„საქართველოში მმართველობისა და სტაბილურობის კუთხით ისეთივე ვითარება იქნება, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო“

2018-06-13 20:27:24
333

„საქართველოში მმართველობისა და სტაბილურობის კუთხით ისეთივე ვითარება იქნება, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო“, – ამის შესახებ „აქცენტს“  ექსპერტმა  საქართველოს საკითხებში ლინკოლ მიტჩელმა განუცხადა.

როგორც ექსპერტი აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო მათთვის, ვინც საქართველოს შიდა პოლიტიკის ამბებს თვალყურს მჭიდროდ ადევნებს.

„ჩემი აზრით, საერთო ჯამში, საქართველო პროდასავლურ კუსრსს შეინარჩუნებს. ვფიქრობ, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების მიმართულებით ქვეყნის ნელი, მაგრამ, როგორც წესი, მყარი ტრაექტორია გაგრძელდება“, – განაცხადა მიტჩელმა.

მისივე თქმით, კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა „კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ საქართველოში ნამდვილი ძალაუფლების მქონე პირი ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილია“.

„კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა, როგორც კვირიკაშვილის ადგილზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იქნებოდა, დრო და დრო რთულდებოდა და საბოლოოდ გაწყდა. ამის ერთ–ერთი მიზეზი საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური დაძაბულობებია. ქართული დემოკრატიისა და ინსტიტუტის მშენებლობისათვის საუკეთესო სცენარი იქნებოდა, თუ ივანიშვილი თავად დაბრუნდება პრემიერ-მინისტრად, ამის შემდეგ აღარ იქნებოდა სპეკულაციები, იმის თაობაზე თუ ვის ხელშია რეალური ძალაუფლება. თუმცა მოვლენების ამ სცნარით განვითარებას არ ველი.  ჩემი აზრით, დღეიდან ორ თვეში პოსტს ახალი პრემიერი დაიკავებს და ვითარება საქართველოში მეტწილად ისეთივე იქნება, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო, ვგულისხმობ მმართველობასა და სტაბილურობას. ასე, რომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მთავრობა ჩამოიშლება ან საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია მოხდება“, – განუცხადა „აქცენტს“ მიტჩელმა.