„რუსეთის საელჩო“ სოხუმში: „სად გაქრა მილიონობით დოლარი და ევრო, რომელსაც დასავლეთი დევნილებისთვის გამოყოფდა?“

2018-06-13 21:17:05
205

„რუსეთის ფედერაციის საელჩი რესპუბლიკა აფხაზეთში“ გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დევნილების შესახებ რეზოლუციის ქართული პროექტის კენჭისყრის შედეგებს ეხმიანება. მისი განცხადების ტექსტი „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ:

„გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-11-ჯერ დაუჭირა მხარი ქართული დელეგაციის მიერ თავს  მოხვეული რეზოლუციის პროექტს.

გაეროს წევრი სახელმწიფოების გადამწყვეტი უმრავლესობა ამ წამოწყებაში აზრს დიდი ხანია, ვეღარ ხედავს. ამასთან, ნათელია, რომ იმ ქვეყნებმაც კი, რომელთაც ავადსახსენებელ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ეს ავტომატურად, თბილისთან ხელოვნურად პოლიტიზირებული სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს. ყველასთვის ნათელიაისიც, რომ არანაირ პრაქტიკულ შედეგებს ეს რეზოლუციები არ და ვერც მოიტანს, რადგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს კონფლიქტები უკვე ათწლეულებია, სახელმწიფოთაშორის ხასიათს ატარებს და უნდა გადაიჭრას საერთაშოისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, და არა სააკაშვილის დროინდელი უსაფუძვლო პროპაგანდის გაგრძელების საფუძველზე.

ისმის კითხვა, როგორ შეიძლება, შეიტანო გაეროში განსახილველად საკითხები, რომელსაც, ქართული მხარის ლოგიკით, კავშირი აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენულ ტერიტორიებთან, და არ მიიწვიო განხილვაზე ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები?!

სხვათა შორის, გააქვს რა წლიდან წლამდე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიზირებული, თანამედროვე ცხოვრების რეალობისგან შორს მდგომი ფსევდოდოკუმენტების პროექტები, საქართველო ამით მხოლოდ აღიარებს საკუთარ უუნარობას (ან სურვილის არქონას), საბოლოოდ გადაჭრას მისივე დევნილების პრობლემები.

საინტერესოა, სად გაქრა მილიონობით დოლარი და ევრო, რომელიც 10 წლის წინ თბილისს ესოდენ გულუხვად გამოუყვეს დასავლელმა სპონსორებმა დევნილებისა და ე.წ. გადაადგილებული პირების საჭიროებისათვის?...

დასასრულს – რამდენიმე სიტყვა კენჭისყრის შედეგებზე. წელს რეზოლუციის პროექტს მხარი 81 ქვეყნის დელეგაციამ დაუჭირა, წინააღმდეგი 16 იყო, 62-მა თავი შეიკავა, 34 კი კენჭისყრის პროცესში არ მონაწილეობდა. გასულ წელს ეს ციფრები, შესაბამისად, შეადგენდა 80-ს, 14-ს, 61-ს და 38–ს. რომც არ ჩავეძიოთ დეტალებს, ყველასთვის ცხადია, რომ იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც ქართულ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ, სტაბილურად აღემატება 100–ს და მნიშვნელოვნად აჭარბებს მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობას.

ეს ადასტურებს თეზისს იმის შესახებ, რომ ქართულ მხარეს არ აქვს სურვილი, აწარმოოს საქმიანი და კონსტრუქციული საუბარი მის მეზობლებთან ურთიერთობების პოლიტიკურ–სამართლებრივი ნორმალიზების პერპექტივების შესახებ. ეს არის გზა არსაით“.