ამიტომ ფულის გადახდასაც მარტივად თანხმდებიან. საბუთები ერთ ადგილას, სოხუმში მზადდება, შესაბამისად, გალში რასაც აბარებ, ისევ სოხუმში იგზავნება, დამატებით ჩვენს მიერ გადახდილი თანხა კი ვიღაცის ჯიბეში მიდის“, – აღნიშნა DFWatch-თან საუბრისას გალის მკვიდრმა ლ.ნ.-მ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ენგურს გადმოღმა მცხოვრებთათვის, ვისაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღიარებული სხვა საბუთი (ე.წ. ბინადრობის მოწმობა, წითელი საბჭოთა პასპორტი, ფორმა 9) არ გააჩნია, გალის რაიონში მოსახვედრად “ვიზა” ერთადერთი საშუალებაა.

ამ საბუთის მფლობელებს რუსი მესაზღვრეები პასპორტში დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბეჭედს უსვამენ.

გალში ყოფნის უფლება მხოლოდ „ვიზით“ განსაზღვრულ ვადაშია შესაძლებელი, დროზე ადრე ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში კი უკან დაბრუნება შეუძლებელია. გარდა ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია 10-დღიანი ვიზის ისევ 10 დღით ან ერთი თვით გაგრძელება. „ვიზის“ მფლობელებს გადაადგილების უფლება აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე აქვთ.

წყარო: http://dfwatch.net