აფხაზ მედიკოსებს რეანიმობილის გამოყენება თბილისში შეასწავლეს

2018-04-16 19:36:23
793

სოხუმში მორიგი სკანდალია: ამჯერად – აფხაზი მედიკოსების თბილისში მომზადების გამო.

საქმე ახალშობილთა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილ რეანიმობილს ეხება, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონს ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია დაჰპირდა. თუმცა გაირკვა, რომ აფხაზეთში მსგავსი სპეცაღჭურვილობის გამოყენების უნარ-ჩვევები არავის ჰქონდა, ამდენად, ადგილობრივი მედიკოსების გადამზადების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

აქცენტის” ინფორმაციით, აფხაზმა მედიკოსებმა თბილისში, “მედიქლაბ ჯორჯიაში” გაიარეს მომზადება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა უშუალო მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ მიუღია.

აფხაზური მხრიდან კი ტრენინგს “აფხაზეთის წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში” ზურაბ ლაკერბაია უწევდა ორგანიზებას.

როგორც მან აფხაზურ «Нужная газета»-ს განუცხადა, თბილისში გამართული სწავლება ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა:

«აფხაზეთში არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც მსგავს აღჭურვილობას იცნობენ. ჰოლანდიელებმა პირობა წაგვიყენეს, ჩვენს სპეციალისტებს ჯერ ესწავლათ მუშაობა მსგავს მანქანებთან. საქართველოში არიან სპეციალისტები, რომლებიც ამ აღჭურვილობას კარგად იცნობენ. ამიტომაც გადაწყდა იქ ჩვენი სპეციალისტების დატრენინგება. ერთ-ერთი აფხაზი ექიმი ისედაც მკურნალობდა თბილისში. მე მოვიწვიე კიდევ სამი ექთანი და მძღოლიც, ასევე ჩასულიყვნენ თბილისში და გაევლოთ სპეცმომზადება. ამ დროისთვის პროცესი დასრულებულია და ისინი აფხაზეთში დაბრუნდნენ», – აღნიშნა ლაკერბაიამ და იქვე დასძინა, რომ თავად რეანიმობილი ჯერ-ჯერობით “საქართველოში, სპეციალიზებულ ცენტრში” იმყოფება.

რაც შეეხება ამ თემის ირგვლივ სოხუმში აგორებულ სკანდალს, ლაკერბაია თვლის, რომ “მსგავსი მოქმედება მოიტანს მხოლოდ ერთს – აფხაზეთი ვერ მიიღებს რეანიმობილს, რომლის მწვავე უკმარისობასაც განიცდის”:

«ეს ძალიან დასანანი იქნება. ჩვენ არ გვაქვს ისეთი აპარატურა, როგორიც ამ მანქანაშია. მისი ღირებულება აპარატურასთან ერთად 50 ათას ევროს აღემატება».