"საქართველომ პარტნიორებთან სამხედრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით უნდა იმუშავოს“

2018-07-09 14:55:23
198

11-12 ივლისს ბრიუსელში ნატო–ს სამიტი გაიმართება. უკვე თითქმის 100%-იანი სიზუსტითაა ცნობილი, რომ საქართველო MAP-ს ვერც ამ სამიტზე მიიღებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როცა ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით ხელშესახები პერსპექტივა სადღეისოდ არ ჩანს და დიდი ალბათობით, არც უახლოეს წლებში გამოჩნდება, უმჯობესი იქნება, საქართველომ აშშ–სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე აიღოს გეზი.  

„საქართველოსთვის იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, თუმცა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს“, – განუცხადა „აქცენტს“კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა პოლ სტრონსკიმ.

მისივე თქმით, თბილისი უკვე აკმაყოფილებს სამხედრო კუთხით არსებული კრიტერიუმების უმეტესობას, თუმცა საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი ნატო-ს ლიდერების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და სადღეისოდ ამას ალიანსის წევრი ბევრი ევროპული ქვეყანა ეწინააღმდეგება.

„ვფიქრობ, ალიანსმა უნდა გააძლიეროს უკვე არსებული მექანიზმები, რათა საქართველოს ნატო–ს სტანდარტებთან დაახლოებასა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმაროს. თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველო მხოლოდ ამის გაკეთებას არ უნდა დაელოდოს. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის მმართველ ძალებს, განიხილონ დამატებითი შესაძლებლობებიც.  აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობების მიმართ უფრო მეტ ერთგულებას იჩენს, ვიდრე მრავალმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობების მიმართ. მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვნახეთ აშშ–ის მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით და ნატო-ს რამდენიმე არაწევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით, ფინეთსა და შვედეთთან. ამრიგად, ნამდვილად არსებობს შანსები საქართველოსთვის და მან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. მით უფრო, იმ ფონზე როცა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი სამხედრო კავშირები ბოლო პერიოდშიც გამყარებას განაგრძობს . ამის მაგალითია, თუნდაც „ჯაველინების“ გადაცემა საქართველოსთვის, რაც ობამას ადმინისტრაციას არ გაუკეთებია“, – განაცხადა სტრონსკიმ და იქვე დასძინა, რომ „საქართველომ ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების გამყარების თვალსაზრისით არა მარტო აშშ–სთან, არამედ სხვა პარტნიორებთანაც უნდა იმუშავოს“.  

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ–ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტიც მიიჩნევს, რომ სადღეისოდ ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კუთხით „დიდ ნაბიჯებს“, მათ შორის საქართველოსთვის MAP მინიჭებით ვერ გადადგამს.

"მიუხედავად იმისა, რომ ნატო–ს წევრები ძალიან ფრთხილობენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, მათ სურთ, განიხილონ დამატებითი თანამშრომლობის გზები, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს და გაზრდის ქვეყნის შეირაღებული ძალების თავსებადობას ნატო–ს ძალებთან.

ძნელია, იწინასწარმეტყველო როდის შეიცვლება სკეპტიკოსების მიდგომა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ, თუ საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზებას გააგრძელებს (მათ შორის, უზრუნველყოფს სამხედრო კუთხით სრულ  თავსებადობას ნატო–ს სტანდარტებთან და ითანამშრომლებს ალიანსთან, როცა უსაფრთხოების გამოწვევები წარმოიშობა) და სრულად დარჩება ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზაზე, ამ სკეპტიკოსების ხედვა შეიცვლება“, – განუცხადა ჰერბსტმა „აქცენტს“.

 

მარი ჩუბინიძე

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"