შეტევების მოლოდინში: რატომ ააფეთქეს საიდ აფანდის საფლავი

2018-05-10 14:25:33
1269

9 მაისს, გამთენიისას ცნობილი მუსლიმი მქადაგებლის საიდ აფანდის საფლავი ააფეთქეს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.  ვიდეოკამერებმა დააფიქსირა ორი პირი, რომელთაგან ერთი ნიღაბში იყო. მათ საფლავზე ნაღმი დადეს. ჩანაწერების პირველადი შესწავლის შედეგად ამ პირებში ამოიცნეს ხასავიურტის დაჯგუფების წევრები. რომელთა გვარები როსფინმონიტორინგის საიტზე გამოქვეყნებულ ექსტრემისტთა და ტერორისტთა სიაში ფიგურირებს. ორივე დაღესტნის, ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირეის მკვიდრია.

თავად შეიხ აფანდი 74 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა (ეთნიკურმა რუსმა) სოფელ ჩრკეიში 2012 წელს მოკლა. საიდ აფანდი დაღესტნის გავლენიანი სულიერი ლიდერი იყო. მისგან რჩევა-დარიგებებს არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ რესპუბლიკის გავლენიანი პოლიტიკოსებიც იღებდნენ.

ტერაქტის ერთ-ერთ ვერსიად ისლამის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შერიგების პროცესის ჩაშლა დასახელდა. შეიხ აფანდი შერიგების პროცესის აქტიური მომხრე იყო. 74 წლის აფანდი რადიკალ სალაფიტებსა (უწოდებენ „ვაჰაბიზმსაც“) და სუფიზმის (უწოდებენ ტრადიციულ ისმასაც) მიმდევართა შორის შუამავლად მიიჩნეოდა.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე დაღესტანში მომხდარ ინციდენტს არა რიგით ვანდალურ აქტად, არამედ სიმბოლურ ჟესტად განიხილავს:

„ეს იყო ვანდალიზმი, რომელსაც ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა. საიდ აფანდი გახლდათ სუფიური მიმდინარეობის ერთ–ერთი ლიდერი დაღესტანში, რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი მოსწავლე. დაკრძალვის შემდეგ მისი საფლავი მონახულების კერად იქცა. მისი მოსწავლეები პერიოდულად სტუმრობენ საფლავს, ატარებდნენ რიტუალებს და ერთგვარ ცენტრადაც იქცა.

ზოგადად, დაღესტანში არის დისკუსია საფლავებზე ზიარათების (მოსანახულებელი ადგილი) ჩატარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, სალაფიტური ნაწილი (როგორც მშვიდობიანი, ისე არამშვიდობიანი), კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ტრადიციას.  მათი განმარტებით, ისლამი კრძალავს გარდაცვლილის თაყვანისცემას და ზიარათების ტრადიციის მომხრეებს ისინი მკვდრის თაყვანისმცემლებს უწოდებენ. სუფიური ისლამის მიმდევრები კი თვლიან, რომ ზიარათი არა მკვდრისადმი, არამედ ღვთისადმი ლოცვის ერთ–ერთი ფორმაა და კერპთაყვანისმცემლობასთან შემხებლობა არ აქვს.

ამასთან, სალაფიტური თემი თვლის, რომ საფლავზე ნაგებობა ადამიანის სიმაღლეზე დაბალი უნდა იყოს, ხოლო თუ აღემატება, ისლამის ნორმებთან მოდის წინააღმდეგობაში და ლიკვიდაციას ექვემდებარება. ანალოგიურ მოვლენას ადგილი მალიში.  „ალ–ქაიდან“ მებრძოლებმა შეიხების საფლავები ააფეთქეს. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ დაღესტანში მომხდარი ფაქტიც“,– ამბობს კვახაძე.

კავკასიოლოგი რუსეთში პროცესების გააქტიურების მოლოდნშია:  

„ისმლამურმა სახლემწიფომ“ დაკარგა ტერიტორიები. მებრძოლთა ნაწილი ან სამშობლოში დაბრუნდა, ან მიმოიფანტა სხვადფასხვა ტერიტორიებზე. ამ დროისთვის დიდი როლს ანიჭებენ „მარტოხელა მგლებს“, რომლებიც ავტონომიურად ახდენენ მსგავსი აქციების ორგანიზებას. მაგალითად ბრიტანეთში განვითარებული მოვლენები „მარტოხელა მგლების“ ორგანიზებულია, როდესაც სატვირთო მანქანებით ცდილობდნენ რიგითი მოქალაქეების დახოცვას. გავიხსენოთ დაღესტანში, რუსული სოფლის ეკლესიაში მომხდარი ფაქტიც – „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი შევიდა ეკლესიაში და სანადირო თოფით მრევლის რამდენიმე წევრი მოკლა. მსგავსი აქციების გააქტიურებას უნდა ველოდოთ რუსეთის მასშტაბით.

ტერორიზმის კონტექსტში ყველა საუბრობს ჩრდილოეთ კავკასიაზე, მაგრამ რეალურად სირიაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდანაც ბევრი იყო წასული. იგივე – ყირგიზები, თურქმენები, ყაზახები და თავად ეთნიკური რუსები და ა.შ. რუსეთში ტარდება ფეხბურთის ჩემპიონატი და ეს მსგავსი შეტევების რისკს ზრდის“.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“