ომბუდსმენი თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2018-05-10 14:44:27
317

სახალხო დამცველი თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მიმართავს.

"2018 წლის 13 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს,[1] თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით, ვინაიდან სამუშაოები ცვლიდა მის იერსახეს.

თანდოიანცის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N38-ში მდებარეობს. სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის“ საქართველოს ეპარქია არაერთი წელია სხვა ტაძრებთან ერთად მის გადაცემასაც ითხოვს.

2017 წლის ივლისში ქონების მესაკუთრე სსიპ „სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“ გახდა და ძეგლზე ისეთ სამუშაოებს ახორციელებდა, რომელიც არსებითად ცვლიდა მის იერსახეს"- ნათქვამია განცხადებაში.

სახლახო დამცველი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციები.

"მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაში ხაზგასმით იყო ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების და მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე, და ევალებოდათ კიდეც სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება, ადრესატები შემოიფარგლნენ ძეგლზე გაცემული კვლევითი სამუშაოების ნებართვაზე მითითებით და არ შეამოწმეს სანებართვო პირობების შესრულება.

2018 წლის მარტის ბოლოს გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ საკულტო ნაგებობის გარკვეულ ნაწილზე დემონტაჟია განხორციელებული, რაც სცდება კვლევითი სამუშაოების არსს, ცვლის ძეგლის იერსახეს და აზიანებს მის კულტურულ ღირებულებას. უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ შეაჩერა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები და არ მიმართა ეფექტურ ძალისხმევას ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტომასალა უწყებას ატყობინებდა იერსახის ცვლილების თაობაზე"- წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.