"მეშინია, რომ პუტინი უფრო სერიოზულად უდგება რუსეთის დომინაციის საკითხს დასავლეთზე, ვიდრე დასავლეთი რუსულ საფრთხეს" – ჩერგოლეიშვილის სიტყვით გამოსვლა WITW-ზე

2018-04-14 17:17:38
1337

"დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,"- ამ სიტყვებით დაიწყო ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, სიტყვით გამოსვლა Women in the World 2018 წლის სამიტზე. 

თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისი გამოსვლა საბჭოთა კავშირზე საუბრით დაიწყო. სიტყვით გამოსვლის თარგმანს ტაბულა ავრცელებს.

"მე აქ ტოტალიტარიზმის ბოროტების შესახებ თეორიული პერსპექტივიდან არ ვსაუბრობ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სძულს ტოტალიტარიზმი არა იმიტომ, რომ ამის შესახებ წაუკითხავს ან სმენია, არამედ იმის გამო, რომ მე იქ ვცხოვრობდი. ის აქ არის - ჩემს გონებაში, მკაფიო მოგონებად შენახული იმის შესახებ, თუ რა იყო და რა აღარ უნდა განმეორდეს აღარასდროს. აი, ჩემს მაისურზე თქვენ ხედავთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველის, მაროს, პორტრეტს. ის, დაახლოებით, 100 წლის წინ, 19 წლის ასაკში იოსებ სტალინის სისხლიან საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლას შეაკვდა. მარო იბრძოდა თავისუფლებისთვის - გამოხატვის თავისუფლებისთვის, რელიგიის თავისუფლებისთვის, განათლების თავისუფლებისთვის, არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლებისთვის, თანასწორი უფლებებისთვის. ის ფუნდამენტური უფლებები, რომლებსაც მან საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით იყო გარანტირებული. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია საბჭოთა იმპერიაში ჩაიკარგა, ისევე, როგორც ევროპის ნაწილი და კიდევ ბევრი ქვეყანა,"- თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთანავე, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ პუტინის ჰიბრიდულ ომს 4 კომპონენტი აქვს და 3 შიშს ეფუძნება. 

იმისათვის, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ სტრატეგიას, უნდა გავიგოთ, რას აკეთებს რუსეთი და რისგან შედგება რუსული ჰიბრიდული ომი. ჩვენ ვთქვით, რომ პუტინის ყოვლისმომცველი მიზანია, აღადგინოს რუსეთის დომინირება და იდომინიროს თქვენზეც, მაგრამ როგორ აკეთებს ამას? მისთვის აუცილებელია, რომ მის საზღვრებთან ახლოს დემოკრატიები არ იყოს.

რატომ?

პირველი, ძალიან რთულია, აიძულო განვითარებადი დემოკრატია, გახდეს შენი ვასალი სახელმწიფო;

მეორე, დემოკრატია, როცა ის განვითარებადია, გადამდებიცაა და სწორედ ამის ეშინია პუტინს და სწორედ ამიტომ ეშინია NATO-ს ექპანსიისა და ამ ყველაფრის. ის სულელი არ არის. მან იცის, რომ NATO-სგან არანაირი სამხედრო საფრთხე არ მოდის. NATO-ს წევრ ქვეყნებს საერთოდ არ სურთ ვინმესთან ომი. NATO არსებობს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, მაგრამ სწორედ ამას ეწინააღმდეგება ის.

მის ჰიბრიდულ ომს 4 კომპონენტი აქვს:

პირველი სამხედრო კომპონენტია და ჩვენ ვიცით, რომ მან ეს გამოიყენა საქართველოში, ეს უკვე აღვნიშნე;

ის იყენებს ძირგამომთხრელ სადაზვერვო სპეცოპერაციებს, აფინანსებს სატელიტ პოლიტიკურ პარტიებს, აღწევს სამთავრობო სტრუქტურებში;

ახდენს შეკვეთილი მკვლელობებისა და ტერორისტული თავდასხმების სანქცირებას. სკრიპალის ამბამდე 2 წლით ადრე თბილისში ჩემი ძვირფასი მეგობარი გივი თარგამაძე, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი, სასწაულებრივად, არ ვიცი, ბეწვზე გადაურჩა ტერორისტულ თავდასხმას, მაგრამ დაშავდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები და სწორედ ამას აკეთებს ის;

ეკონომიკური ფაქტორები. საქართველომ განიცადა ეკონომიკური ემბარგო, ქართველების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან, ენერგეტიკული ბლოკადა;

და ბოლო, მაგრამ ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანი, დეზინფორმაცია და ის დეზინფორმაციას ამყარებს შიშებზე და, ცხადია, საბჭოთა მეთოდებს იყენებს. CNN-ზე ვნახე, საწყალი ქალი ისე მუშაობდა რუსული ტროლების ფერმაში, რომ არცკი იცოდა ამის შესახებ. ის იყენებს სასარგებლო იდიოტებს, რა თქმა უნდა, ის სასარგებლო იდიოტებს იყენებს. ის ისე აკეთებინებს მათ თავიანთ საქმეს, რომ ვერც კი აცნობიერებენ ამას და ის თავის დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მანქანას შიშებით ამუშავებს.

საქართველოში ეს 3 შიშზეა დაფუძნებული და ყველა ამ შიშს რეალისტური საფუძველი აქვს:

პირველი, ეს არის ომის შიში და ეს რეალისტურია. რუსული ტანკები თბილისიდან სულ რაღაც 40 კმ-ში დგანან, ასე რომ, რიტორიკაა, რომ დასავლეთი არ იზრუნებს შენზე, არავინ შეებრძოლება რუსეთს შენ გამო, ამიტომ, მოგიწევს, ჩემთან დაალაგო;

მეორე, ეს არის სიღარიბის შიში. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ამიტომ, რიტორიკაა, რომ არავის სჭირდება შენი პროდუქტი დასავლეთში და მოგიწევს, ჩემთან დაალაგო, კარგად მოიქცე ჩემთა, რომ რუსულ ბაზარზე შენი პროდუქტი დავუშვა;

და მესამე არის კულტურული იდენტობის დაკარგვის შიში და სწორედ აქ ვზარალდებით ქალები და უმცირესობები, რადგან ის ცდილობს, რომ წარმოაჩინოს მაჩო კულტურა დასავლური ცივილიზაციის ალტერნატივად, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, იყვნენ თანასწორები .”

 

ახლა, სანამ ჩვენ აქ ვართ, კიდევ ერთი საფრთხე იკიდებს ფეხს. მორიგი სახიფათო მონსტრი ზის ახლა კრემლში, რომლისთვისაც იოსებ სტალინი მისაბაძი მაგალითია და ვისაც სჯერა, რომ ბოროტი საბჭოთა იმპერიის დანგრევა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. პუტინი ფანატიკურად ერთგულია თავისი მიზნის, გადმოატრიალოს ისტორია და აღადგინოს რუსეთის დომინაცია დანარჩენ ქვეყნებზე. ის ძალიან სერიოზულად უდგება ამას. მე მეშინია, რომ ის უფრო სერიოზულად უდგება რუსეთის დომინაციის საკითხს დასავლეთზე, ვიდრე დასავლეთი რუსულ საფრთხეს. ახლაც კი, როდესაც დიპლომატებს აძევებენ თითქმის ყველა თავისუფალი ქვეყნიდან და პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს სანქციები ეკისრებათ. თუკი გვსურს, ოდესმე ეფექტიანად დავუპირისპირდეთ ავტორიტარიზმის წნეხს, პირველ რიგში, მას რეალისტურად უნდა მივუდგეთ. 

მოდით, ვაღიაროთ, ცივი ომის შემდგომი წესრიგი უკვე დაირღვა: ჩემი ქვეყნის ⅕ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უკრაინის ნაწილი რუსეთის მიერაა ანექსირებული და პუტინი აქ არ გაჩერებულა. თქვენ შეიძლება, მკითხოთ, რატომ უნდა მადარდებდეს, რომ ქართველები და უკრაინელები იბრძვიან? იმიტომ, რომ პუტინი აღმაშფოთებელი გზებით წავიდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ის ჩაერია საფრანგეთის არჩევნებში ულტრანაციონალისტური პარტიის დაფინანსებით. იმიტომ, რომ პუტინი ერევა აშშ-ის არჩევნებშიც. ასე რომ, მას ჩვენ ვჭირდებით. მას სჭირდება ჩვენით მანიპულირება, რადგან თქვენზე სურს დომინირება. ამიტომ, ეს თქვენი პრობლემაცაა. იმისათვის, რომ ავტორიტარიზმის ზრდის პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება, რომ სწორად შევაფასოთ ძალა და მერე მივიდეთ ყოვლისმომცველ სტრატეგიამდე. ჩვენ გვჭირდება ახალი ტრუმანის დოქტრინა"– განაცხადა ჩერგოლეიშვილმა. 


 

 

ტაბულას დამფუძნებელმა ქალთა უფლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები არ არიან და მათ უფრო მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ.

“მე აბსოლუტურად ვემიჯნები იმას, რომ ჩვენ ვართ სუსტი სქესი ან ჩვენ უფრო სუსტები ვართ, უბრალოდ, ჩვენ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს და უფრო მეტი ბარიერის გადალახვა გვიწევს. სულ ეს არის, ჩვენ უფრო სუსტები არ ვართ. როცა მე შევაბიჯე საჯარო ცხოვრებაში, მე ვიცოდი, რაც მელოდა. მე ეს ვიცოდი, რადგან ამის ბევრი მაგალითი მქონდა. ჩემი ქმარი თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო, სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, ის რელიგიური უმცირესობების უფლებებს იცავდა და ის დღემდე განიცდის სტიგმას, მას ანტიქრისტედ მოიხსენიებენ, რადგან რელიგიური უმცირესობების დაცვა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წასვლად ასოცირდება ”

 

სიტყვით გამოსვლა შეგიძლიათ ნახოთ აქ: