საქართველო და „ვაგნერის“ რუსი დაქირავებულები როსტოვიდან სირიაში

2018-04-13 10:55:06
954

რუსეთი სირიაში დაქირავებული რუსი მებრძოლების გადასროლას საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ახორციელებს. ამის შესახებ ცნობილი ხდება სააგენტო როიტერის სპეციალური ჟურნალისტური გამოძიებიდან. მოსკოვი ამ საიდუმლო ოპერაციებში სირიის კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines-ის ჩარტერულ ფრენებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურად არსად ფიქსირდება.

თვითმფრინავების მეთვალყურეობის ონლაინ სისტემებმა, როგორიც flightradar24-ია, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით სულ მცირე 51 ასეთი საიდუმლო რეისი დათვალეს. სქემის მიხედვით, სირიული ავიაკომპანია Cham Wings-ის Airbus A320 ტიპის სამოქალაქო ხომალდები რუსეთის ქალაქ როსტოვის „პლატოვის“ საერთაშორისო აეროპორტში ღამით, იმ დროს მიფრინავენ, როცა აეროპორტში სხვა რეისები არ სრულდება და თითქმის მთლიანად ცარიელია.

„პლატოვის“ აეროპორტიდან Airbus A320-ებს, რომლებიც 180-მდე მგზავრს იტევენ, სირიის დედაქალაქ დამასკოს ან ლატაკიას აეროპორტებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული რუსი მებრძოლები გადაჰყავს. როიტერის ჟურნალისტმა ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო რეისის გადაღება „პლატოვში“ იანვრის ბოლოს შეძლო.

როსტოვიდან აფრენილი Cham Wings-ის ხომალდები ოთხი ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეს კვეთენ და სირიაში ასე ხვდებიან. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ისეთ რთულ და შენიღბულ სქემას, როგორიც სამოქალო საჰაერო რეისის სამხედრო მიზნით გამოყენებაა საქართველო საკუთარი რესურსებით ვერ გაუმკლავდება:

„რუსეთი ტვირთის ზუსტ ხასიათს, თუ ჩარტერით ვინ გადაყავს ან რა გადააქვს, ბუნებრივია რომ არ მიუთითებს, მონაცემებში იქნება ჩანაწერი - მგზავრი, დავუშვათ 170 კაცი და დამთავრდა. შესაბამისად, „საქაერონავიაგაცია“ აქ ვერ გაიგებს თვითმფრინავში „ვაგნერის“ მებრძოლები არიან, რუსეთის არმიის ჯარისკაცები თუ ჩვეულებრივი მგზავრები.

ის, რომ ეს კონკრეტული სირიის კერძო ავიაკომპანია საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, არ არის გამორიცხული რომ გამოეპარათ, თუმცა ეს პრევენცია უფრო მაღალ, ICAO-ს, Eurocontrol-ის და სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების დონეზე უნდა მოხდეს, ასეთ კომპანიებს ფრენა იქედან წამოსული მითითებებით უნდა აეკრძალოთ. ამ გამოძიების შემდეგ, ალბათ მოხდება ბევრი სხვა დეტალის გარკვევა და რეაგირება.“

სირიის კერძო ავიაკომპანია Cham Wings და მისი მფლობელი ბიზნესმენი ისამ შამუტი დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის აღმოჩენილი ფინანსური დახმარების, დაქირავებული მებრძოლებისა და სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადატანის გამო 2016 წლიდან აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება. ამის შედეგად სირიის ავიაკომპანია, რომელსაც ხუთი ხომალდი გააჩნია რეგულარული რეისებით მხოლოდ ორ ევროპულ ქვეყანაში: თურქეთსა და სომხეთში დაფრინავს.

საქაერონავიაგაციაში“, რომელიც ქვეყანაში საჰაერო მოძრაობის მართვაზეა პასუხისმგებელი, „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცით რუსული სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტი დიდი ხანია აღარ ხდება, თუმცა არ დააკონკრეტეს, ჩვენს საჰაერო მარშუტებს სირიის კერძო ავიაკომპანია Cham Wings რუსეთის მიმართულებით ჩარტერული ფრენებისთვის რამდენად ხშირად იყენებს. იგივე პოზიცია აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც.

მეორეს მხრივ, სირიაში მოკლული რუსი დაქირავებული მებრძოლების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მათი კონფლიქტის ზონაში გადასროლა სწორედ როსტოვიდან მოხდა, სადაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ რამდენიმე საწვრთნელი ბაზა აქვს.სირიიდან იქვე იღებენ ტვირთ-200-საც, დაღუპულების გვამებს.

Conflict Intelligence Team-ის მონაცემებით, „ვაგნერის“ დაჯგუფების შენახვაზე, რომელსაც სირიაში რუსეთის ჩრდილოვან არმიასაც უწოდებენ, 2016 წლიდან, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა. რუსეთის სამხედრო დაზვევის (GRU) თადარიგის პოდპოლკოვნიკის დიმიტრი უტკინის „ბიჭებმა“ სირიაში ყველა სისხლისმღვრელ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგაც, სადაც ყველაზე მძიმე დანაკარგი განიცადეს.

„ვაგნერის“ გასამხედროებული დაჯგუფების პირადი შემადგენლობისა და დანაკარგების ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, სირიაში უკვე ასობით რუსი დაქირავებული ჯარისკაცია მოკლული. ერთ-ერთი მათგანის, 2017 წელს დაღუპული ევგენი ალიკოვის დედა ნინა ატიუშევა ამბობს მის შვილს სამშობლოში სამხედრო მოსამსახურედაც არ აღიარებენ:

„სამხედრო კომისარიატში გავაგზავნე ყველა დოკუმენტი და მომივიდა პასუხი, რომ იგი არსად რეგისტრირებული არ იყო, სამხედრო არ არის, არავინ არაფერი იცის, თითქოს არც ყოფილა, სულ ტყუილად დაიღუპა.“

საქართველოსა და რუსეთს შორის 2006-2011 წლებში მოქმედებდა ხელშეკრულება „საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსკოვი სომხეთში მდებარე გიუმრის სამხედრო ბაზის მატერიალურ-ტექნიკურ და საკადრო უზრუნველყოფას ახდენდა.

სომხეთში გადაფრენამდე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ხომალდები ვალდებულები იყვნენ სრული ინფორმაცია მიეწოდებინათ ქართული მხარისთვის, მგზავრთა, სამხედრო ტვირთის შემადგენლობისა და რაოდენობის ჩათვლით.

ამავე დროს, მოსკოვს აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ იმ სამხედრო ტვირთებს, რომელთა გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდებოდა მესამე მხარეს არ გადასცემდა. იმ პერიოდში, სომხეთის აეროპორტებში რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩატანილი სამხედრო ტვირთის ინსპექტირებას სომხეთში საქართველოს საელჩოს სამხედრო ატაშე ახდენდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თბილისმა ეს ხელშეკრულება ჯერ დაბლოკა, 2011 წელს კი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხელშეკრულება საერთოდ შეწყდა. თუმცა, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი ბოლო 10 წლის მანძილზე, გიუმრის სამხედო ბაზის ფუნციონირებისთვის, ისევ საქართველოს საჰაერო სივრცეს და იგივე შენიღბულ სქემას, ჩარტერულ სამოქალაქო რეისებს იყენებს, სადაც მონაცემები მგზავრთა და ტვირთის შესახებ გაყალბებულია.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/how-a-secret-russian-airlift-through-georgia-helps-syrias-assad/4342087.html