პანკისის დილემა: „ბევრჯერ მიფიქრია, ქვეყნიდან წავიდე“

2018-06-13 17:48:26
718

 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ ხეობაში წარმოქმნილი საპროტესტო მუხტი არ ცხრება http://accent.com.ge/ge/news/details/51307. ხეობის მაცხოვრებლები რელიგიური დღესასწაულის დასრულების შემდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბური პროტესტი ხეობისთვის უჩვეულოა. ისიც უნდა ითქვას, მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ სოლიდარობამ ხეობაში არსებული ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი [ხეობაში ცხოვრობენ ტრადიციული ისლამის მიმდევრები და სალაფიტები. უშუალოდ სალაფიტები კი ორ ჯგუფად იყოფიან] გააერთიანა. გუშინ კი გაირკვა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო http://accent.com.ge/ge/news/details/54448, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუხლს არ გვიმხელენ. აღიქვეს თუ არა ეს ფაქტი მაჩალიკაშვილებმა ზეწოლის მცდელობად, მით უფრო, რომ მანამდე თემირლანის მამა თვალთვალზე და მის წინააღმდეგ გარკვეულ აქტივობებზე ამახვილებდა ყურადღებას.  


მაჩალიკაშვილის ადვოკატის თამთა მიქელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ცინიზმად აფასებს. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას, რომელიც შესაძლოა, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მიმართ ჰქონდეთ მაჩალიკაშვილების ოჯახს და საზოგადოებას:

„ეს სუს-ის მხრიდან პოლიტიკური ცინიზმია მაშინ, როდესაც სწორედ ამ უწყების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოხდა ბრუტალური სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი თემირლან მაჩალიკაშვილის და ამავდროულად, სწორედ ამ უწყებამ ჩაატარა მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლში ძალიან მძიმე სპეცოპერაცია, რომელიც ღირსების შემლახავი მოპყრობით დაიგეგმა“.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის განცხადებას, მისივე თქმით, მაჩალიკაშვილმა პირველივე დღეებში განმარტა, რომ ეს იყო ემოციური განცხადება და არსებითად საუბრობდა თვითაფეთქებაზე, როგორც პოლიტიკურ სუიციდზე. 

ხეობის მკვიდრები საჯაროდ იშვიათად, მაგრამ პირად საუბრებში ხშირად საუბრობენ სხვადასხვა სახის ზეწოლაზე. „ჩუმი საჩივრის“ ადრესატი კი ყოველ ჯერზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.  ზეწოლაზე საუბრობს პანკისის ხეობის მკვიდრი, ერთ–ერთი აქტიური მოქალაქე მუსა პანკისელი. როგორც პანკისელი აქცენტს“ უყვება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მუქარის შემცველი გზავნილები მის საჯარო აქტიურობას ოპერატიულად მოჰყვა – მის პროტესტის საგანს ხეობაში არსებული სოციალური პრობლემები, ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკა და საზოგადოებაში გაჩენილი სტერეოტიპები წარმოადგენდა. ამავე თემებზე საუბრობდა მედიასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკმაყოფილების საფუძველი გახდა. შეუთვალეს, „საჯარო აქტიურობას შეეშვიო“. გზავნილები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ გახშირდა.


მუსა პანკისელი: შემომითვალეს, „ურჩევნია გაჩერდესო“.  ამ ეტაპზე სახელს და გვარს არ დავაკონკრეტებ, ისე კი ვიტყვი, რომ ეს გზავნილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყო.

აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობასთან მიმართებაში პოლიტიკა შეცვალოს. სადღეისოდ ხეობას მთლიანად ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ, რაც უპირველესად, თავად სახელმწიფოს აზიანებს.  სამწუხაროა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნის ყველა მთავრობას ხეობის მიმართ ერთნაირი პოლიტიკა აღმოაჩნდა – ძალისმიერი მეთოდი, ხეობაში ძალის დემონსტრირება. თავდაპირველად, იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება მისი წინამორბედების შეცდომებს არ დაუშვებდა, თუმცა უშედეგოდ – მათაც იგივე გზა არჩიეს.სადღეისოდ გვაქვს რეალობა, რომ ქვეყნის მთავრობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, ამ რეგიონების განვითარების მიმართულებით არანაირი მწყობრი ხედვა არ გააჩნია. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდი, რაც, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ უკუშედეგის მომცემია – ამუხრუჭებს ინტეგრაციის პროცესს და საზოგადოების განვითარებას.

ქისტებმა როგორც არასდროს, ახლა დაიწყეს უფლებებზე საუბარი. რაც, ჩემი ხედვით, იმას ნიშნავს, რომ ინტეგრაციის პროცესი მიდის, ადამიანებს სურთ, ისინი სრულფასოვან მოქალაქეებად აღიარონ და ქვეყნის ცხოვრებაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

პანკისში საჯაროდ დაფიქსირებულ ამ მასშტაბის პროტესტს საზოგადოება არაა მიჩვეული. როგორ ფიქრობ, შენს თქვენს მიერ ნახსენები რეალობა რამ შექმნა – ზეწოლამ თუ ცნობიერების ამაღლებამ?

მთელი ჩემი ბავშვობა ამ პროცესებს ვუყურებდი. ასე გავიზარდე. დაიღალა ხალხი. ყველგან გავიწროებენ – აეროპორტებში, მეტროში, საჯარო სამსახურებში და ა.

რიტორიკულ კითხვას ვსვამ – თუ ყველგან შემავიწროებ, ყველა კარს ჩამიკეტავ, სად წავიდე? რას მიპირებ? მოკლედ, მიდგომები უნდა შეიცვალოს. პოლიტიკოსები აქტიურად უნდა გადიოდნენ რეგიონებში, პირადად ეცნობოდნენ არსებულ ვითარებას. მხოლოდ ძალოვანების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. ეს ძალიან რთული და ვრცელი თემაა.

ანუ ინტეგრაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია? ვგულისხმობ ყოველდღიურ ყოფას, რიგით ადამიანებთან ურთიერთობას...

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა შენ იწყებ აქტიურობას. ქისტები ყველაზე ინტეგრირებული ერია საქართველოში, მაგრამ როცა დასაქმების ამბავი დგება, პრობლემები მაშინვე იჩენს თავს.

ანუ ისევ პოლიტიკამდე მივდივართ...

დიახ. გამგეობაში არც ერთი ქისტი არ მუშაობს და იცით რატომ? სუს–ი ბლოკავს.

როგორ ფიქრობ, ტერორიზმის კონტექსტში ხეობის მოხსენიებამ ადგილობრივებისთვის ახალი გამოწვევები გააჩნია?

თემირლანის ამბების შემდეგ ძალიან ბევრ უცხოელს თუ ადგილობრივს შევხდი. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება კიდეც. მაქსიმალურად ვაქტიურობთ, რომ პანკისის ხეობის შესახებ უცხოელებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ძალიან ხშირად თავად თბილისშიც კი არ იციან, ვინ ცხოვრობს ხეობაში და რით არსებობს ეს ხალხი. აქ ჩამოსულები კი სასიამოვნოდ გაკვირვებულები რჩებიან. წარმოდგენებია, თითქოს პანკისის ხეობის ხალხი მეთვრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი. სიტუაციის გაცნობის შემდეგ კი აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს ხალხი ბევრად უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვიდრე ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი.

და ეს „სწორი ინფორმაცია“ რას მოიცავს? რა გინდათ, რომ იცოდეს როგორც საერთაშრისო, ისე ადგილობრივმა საზოგადოებამ? 

როდესაც "პანკისს" უცხო ენაზე "დაგუგლავ", მხოლოდ ნეგატიური შინაარსის ინფორმაცია გხვდება – "ვაჰაბიტები", "ექსტრემისტები", "რადიკალები" და ა.შ. გვინდა, სადაც ხმა მიგვიწვდება, ყველას გავაგებინოთ, რომ დღეს პანკისის ხეობა ასეთი არაა. შსს–მ განასაჯაროვოს სტატისტიკა პანკისთან დაკავშირებით – როგორია ქურდობის, ყაჩაღობის და სხვა სახის ძალადობრივი აქტის პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ასზე მეტი ტერორისტული აქტია მომხდარი. არც ერთი ტერორისტული აქტი არაა ჩადენილი ქისტის, ან ზოგადად მუსულმანის მიერ. ნახეთ ეს სტატისტიკაც. 

მუსა, ისიც ხომ ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ, მრავლად ფიქსირდებოდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებში როგორც "წამყვან თანამდებობებზე", ისე რიგითი მებრძოლების რანგში...

მე ვსაუბრობ პანკისზე და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ხშირად არის მცდელობა, პანკისის თემის დაკავშირება მოხდეს საერთაშორისო ტერორიზმთან. და ზევით მოხსენებული ფაქტებიც ამიტომ მოვიყვანე. არსად არანაირი ფაქტი იმისა, რომ საერთაშორისო კი არა, არამედი ჩვენი ქვეყნის მაშტაბითაც მსგავსი რამ მომხდარიყოს არაა.

თქვენ საუბრობდით ხეობის პრობლემებზე, რეგიონის განვითარების აუცილებლობაზე და ა.შ. იცით, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ანალოგიური პრობლემებია. ისიც მესმის, რომ ხეობას საკუთარი მახასიათებელი აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში გარკვეული სახის აქტივობა შეინიშნებოდა, მაგალითად არასამთავრობოების მხრიდან, იყო სახელმწიფო პროექტებიც... 

პროექტები კარგია, თუმცა აქაც ჩემი შენიშნვები მაქვს. ესეც ვრცელი თემაა. შევეცდები, მოკლედ გითხრათ – ამ ყველაფრის შედეგი რა არის? არ ვამბობ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ მილიონებია დახარჯული და ეს ხომ უნდა ჩანდეს? ხორციელდება რაღაც პროექტები, ახალგაზრდებს ვითომ ტრეინინგებს უტარებენ, გამოცდილებას უზიარებენ და ამის შემდეგ რა ხდება? სად წაიღოს ამ ახალგაზრდამ ეს გაზიარებული გამოცდილება, როდესაც მას დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აღარ აძლევენ? პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგაა საჭირო ხელშეწყობა. ამ პროცესებშიც ერთი და იგივე ადამიანები არიან ჩართულები. ანუ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ხარვეზები ჩანს. 

ძალიან კარგი იქნებოდასპორტსმენებისთვის დიდი ბაზა აშენდეს ხეობაში, სადაც საერთაშორისო ტურნირები ჩატარდება. ამ შემთხვევაში, ბევრი სტუმარიც ჩამოვიდოდა, დაიტვირთებოდა საოჯახო სასტუმროები, კაფერესტორნები. როგორც ეკონომიკური, ისე ხეობაზე შექმნილი სტერეოტიპების მსხვრევის თვალსაზრისითაც ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. ამასწინათ ამ პროექტთან დაკავშირებით ესპანელ ექსპერტს შევხდი. ასევე შევთავაზე იდეა ჩვენი სტუდენტების დაფინანსების თაობაზე. შეიძლება, ყველა ვერ დაფინანსდეს, მაგრამ იქნებ შეჭირვებული ოჯახებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის მაინც გამოიყოს თანხები. ეს დიდ სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს.

ისმის წუხილები, ხეობა იცლებაო. რეალურად დგას ეს საფრთხე?  

იმავე მიზეზების გამო, რაზეც უკვე ვისაუბრე, მეც ბევრჯერ მიფიქრია, ქვეყნიდან ოჯახთან ერთად წავიდე. არ ვიცი, იქნებ ვიღაცას უნდა კიდეც, ხეობა რომ დაიცალოს.

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“