ქართული ფაშიზმი: ვინ დგას მის უკან და ვის ეკისრება შესაძლო საფრთხეებზე პასუხისმგებლობა

2018-05-15 20:40:29
1718

გასული დღეების მოვლენები, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოხატულად უარყოფით კონტექსტში აქტიური განხილვის საგნად რჩება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, არსობრივად, თითქოს დიდი არაფერი ყოფილა: ახალგაზრდობის ნაწილის სტიქიური პროტესტი პოლიციის მიერ პარასკევს საღამოს კლუბებში ძალის გადამეტების გამო, ორ დღეში კი - კონტრაქცია, რომლის მსგავსებიც საქართველოს უკვე უნახავს. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედიეროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ამ მოვლენებმა საბოლოოდ ახადა ფარდა იმ უამრავ პრობლემას, მანკიერებასა და საფრთხეს, რომელსახელისუფლებაც და საზოგადოებაც ამ დრომდე სათანადოდ ან ვერ ამჩნევდნენ, ან არ იმჩნევდნენ. ყველაფერი ერთად ამოტივტივდა, ქაფივით, სადღაც სიღრმეებიდან ზედაპირზე და ერთდროულად იქცა პირველხარისხოვან, სასწრაფოდ მისახედ საკითხად. ერთ მასალაში ყველა ამ პრობლემას უბრალოდ ვერ მოიცავ, იმდენია, ამიტომაც ყურადღებას მხოლოდ იმაზე გავამახვილებ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია: სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უკიდეგანო ურთიერთსიძულვილი, საშიშ ზღვარს მიახლოებული ურთიერთმიუღებლობა, პოლარიზება და ამით მოსარგებლე რადიკალური ჯგუფები, რომელთაც დაახლოებით ერთი თვის წინ ოფიციალურად ფაშისტური ორგანიზაციაც შეემატათ (http://accent.com.ge/ge/news/details/52855). სარგებლობენ რა ნებისმიერი და მით უფრო სეთი “ნოყიერი” საბაბით, როგორიც ნარკომანია და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციაა, ისინი მოქალაქეებს “ერის გადაგვარებით” აშინებენ და ამის შესაჩერებლად “სამოქალაქო ომისკენ”, “მტრის მკვლელობისკენ” და სხვა მსგავსი საშიში მოწოდებებით გამოდიან. მრავალწლიანი სიდუხჭირით გადაღლილ საზოგადოებაში, რომელშიც წიგნიერების პრობლემა (და ეს საკვანძო საკითხად მიმაჩნია) უკვე მეტისმეტად ბევრ სფეროში იგრძნობა, ეს განწყობები მარტივად ჰპოვებს მხარდაჭერას და ცოტას თუ უჩნდება კითხვები, საიდან ჩნდებიან ეს ჯგუფები და სადამდე შეიძლება, მიიყვანოს ამ ყველაფერმა ქვეყანა.

საზოგადოების ნაწილი ამ რადიკალური ჯგუფების უკან თავად ხელისუფლებას, ან, სულ მცირე, ზოგიერთ სახელმწიფო უწყებას მოიაზრებს. ფიქრობენ, რომ სწორედ სახელისუფლებო ჯგუფები ქმნიან და შემდეგ საჭირო დროს იყენებენ მსგავს ჯგუფებს საკუთარი მიზნებისთვის. თვლიან, რომ ამის მაგალითია ბოლო დღეების მოვლენებიც: ხელისუფლება ჯერ თავადვე აანონსებს “ღამის ეკონომიკის” განვითარებას და ამ უცნაურ სფეროს მინისტრსაც უნიშნავს, თუმცა მალევე ორ კლუბს არბევს და ხურავს, მერე ორი დღის განმავლობაში უგულებელყოფს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეთა მოთხოვნებს, მათ შორის მეორე დღეს – უკვე შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის თაობაზე, ხოლო მეორე დღის ბოლოს აქციასა და იმ დროისთვის უკვე მობილიზებულ კონტრაქციას შორის სპეცრაზმს აყენებს და უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში - იმ განცდის ფონზე, თითქოს სამართალდამცველები რადიკალურ ჯგუფს ვეღარ უმკლავდებოდნენ (როგორც შემდგომ გაირკვა, სწორედ ამას ეუბნებოდა შს მინისტრი აქციის მონაწილეებს http://accent.com.ge/ge/news/details/52834), საბოლოოდ “ქვეყნის გადამრჩენელად” გვევლინება…

ზემოთთქმული გარკვეულ კითხვებს მართლაც ბადებს.

არანაკლებ საინტერესოა კიდევ ერთი ისტორია: კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ გიორგი გაბედავას მის თანამოაზრე მელორ ვაჩნაძესთან ერთად, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან “პოლიპატიმრის” სტატუსით გაათავისუფლა და “ქართული ოცნების” ყრილობაზეც გვინახავს, 2013 წელს უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონიათ შექმნილი, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად (!!!) ბოლო დროს კი სწორედ ისინი და ძმანი მათნი გვევლინებიან ხშირად იმ აქციებისა თუ კონტრაქციების ორგანიზატორებად, რომელთა მონაწილეები “პატრიოტიზმის”, “ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების”, “ერის გადარჩენის” და “ქრისტიანობის” დროშის ქვეშ უცხოელების, უმცირესობების და სხვათა წინააღმდეგ ბრძოლისკენ ამხედრებენ საზოგადოებას…(http://accent.com.ge/ge/news/details/52793).

 


რაც შეეხება ფაშისტების ახლადდაფუძნებულ დაჯგუფებას, მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში მათი არსებობა დაგმეს, თუმცა ფაქტია, რომ დაჯგუფება საქმიანობას წარმატებით განაგრძობს და მხარდამჭერთა მოსაზიდად შესაძლებლობების ფართო არეალსაც იყენებს (https://chai-khana.org/ka/georgian-ultranationalist).


აქცენტი” დაინტერესდა, რას ამბობს მსგავსი ულტრარადიკალური ორგანიზაციების საქმიანობაზე ქართული კანონმდებლობა.

როგორც გაირკვა, კომუნისტური იდეოლოგიისა და სიმბოლიკისგან განსხვავებით, ქართულ კანონში „თავისუფლების ქარტია“ მათზე ცალსახად არაფერია ნათქვამი. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაშისტურ სიმბოლიკასთან მსგავსება არ ნიშნავს იდენტურობას, რომელიც შესაძლო სამართლებრივი დავისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1381526).

რაც შეეხება უმართავი თუ მართული რადიკალური დაჯგუფებებისა და ჯგუფების მოქმედებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებს, ამ თემაზე სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილს 2018 წლის 13 მაისის მოვლენებმა 1991 წლის სექტემბრის ასოციაცია შეუქმნა:

საზოგადოების დაინტერესებისა და შეშფოთების თანამოზიარე ვარ მეც, რადგან 20–25 წლის წინანდელი მწარე გამოცდილება გვაქვს – სამოქალაქო დაპირისპირების და ომის. შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, 1991 წლის სექტემბრის მოვლენების დასაწყისს ჰგავდა“.

ალადაშვილისთვის ყველაფერი ის, რაც საზოგადოებამ იხილა, განგაშის ზარია. მისი აზრით, თუ ამ ჯგუფების მონიტორინგი აქამდე არ ხორციელდებოდა, 12-14 მაისის მოვლენები მისი დაწყების საფუძვლად უნდა იქცეს:

ამ ჯგუფების წევრთა გარეგნული იერი, მოქმედებები, თავად მისალმებაც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ მათ უკან ჩვენი ძალოვანი უწყებები არ დგანან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შესაბამისი ორგანოები ეფექტურად არ მუშაობენ. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში არის ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც სპეცსამსახურებს რელიგიურ, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ოპერატიული მუშაობა, ანუ აგენტის შეგზავნა და ა.შ. ეკრძალებათ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არასდროს – არც წინა, არც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ყოფილა შემაფერხებელი გარემოება იგივე უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და ა.შ. სპეცსამსახურების მუშაობისთვის. ზემოაღნიშნული ჯგუფების მოქმედების კონტროლის კუთხით, ცხადია, კანონის ფარგლებში ასეც უნდა ხდებოდეს, რადგან ბოლო დღეებში პირადად მე და ალბათ, არა მხოლოდ მე ქვეყანაში ნაცისტური ფაშიზმის აჩრდილი დავინახეთ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციების წესდების, მიზნების მონიტორინგი. თავიდანვე უნდა მოხდეს მათი მოქმედებების კანონის ფარგლებში აღკვეთა. ეს ახალგაზრდობისთვის მისაბაძ მაგალითად არ უნდა იქცეს. სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით სტუდენტური ნაწილი რეალურად არ არის ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შესაძლოა, ერთგვარმა რომანტიზმმა და არასასურველმა გატაცებებმა არასწორი გზით წაიყვანოს. მე ყოველდღიურად მაქვს შეხება ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, ვხედავ, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, ზღვა ენერგიით და ამ ენერგიის სახელმწიფოსთვის და თავად მათთვისაც სასარგებლო მიმართულებით მიმართვა ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა, - რა თქმა უნდა, რთულიც, მაგრამ ხელისუფლება გვყავს და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოების ეს რევოლუციური და ყველაზე “ბობოქარი” ნაწილი ცუდი მიმართულებით არ წავიდეს“.

ამასთან, სპეცსამსახურების ტრადიციიდან გამომდინარე, ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავსი ჯგუფების უკან სწორედ ისინი იდგნენ, თუმცა ასეთ შემთხვევაში რადიკალების კონტროლიდან გასვლის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას:

ცნობილია, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები გერმანიაში ნაცისტურ იატაკქვეშა ჯგუფებს ქმნიდნენ. თავად საბჭოთა კავშირშიც ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც იქმნებოდა ვითომ პატრიოტული, ეროვნული მოძრაობები, რეალურად კი, ეს მახე იყო საზოგადოების იმ ნაწილის გამოსავლენად, რომელიც ამ მიმართულებით ფიქრობდა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, ასეთი ჯგუფები ქართული სპეცსამსახურების მიერ იყვნენ შექმნილები რადიკალურად მოაზროვნეთა გამოსავლენად. თუმცა ამ ჯგუფების კონტროლიდან გასვლა საკმაოდ რეალური და ხშირი მოვლენაა, მით უფრო, თუ ისინი საზოგადოებაში პოპულარობას მოიპოვებენ”.

ალადაშვილი კიდევ ერთ ალბათობას უშვებს: ამ ჯგუფების უკან სხვა სახელმწიფოების ინტერესები იდგეს:

აი, მაშინ კი სხვა ხარისხის საფრთხე გველის, რომლის განეიტრალებაც უფრო რთული იქნება“.

თომას ჯეფერონის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, სპეცსამსახურების მკვლევარი და ამერიკანისტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი თორნიკე შურღულაია რადიკალური ჯგუფების ჩამოყალიბების მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას:

ზოგადად, რადიკალური დაჯგუფებები იქმნება სოციუმისგან ეტაპობრივად გაუცხოების, განსხვავებული აზრისა და ხედვების ჩამოყალიბების შედეგად. ამ პროცესს ხელს უწყობს ქვეყანაში წლების მანძილზე არსებული არახელსაყრელი სოციალური ფონი, რომელიც დაუმკვიდრებლობის განცდას უჩენს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა ნაწილს და ისინი იწყებენ გამოსავლის სხვადასხვა იდეოლოგიებში ძებნას”.

მისივე თქმით, მსგავსი რადიკალური ჯგუფების შექმნის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი პოზიციის გაანალიზება და სოციუმში მათი ადაპტირება.

რაც შეეხება ვინმეს მიერ მსგავსი დაჯგუფებების პოზიციისა და ქმედებების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, შურღულაიას აზრით, ეს ზოგადად შესაძლებელია, როგორც შიდა, ისე გარე ძალების მიერაც და ამის კონტროლი უშიშროების კომპეტენციაში შედის.

სწორედ უშიშროების კომპეტენციაა, აკონტროლოს მათი დაფინანსების წყაროები. თუ რომელიმე ჯგუფის ქმედებებში საფრთხის ნიშნები არ იკითხება, დემოკრატიულ ქვეყანაში საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ინტერესთა არც ერთ ჯგუფს არ უნდა შეეზღუდოს. მაგრამ მართლწესრიგის დარღვევისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების საფრთხის შემთხვევაში მათი ქმედებები დროულად და საიმედოდ უნდა აღიკვეთოს".

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი”