«ოცნება» და ოზი ოსბორნი

2018-06-05 15:45:57
420

ამგვარად, გასულმა კვირამ საქართველოში ქუჩის მრავალი წლის განმავლობაში პირველი მღელვარებ მოიტანა. ლეტარგიული ძილით მძინარე საზოგადოებამ ცალი თვალი გაახილა და ახლა ცდილობს, განსაზღვრის ადგეს, თუ კვლავ მიიძინოს...

პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება, გაკეთდეს გასული კვირის მიწურულის მოვლენებიდან, ისაა, რომ ეს მოვლენები “ქართული ოცნების” საუკეთესო, შეიძლება, ითქვას, იდეალურ ლუსტრაციად იქცა: ჯერ არასოდეს გვინახავს მმართველი პარტია ესოდენ გაშიშვლებული.

მოსვლის დღიდან “ქართული ოცნების” აქტივისტების საყვარელი საქმიანობა იყო საკუთარი თავის ქება და მეხოტბეობა: ისინი ისეთი წმინდები არიან და შეუბღალავები, პატივს სცემენ საზოგადოებრივ აზრს, ანგარიშს უწევენ პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებებს, არც კი იციან, რა არის “შავი პიარი”, არ იყენებენ “ტიტუშკებს” და საერთოდაც, მორიდებულები არიან და მოკრძალებულები, როგორც პირველი კურსის ბოტანიკოსი სტუდენტები... ისმენ და ფიქრობ: საერთოდ როგორ მოხვდით ასეთი უმანკო კრავები პოლიტიკაში?

და მაინც, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ბოლო დღეების მოვლენებმა თვალნათლივ წარმოაჩინა: ქვეყანას სათავეში სრულიად უპრინციპო და ამორალური მომხვეჭელების ჯგუფი უდგას, რომელმაც მაშინვე ჩამოიხსნა ნიღაბი, როგორც კი ვითარება შეხურდა... მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ «ქართულ ოცნებას» ძალიანაც კარგად შეუძლია ბინძური შავი პიარი, რომელმაც ქართული შავი პიარის უმდიდრეს ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

მეორე დღესვე, თითქოს ვიღაცას ბრძანება გაეცეს, მედიასა და სოციალურ ქსელებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დისკრედიტაციის აღვირახსნილი კამპანია გაჩაღდა. დაიწყეს ყველაზე მარტივითა და ჩვეულით - “ცხრით” (“სისხლიანი ცხრა წლით”): გირგვლიანის მკვლელობით, რომელსაც წამდაუწუმ იყენებდნენ, თუმცა დღემდე – 13 წლის შემდეგაც რჩება ხელისუფლების ლამის მთავარ არგუმენტად. თუმცა მეორე დღეს, როცა “მეოცენებეების” იდეოლოგების გათვლების საპირისპიროდ, აქცია არ შეწყდა და, ჰოი საოცრებავ, გაგრძელდა, ცხადი გახდა, რომ 9 წლის შესახებ პროპაგანდისტული კამპანია ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს.

ცხადია, არსებობს კატეგორია, რომლისთვისაც საკმარისია, უბრალოდ ციფრი 9 ახსენო და ხორცს ისინი თავად შეასხამენ, თუმცა ნათელია ისიც, რომ სხვადასხვა სიმძიმის საკუთარი ცოდვების დაგროვების კვალდაკვალ წინა ხელისუფლების შესახებ საშინელებებით მომხმარებელთა ზომბირება სულ უფრო ძნელდება.

მაშინ “ოცნების” ოდეოლოგებმა თავად აქციის ინიციატორს – მოკული მოზარდის მამას შეუტიეს... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ დონემდე დაეცემოდნენ... ვფიქრობდი, რაც არ უნდა იყოს, შვილმკდარი მამაა და ბინძური ხელებით მას მაინც ვერ შეეხებიან-მეთქი. მაგრამ შეეხნენ... მთელმა შაბათ-კვირამ მგლოვიარე მამის დევნის ეგიდით ჩაიარა…

ის “ნაციონალებსაც” მიეყიდა”, “საკუთარი ვაჟის ხსოვნაც გაყიდა”, “მისი დაღუპვითაც სკეპულირებს”, “მის სახელსაც იყენებს საპიაროდ”, თურმე, “ოდესღაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრიც ყოფილა” … ალბათ, “ნაციონალების” შვილების მკვლელობა – ეს მართალი საქმეა... “ღირსება” ხომ, “მეოცნებე” იდეოლოგების გაგებით, ისაა, როცა შენ შეგიძლია, მოკლა, ვისაც მოისურვებ, თავად შენ კი ვერავინ შეგეხება, რადგან შენი მხრიდან ეს “მოსულა”, დანარჩენი “გოიმებისთვის” კი აკრძალულია.

შაბათ-კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ბოლოს და ბოლოს, გაცხადდა, ვინ ვინაა და ვინ ვის უკან დგას... რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტმა “ოცნების” ფარული სატელიტებიც გამოავლინა, რომლებიც მასთან თითქოს არ არიან, თუმცა რეალურად, მის ინტერესებს ემსახურებიან.

არა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იწვევდა ეჭვებს ის, რომ “ქართული მარშის” ან “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მსგავსი სხვადასხვა ყაიდის ფაშისტური კანტორები თავისი “კონტრაქციებით” ყოველთვის ჩნდებოდნენ იქ, სადაც ეს ხელისუფლებას სჭირდებოდა. საერთოდ, სწორედ კონტრაციები იქცა არასასურველი აქტივობების აღკვეთის საუკეთესო ხერხად – მარტივია, იაფი, პრაქტიკული და, რაც მთავარია, “ოცნება” არა მარტო “არაფერ შუაშია”, არამედ “ყავისფერი საფრთხისგან” დამცველის როლში გვევლინება.

ასე იყო გასულ კვირამდე – მანამდე, სანამ ხელისუფლებას შეეძლო, საკუთარი თავისთვის საკმარის მანძილზე დისტანცირების უფლება მიეცა მათგან, ვისთვის ხელის ჩამორთმევაც კი ნორმალური ადამიანისთვის სამარცხვინოა. თუმცა ვითარება შეიცვალა, შემწვარმა მამალმა ნისკარტი ჩაასო და ახლა მთავრობას საცერემონიოდ აღარ სცხელა. ბრძოლაში ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, მათ შორის ყველაზე პოპულარულიც - კონტრაქციები.

თუმცა უკაცრავად, კონტრაქციები და “ქართული მარში” კარგად მუშაობს იქ, სადაც მეორე მხარეს “ნაციონალური მოძრაბის” რამდენიმე ათეული აქტივისტია შეკრებილი პარტიულ ოფისში, ან ორი-სამი საყურეებიანი “ქლაბერი”, ან ოთხი-ხუთი ლესბოსელი თუ ტრანსგენდერი. მაგრამ იქ, სადაც რისკავ, შეეჯახო განრისხებული თანამემამულეების დიდ მასას, ქართველი “ტიტუშკები” მყისიერად იქცევიან იმად, რადაც ყველა დამრბევი მსოფლიოს ისტორიაში, დაწყებული გერმანელი აინზაც-ჯგუფებით და დამთავრებული სირიელი შაბიხებით – ლაჩრებად, რომლებიც ძლიერები არიან მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც იმთავითვე უფრო სუსტია. მაგალითად, «ქართულმა მარშმა» აქცია საერთოდ ვერ გამართა – მისი ფარული მმართველები მიხვდნენ: ფაშისტები რომ აქცას თუნდაც მიუახლოვდნენ, თითოეულ მათგანს უბრალოდ ატომებად დაშლიან და ატმოსფეროში გაუშვებენ, და ესოდენ ფასეული რესურსი დაიკარგება.

სხვა ფაშიზოიდები უფრო გამბედავები აღმოჩნდნენ. «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა» აქციის მონაწილეებისთვის არც ერთი უშვერი სიტყვა არ დაიშურა, მრევლს კი მოუწოდა, ტელევიზორს საერთოდ არ უყუროს და აქციისგან თავი შორს ეჭიროს. განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენდა ამ აქციას ის ფაქტი, რომ ამ ორგნიზაციის ერთ-ერთი მამამთავრის ვაჟი, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, კავშირშია დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან...

და მთლად ულამაზო გამოდგა აქცია, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობდა: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები შვილმოკლული მამის დარდს იყენებენ, ჩვენ კი მას ვუთანაგრძნობთ, თუმცა საკითხის პოლიტიზირების გარეშეო.

აპოლიტიკის” ორიოდ საათის განმავლობაში უმთავრესად “ოცნების” წევრები და მათი მხარდამჭერები ცდილობდნენ, კულტურულებად წარმოჩენილიყვნენ. თუმცა ბუნებამ მაინც თავისი ქნა: როდესაც აქციაზე შვილმოკლული მამა გამოჩნდა და განაცხადა, რომ პროტესტს გააგძელებდა, ის ლამის ცემეს, ისევე, როგორც მისი თანმხლები ომბუდსმენი ქალბატონი, რომელსაც დედა აგინეს...

მოკლედ, ლუსტრაცია ჩინებული გამოვიდა... და, რაც მთავარია, ზღვარგადასულად ცინიკური. «ოცნებამ», რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს პროტესტის პოლიტიზირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, ბევრად გადაუსწრო 80-იან წლებში ნარკოტიკით უგონობამდე გაბრუებულ ოზი ოსბორნს ფესტივალზე “როკი ნარკოტიკების წინააღმდეგ».

«ქართული ოცნება» – ეს არის პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყველაფრის პოლიტიზირებისა და პროპაგანდის საფუძველზე მოვიდა. ქვეყნის სათავეში მომავალი ეს პარტია წინა მთავრობას 9 თვის ბავშვის მკვლელობაში, მსჯავრდებულთა ორგანოებით ვაჭრობაში, 2008 წლის ომის დაწყებაში და სხვა მრავალში ადანაშაულებდა. სხვათა შორის, რა ხდება “ჟვანიას მკვლელობის” კუთხით? მიაგნეს საფერფლეს, რომლითაც სააკაშვილმა ჟვანია ცემით მოკლა, თუ ჯერ კიდევ ეძებენ? შეგვატყობინეთ, როცა იპოვით!

«ქართული ოცნება», რომელიც პროცესების “პოლიტიზაციას” ეწინააღმდეგება, დაემსგავსა ხანში შემავალ მეძავს, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმით, როგორ დადის ჩაცმული ახალგაზრდობა.

თუმცა არ ღირს, ამ ყველაფერზე წარსულ დროში ვისაუბოთ, კრიზისი ხომ ჯერ არ დაძლეულა, შვილმოკლული მამა კი ოპოზიციონერებთან ერთად აქციების გასაგრძელებლად ემზადება. ის, რასაც ახლა ვხედავთ, მხოლოდ პირველი ზარია. პირველი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სიჩუმე მატყუარაა და ნებისმიერ წუთს შეიძლება, დაირღვეს მძლავრი აფეთქებით.

შეძლებს თუ არა “ოცნება” დასკვების გამოტანასა და უფრო ეფექტურ ძალად გადაქცევას? ეჭვი მეპარება... პოზიტიური ცვილებების არანაირი პოტენციალი მის ერთადერთ პატრონს – ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია, ხოლო რა შეუძლიათ და რას ფიქრობენ მისი ხელის ბიჭები – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასე, რომ, მოვიმარაგოთ პოპკორნი...

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის პოზიციას ასახავს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას

https://www.ekhokavkaza.com/a/29270799.html