ცვლილებების შემაფერხებელი თუ მეხამრიდი ივანიშვილისთვის: რატომ გაუშვეს პრემიერი

2018-06-13 21:08:32
422

 

"ქართულ ოცნებაში“ გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ ჯერ კიდევ გუშინ იყო მოლოდინი სამთავრობი ცვლილებების გამოცხადების შესახებ. ვრცელდებოდა ინფორმაცია პრემიერ–მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზეც. სხდომის დასრულების შემდეგ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, არა აღნიშნულ თემას, არამედ UNICEF-ის მძიმე კვლევის გამო შეიკრიბა როგორც მინისტრთა კაბინეტი, პარტიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და საპარლამენტო უმრავლესობა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მთავრობას უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმა უნდა წარმოედგინა. დღეს კი პრემიერ–მინისტრი საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე დაემშვიდობა და როგორც თავად ბრძანა, საკუთარი სურვილით. აღსანიშნავია, რომ გამოსამშვიდობებელი სიტყვა კვირიკაშვილმა ეკონომიკურ მიმართულებებს მიუძღვნა და არ შეხებია ქვეყანაში უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

რას უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება და რას მოუტანს ეს საზოგადოებას, ამ საკითხებზე აქცენტი“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.


კორნელი კაკაჩია: „ქართულ ოცნებას“ მისი მმართველობის განმავლობაში პირველად შეხვდა გარკვეული პოლიტიკური გამოწვევა და აი, ამ პირველი პოლიტიკური კრიზისის დროს გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის ერთიანობა ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებით. მათ შორის, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა თემებთან მიმართებაში. ეს კრიზისი ეხლა არ დაწყებულა. „ქართული ოცნების“ შიგნით კრიზისი დიდი ხანია არის, ვინაიდან თავად კონგლომერატი „ქართული ოცნება“ ძალზედ ჭრელია (აერთიანებს სოციალისტებს, მემარჯვენეებს, კონსერვატორებს). თავად პრემიერ–ინისტრმა თქვა, რომ „მე მემარჯვენე პოლიტიკას ვატარებო“, ამ დროს მთლიანი პარტია სოციალისტური ინტერნაციონალის დამმკვიდრებელია.  ამ ყველა ჯგუფს ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი აერთიანებდა. გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამდე მმართველი პარტია ამ განსხვავებული შეხედულებების გამო ფაქტობრივად დაშლილი იყო. მართალია, მან ეს პროცესი გარკვეულწილად შეაჩერა, მაგრამ ამას დაემატა მეორე კრიზისი სარალიძესთან დაკავშირებით და რომელმაც კიდევ უფრო მეტად აჩვენა, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე და საკუთრივ „ქართულ ოცნებაზე“ როგორც პარტიაზე, გაიზარდა. ამას ემატება ძალზედ მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პირობები. კვლევებიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგით სხვა პარტიებს უსწრებს, მაგრამ მისი რეიტინგიც საგრძნობლადაა დაცემული. ეს ის პერიოდია, როდესაც ხელისუფლებამ ერთგვარად განგაშის ზარების რეკვა უნდა დაიწყოს. ამდენად, მთელი ეს სიტუაცია ითხოვდა გარკვეულ მსხვერპლშეწირვას და როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ სჯობდა, ამ ვითარებაში მსხვერპლად კვირიკაშვილის დაჯგუფება შეეწირათ. მისმა გადადგომამ ერთგვარი მეხამრიდის როლი უნდა შეასრულოს, ძირითადი დარტყმა რომ არ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და საკუთრივ ბიძინა ივანიშვილმა, ვინაიდან მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მოსაზრება, „რომ თავად ბიძინა კარგი ადამიანია, უნდა, რომ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდეს, მაგრამ ესენი ვერაფერს აკეთებენო“. მაგრამ თუ დავაკვირდებით ვითარებას, მოვლენები თანდათან იქით მიდის, რომ გარკვეულ დროს აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკვე უშუალოდ ივანიშვილის წინააღმდეგ მიიმართება უკმაყოფილება. ეს საზოგადოებრივ განწყობებში საკმაოდ აშკარად ჩანს. ივანიშვილმა იცის, რომ საბოლოოდ მაინც მას მოეკითხება პასუხი და დაინტერესებულია იმით, რომ ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. ჩვენში საერთოდ ასე ხდება, რომ ამა თუ იმ ლიდერს მიადგება ხალხი და შემდეგ მისი ლინჩის წესით გასამართლებას, ან გაძევებას და რამე ამდაგვარს ითხოვენ. გვახსოვს, როგორც ამთავრებდნენ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილს. მოვლენათა ამ სცენარით განვითარება ივანიშვილს არ აწყობს და სურს, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება  რბილად გადაიტანოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საფეხბურთო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი აქვს და ვინ შეცვლის ამ ხალხს, ცოტა გაუგებარია. „ქართული ოცნება“ აშკარად არაა კადრების სამჭედლო. დიდი ხანია ვიცით, რადენიმე გამონაკლისის გარდა თანამდებობებზე პარტიებიდან კი არ ხდებოდა კადრების შერჩევა, როგორც ნორმალურ ქვეყნებში, არამედ იწვევდნენ გარედან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, ვერ შედგა და ვერ შობს ახალ ლიდერებს. ამ ვითარებაში ვინ შეცვლის თანამდებობიდან მიმავალ ადამიანებს და რაც მთავარია, რას მოიტანს ეს ცვლილებები, ცოტა გაუგებარია. თუ გავითვალისწინებთ კვირიკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი გუნდი ატარებდა მემარჯვენე პოლიტიკას, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი გუნდი ამ პოლიტიკას კარდინალურად შეცვლის.

თქვენ მსხვერპლი ახსენეთ და არა ცვლილებები. არადა თუ უკანასკნელ მოვლენებს გადავავლებთ თვალს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოთხოვნები სწორედ, რეალურ ცვლილებებს ეხებოდა სხვადასხვა მიმართულებით...

მანდ არის პრობლემა, რომ სიტუაცია მოითხოვს სწორედ რეალურ, კარდინალურ ცვლილებებს, რადიკალურ რეფორმებს, მართლმსაჯულების, სასამართლოს, პროკურატურასთან დაკავშირებით და სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ ამისთვის მზადაა. ამიტომაცაა, რომ ის გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უშველის მმართველ გუნდს, რადგან საზოგადოება ცვლილებებს დაჟინებით ითხოვს და ამას ერთი ან ორი ბარტყის გადაგდება არ უშველის. ეს ცვლილებები ითხოვს სრულიად ახალ ხედვებს, ახალ იდეებს, რომელიც არ ჩანს და „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია. ახალმა გუნდმა შესაძლოა, მიაგოროს ვითარება 2020 წლამდე და თუ მიაგორეს, ეს ყველაზე დიდი წარმატება იქნება.

მსგავსი მანევრი ისევ მუშაობს?

ცოტა ხნით იმუშავებს, დრო შეიძლება, მოიგონ, მაგრამ მთლიანობაში ეს კონტრპროდუქტიულია იქიდან გამომდინარე, რომ როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებას  ახალი ხედვა სჭირდება, მათ შორის სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე და ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისგან“ არ ჩანს. სამწუხაროდ, არც ოპოზიციისგან. მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება. სადღეისოდ მას მარგინალიზებული ოპოზიცია შველის – მმართველი გუნდისთვის რეალური კონკურენტი არ ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე მუდმივად გაგრძელდება. საქართველოში ხშირად გვინახავს მსგავსი სიტუაციები, როდესაც არჩევნებამდე მცირე ხანი რჩებოდა, ოპოზიცია დისკრედიტირებული ჩანდა, მმართველ გუნდს კი ეს გულს აძლევდა. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში ხშირად სწორედ საზოგადოება იღებს მოულოდნელად გადაწყვეტილებას. საზოგადოებრივი განწყობა ბევრ რამეს ცვლის, მათ შორის რეჟიმსაც. ამდენად, როგორი იქნება საზოგდაოებრივი განწყობა ერთი წლის თუ 6 თვის შემდეგ, და რა ცვლილებებს მოიტანს ეს, ვნახავთ.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“