“შაჰი” ქართულ ეკლესიას

2018-06-12 16:19:03
401

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1990-იანების დასაწყისში უკრაინამ, ერთ-ერთმა პირველმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, საკუთარი, დამოუკიდებელი, ან, საეკლესიო ენით რომ ვთქვათ, ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბების საკითხი დააყენა. მაშინ ამ იდეის მთავარ ინიციატორსა და ლიდერს – კიევის ამჟამინდელ პატრიარქ ფილარეტს (დენისენკო) ჯერ საეკლესიო წოდება ჩამოართვეს (1992 წ.), ხოლო შემდეგ (1997 წ.) ეკლესიისგან განკვეთეს. თუმცა იმ დროიდან მოყოლებული, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემა მუდმივად იდგა დღის წესრიგში და როგორც საეკლესიო იერარქების, ისე მრევლისა და საერო ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა ამ მიზნის მისაღწევად. წელს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი საეკლესიო თარიღია – კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030-ე წლისთავი, და უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის თემა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა. შეძლებს თუ არა 50-მილიონიანი ქრისტიანი უკრაინელი ხალხი და ამჟამად ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სამ ნაწილად (კიევის საპატრიაქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია) დაყოფილი უკრაინული ეკლესია, 30-წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ ავტოკეფალია ამჯერად მაინც მოიპოვოს? საეკლესიო საკითხებში ჩახედულები თვლიან, რომ ამ 30 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და ამჯერად უკრაინას კარგი შანსები აქვს.

ასე თვლის აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” საბჭოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), რომელმაც “Эхо Кавказа”-ს უკრაინული საეკლესიო საკითხის საკუთარი ხედვა გაუზიარა და იმაზეც ისაუბრა, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები აფხაზური ეკლესიის ირგვლივ, თუ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიას მიიღებს (https://www.ekhokavkaza.com/a/29281722.html).

ერთ-ერთ ნიშნად იმისა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ამჯერად შესაძლოა, მართლაც გადაიჭრას, არქიმანდრიტი დოროთე მსოფლიოს გავლენიანი სასულიერო პირების ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს ასახელებს:

ყველაფერი, რასაც ვხედავ და ვკითხულობ, მიანიშნებს იმაზე, რომ თემა მართლაც სერიოზულად განიხილება. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის ისეთი ცნობილი წარმომადგენელიც კი, როგორიცაა არქიმანდრიტი კირილი (გოვორუნი), რომელიც ათონში სწავლობდა, წერს, რომ უკვე მზადაა “ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსის” ტექსტიც და ის შეადგინა ათონის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელთანაც ის ოდესღაც სწავლობდა”.

ამის კიდევ ერთ სარწმუნო ნიშნად მას მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მივლენილი პირების გააქტიურებული ვოიაჟები და მოლაპარაკებები მიაჩნია:

ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები – მიტროპოლიტები იოანე (ზიზიულასი) და ბართლომე (სამარასი), ასევე რიგი სხვა პირები სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებში ვიზიტებს ახორციელებენ. ანუ, მსოფლიო საპატრიარქოს ახლა სურს, 14-ვე დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებები შეიტყოს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭების საკითხზე და თუ უმრავლესობა დადებით პოზიციას დააფიქსირებს, ვფიქრობ, საკითხი დადებითად გადაწყდება”.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელმაც შესაძლოა, ამჯერად უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება განაპირობოს, არქიმანდრიტი დოროთე კუნძულ კრზე გამართულ ბოლო დიდ საეკლესიო კრებაში (2016 წლის 16-28 ივნისი) ოთხი ეკლესიის არმონაწილეობას მიიჩნევს:

ჯერ კიდევ იმ კრების მიმდინარეობისას ვთქვი, რომ ოთხი ეკლესიის დემარში უკვალოდ არ ჩაივლიდა (http://accent.com.ge/ge/news/details/17455, http://accent.com.ge/ge/news/details/17677). მისი დასრულებისთანავე კრების მდივანი, არქიეპისკოპოსი იობი (გეჩა) – კანადაში დაბადებული უკრაინელი, რომელიც უკრაინულ ენას ფლობს, უკრაინაში იქნა მივლენილი ქვეყნის ხელისუფლებასთან და უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი სამი ეკლესიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გასამართად. სწორედ იმ განხილვებისას იქნა, როგორც ჩანს, მიღებული გადაწყვეტლება უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. [] მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები ახლა საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მიტროპოლიტი ილარიონი ახლა სხვადასხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ხვდება და უკრაინული ეკლესიის საკითხზე ესაუბრება. ანუ, გაფაციცებით ცდილობენ მართლმადიდებელ თანამეგობრობაში მხარდაჭერის მოპოვებას და ეს – ომ ფონზე, რომ თავად დიდი საეკლესიო კრების იგნორირება მოახდინეს! როდესაც იწვევდნენ, “მოდით, ერთად დავსხდეთ და შევათანხმოთ ავტოკეფალიის მინინჭების წესები და პირობებიო», რუსული ეკლესიის წარმომადგენლები არ მივიდნენ, ახლა კი სურთ, მართლმადიდებელი თანამეგობრობა მათ მხარეს იყოს... ჩვენ ვიცით, რომ 10 ეკლესიიდან, რომელიც დიდ საეკლესიო კრებას ესწრებოდა, უმრავლესობა მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას დაუჭერს მხარს, მხოლოდ იმ ოთხი ეკლესიის პოზიციაა უცნობი, რომელიც კრებას არ სწრებოდა. ამდენად, საკითხს დადებითად გადაჭრის რეალური შანსები აქვს და გადაწყვეტილებას უკვე აგვისტოში უნდა ველოდოთ”.

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (http://accent.com.ge/ge/news/details/17677, http://accent.com.ge/ge/news/details/54317). 4 ივნისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის – მიტროპოლიტ ილარიონის სტუმრობის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხში ქართული ეკლესია “ძალზე მოზომილ” პოზიციას დაიკავებს. თუმცა არქიმანდრიტი დოროთე დარწმუნებულია, რომ ამჯერად “ქართული ეკლესიისთვის ჩვეული “არაფრის გადაწყვეტისა” და დროის წელვის პოლიტიკა” აღარ გაჭრის” და რომ საქართველო აფხაზეთის საეკლესიო ტერიტორიას ორივე შემთხვევაში კარგავს – უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის როგორც აღიარების, ისე არაღიარების:

ივნისის დასაწყისში თბილისში რუსული ეკლესიის წარმომადგენლის – ილარიონის ვიზიტის შემდეგ მალევე, ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება. თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე უარს ეტყვის, მსოფლიო საპატრიარქო უფლებას იტოვებს, რიგითობის დაცვით (უკრაინისა და მაკედონიის შემდეგ) აფხაზური ეკლესიის საკითხიც გადაწყვიტოს. ხოლო თუ ქართული ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს დასთანხმდება და უკრაინულიეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, ამით იგი მოსკოვის საპატრიარქოს გაუხსნის ხელს და ამ უკანასკნელმა მშვიდად, უკან და გვერდში მიხედვის გარეშე შეიძლება, გადაჭრას აფხაზეთის საეკლესიო საკითხი ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ამგვარად, შექმნილ ვითარებაში აფხაზეთი, მისი საეკლესიო თემი და სადღეისოდ არსებული საეკლესიო ინსტიტუტები ძალზე მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენც ხომ 25 წელი ვიმყოფებით ასეთ დაკიდებულ მდგომარეობაში და ამჯერად ქართული ეკლესია, რომელიც მთელი ეს წლები ორჭოფობდა, დროს წელავდა და “არაფრის გადაწყვეტის” პოზიციას იკავებდა, ქართული ეკლესია, რომელმაც რუსულის კვალდაკვალ დიდ საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ურთულეს ვითარებაშია. არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ეკლესია დაკარგავს აფხაზეთს, როგორც თავის საეკლესიო ტერიტორიას.

რაც შეეხება იმ ნიუანსს, რომ თავად ოკუპირებულ აფხაზეთშიც ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთში მოქიშპე ორი საეკლესიო ინსტიტუტი არსებობს (ერთი – ბესარიონ აპლიას მიერ მართული “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია” მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება, ხოლო მეორე – დოროთე დბარის მიერ მართული “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია” კონსტანტინეპოლთან ალაგებს ურთიერთობებს), როგორც არქიმანდრიტი დოროთე ირწმუნება, ეს პრობლემა მთავარი მიზნის – დამოუკიდებლობის მისაღწევად მოგვარებადია და მეტიც, ამის მცდელობები უკვე სახეზეა:

კონსტანტინეპოლში აფხაზურ დელეგაციას რამდენიმე პირობა წაუყენეს. მათ შორის იყო ხალხის მხარდაჭერა. და თქვენ იცით, რომ 70 000-მა მოქალაქემ თავისი ეკლესიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. მნიშვნელობა არ აქვს, მამ ბესარიონი იქნება ეს თუ მამა დოროთე – თავის დროზე ერთმაც და მეორემაც დავაყენეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხი. პრინციპში, შეგვიძლია საერთო ენის პოვნა. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის შევხვდი მამა ბესარიონს და განვიხილეთ არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზები, კერძოდ, ის თუ როგორც აღვადგინოთ აფხაზური ეკლესიის ერთიანი ინსტიტუტი, რომელიც სხვადახვა საკითხებს გადაწყვეტს”.

ერთადერთი, რაც, დბარის თქმით, ამ მხირვ ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება, იქცეს, დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა:

საერო ხელისუფლების პოზიციამ შესაძლოა, მართლაც შეგვიშალოს ხელი, რადგან აფხაზეთის საერო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოკიდებულია. თუმცა მისთვის შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ერთი შანსი რჩება: თუ ქართული ეკლესია უკრაინულის ავტოკეფალიის საკითხში მსოფლიო საპატრიარქოს მხარს დაუჭერს და მოსკოვის საპატრიარქო თავისი მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, აქ უკვე, უდავოდ, აფხაზეთის ხელისუფლება ჩვენი საკითხის დადებითად გადაჭრას უპირობოდ დაუჭერს მხარს. ყოველთვის ვამბობდი, რომ აუციელებლია მოთმინება, რომ ვითარება აფხაზეთის ირგვლივ იცვლებოდა და რაც გუშინ შეუძლებლად გამოიყურებოდა, დღეს უკვე სრულიად გადაჭრად საკითხად შეიძლება, იქცეს”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”