"კარასინი იტყვის, რომ როგორც იქნა საქართველოში საღმა აზრმა გაიმარჯვა" - გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

2018-05-16 15:06:45
1361

უნდა შევიგნოთ რიგითმა მოქალაქეებმა, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის პრეზიდენტად არჩევა ამ შედეგით სრულდება – ასე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა.

ვაშაძის თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება კულუარებში ამ საკითხზე უკვე დაწყებულ მუშაობასთან არ არის კავშირში და ეს განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება. გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მარგველაშვილის განცხადებას გამოიყენებს იმის დასტურად, რომ საქართველოს ხელისუფლება კავკასიაში არსებულ „ახალ რეალობას“ აღიარებს.

„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მითუმეტეს მარგველაშვილი და მითუმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის.

იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დრო არის აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასედაც კარგია კრემლისთვის, ისედაც კარგია კრემლისთვის.

ჩვენ კიდევ როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, კიდევ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„მე მზად ვარ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გიორგი მარგევლაშვილის თქმით, ის ნატრობს დროს, როდესაც რუსეთის ლიდერი მას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება და არა როგორც "ძერჟავის" ლიდერი.

მისივე თქმით, სწორია ის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისმა გუნდმა რუსეთთან მიმართებაში აირჩია.

"ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს: მოდით თქვენ, თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან, ჩვენ მოვალთ დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ. სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რიგით რუსულ ოჯახს... აი, აქედან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი ჩვენ დავლაგდებით. იმიტომ რომ, ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა. ე.ი. ის ისე მელაპარაკება, როგორც მე მელაპარაკება პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი...“, - განაცხადა პრეზიდენტმა.