უწერია თუ არა განხორციელება საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების ახალ პაკეტს?

2018-04-09 19:46:16
287

გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზებისა და ოსების მიმართ  ახალი სამშვიდობო ინიციატივა - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” გააჟღერა. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რამდენიმე ამოცანას (ე.წ. გამყოფ ხაზებთან ვაჭრობის გაფართოება, საერთო და ინდივიდუალური ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სიკეთეებთან წვდომა, თავისუფალი ვაჭრობა) მოიცავს, პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

«ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მთავრობის მშვიდობიანი პოლიტიკის კურსი გაგრძელდება და, ამავდროულად, ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის აქტივიზაციაზე მიმართული ნაბიჯი», – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ერთის მხრივ, ჩვენ ვიქნებით სრულიად შეურიგებელი ადამიანების, მათი უსაფრთხოებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ გამიზნული ქმედებების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, გადავდგამთ კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს დაშორიშორებული საზოგადოებების ნდობის მშენებლობისა და შერიგების მიმართულებით“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებისა და ოსების მიმართ სამშვიდობო ინიციატივები ადრეც არაერთხელ გაუჟღერებია.

ქეთევან ციხელაშვილის წინამორბედ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს წინადადებები ძალიან კარგია, თუმცა მათში სიახლე ნაკლებადაა და, გარდა ამისა, წარდგენის ფორმის გამო ნაკლებ სავარაუდოა, ისინი შედეგიანი აღმოჩნდეს:

„[…] დიდი ხანია, მოდიოდა ეს იდეები, ჩემს დროს იდეებად იყო და ქალბატონმა ციხელაშვილმა მშვენივრად დაასრულა პროცესი. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც წინა წინადადებებმა არ იმუშავა, ესეც არ იმუშავებს. ვფიქრობ, ერთბაშად მოვკალით ძალიან ბევრი კარგი წინადადება, რადგან ღია პრეზენტაცია არ უნდა ყოფილიყო. ის ფორმა, რომლითაც ეს წინადადებები გაჟღერდა, ანუ “შეფუთვა”, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავდა “ნაციონალური მოძრაობის” სტილს - საერთაშორისო საზოგადოების თვალში საუკეთესოდ წარმოსაჩენად გადადგმულ ნაბიჯს. ანუ, ოსებსა და აფხაზებს კი არ ვეუბნებით, მსოფლიოს ვეუბნებით, რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს. ჩემი მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. მაშინ ჩვენ არ გაგვიცხადებია, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ვაკეთებთ, არადა, ნამდვილად ასე იყო. თავის მოწონების პოლიტიკა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან და ამიტომაც იმუშავა პროგრამამ. რატომ არ იმუშავა ნეიტრალური პასპორტების პროგრამამ? – რადგან მათ ურჩევნიათ, საერთო ქართულ პროექტში იყვნენ ჩართულები, რაც საერთოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვთქვათ, ჩვეულებრივი ქართული პასპორტი აიღონ, ვიდრე მხოლოდ მათზე გათვლილ პროექტში აღმოჩნდნენ ჩართულები“

(https://www.amerikiskhma.com/a/georgian-peace-plan-initiative/4334237.html).

ახალი ინიციატივების უდიდეს ნაწილს კრახს უწინასწარმეტყველებს რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ანდრეი ეპიფანცევიც. იგი დარწმუნებულია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება და მასთან ერთად მოსკოვიც მსგავსი ქართული ინიციატივების პრაქტიკულ რეალიზებას უბრალოდ არ დაუშვებენ:


“ქართულმა მხარემ აშკარად არ გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიცაა ამ ინიციატივების განხორციელების პირობები [...]. თუ ისეთ ადამიანურ პროექტს, როგორიც სამედიცინო მომსახურებაა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კიდევ ეგუებოდა – უბრალოდ არ შეეძლო, არ შეჰგუებოდა, სხვა ინიციატივებთან მიმართებაში მსგავსი დამოკიდებულება ნაკლებად არის მოსალოდნელი. ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ცხინვალში დაბრუნდეს და იქ სამსახურში აიყვანონ რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაში და მით უფრო სახელმწიფო სამსახურში [...]. შემიძლია, დავუშვა გარკვეულ პირობებში საზღვრისპირა ვაჭრობის აქტივიზაცია - რაღაც “ერგნეთი 2”-ის მსგავსი. ამ მხრივ ძვრები შეიძლება, იყოს, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი – ჯერ კიდევ საკითხავია. აი, რაიმე უფრო სერიოზულს კი, რაიმე ბიზნეს-ინიციატივებს – საქართველოში გარკვეული პროექტების რეალიზებისთვის კრედიტების აღებას, მაგალითად, ძირშივე გამოვრიცხავ. რაში უნდა გამოიყენოს მეწარმემ ეს კრედიტი? ხელისუფლება ხომ ძირშივე ჩაახშობს ნებისმიერ ოსურ ბიზნეს-წამოწყებას, რომელიც საქართველოში აღებული კრედიტით დაიწყება! რაც შეეხება მოსკოვს, რუსეთი ამ ინიციატივებთან მიმართებაში თავის პოზიციას საჯაროდ არ დააფიქსირებს, რადგან მისი მრავალწლიანი ოფიციალური პოზიცია შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ ხელს არ ვუშლით საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს, თქვენ ერთმანეთში უნდა მოილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერი ვარიანტი განვიხილოთ. თუმცა ოფიციალურ დონეზე, ვფიქრობ, იქნება მოლაპარაკება ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობებთან, ეს ინიციატივები უკუაგდონ და ყოველმხრივ შეეწინაღმდეგონ მათ რეალიზებას, გარდა ზოგიერთი ჰუმანიტარული მომენტისა, როგორიცაა, მაგალითად, უფასო მკურნალობა» (https://www.ekhokavkaza.com/a/29150496.html).


მართლაც, დე ფაქტო ხელისუფლებებმა ერთმანეთის მიყოლებით იჩქარეს, განეცხადებინათ, რომ ოფიციალური თბილისის სამშვიდობო პოლიტიკის არ სჯერათ, რომ ახალი ინიციატივები სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კეკლუცობა და რომ არც აფხაზეთი, არც ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” მორიგ “სატყუარას” არ წამოეგებიან.

აი, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებში კი თბილისის ინიციატივებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

ოსი მწერალი ტამერლან თადტაევი ახალ ქართულ პროექტს მიესალმება, თუმცა თვლის, რომ შიშისა და უნდობლობის გამო ოსები უახლოესი წლების განმავლობაში თბილისის მსგავსი ინიციატივების მიღებას ვერ შეძლებენ:

«ძალზე საინტერესო ინიციატივებია. პირადად ჩემთვის მართლაც საინტერესოა. მახარებს, რომ საქართველოში რაღაც ცვლილებები ხდება, რაღაც პროცესები მიდის, რომ საქართველოს მსგავსი სამშვიდობო წინადადებები შემოაქვს. მაგრამ მუდმივად მეფიქრება, ხომ არ წარმოიშობა ამ ფონზე ახალი გამსახურდია ან სააკაშვილი? ჩვენ ხომ უკვე ყველაფერი გავიარეთ - კარგიც, ცუდიც და ყოველ ჯერზე ყველაფერი რატომღაც ცუდად მთავრდებოდა. ქართველებმა ოსების სისხლი შეაშინეს, გესმით? 20 წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ იარაღი მედო. რად მინდა ასეთი ცხოვრება? და მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, “მშვიდობა და მეგობრობაო”, სანამ ერთხელ ხოცვა არ დაგვიწყეს... ამან რომ გაგვიაროს, დროა საჭირო. ვფიქრობ, უახლოეს ხანებში მაინც ოსები არანაირ ქართულ წინაადებებს არ მიიღებენ”.

რიგითი ცხინვალელების უმრავლესობის აზრით, ეს ინიციატივები უფრო მეტად ახალგორელებზეა გათვლილი, რომლებიც, ვინაიდან ოსურის გარდა, ქართული პასპორტიც აქვთ, თავისუფლად გადადიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისე, რომ ამის გამო არავინ კიცხავთ, თავისუფლად შეუძლიათ, აიღონ კრედიტი ბიზნესის განვითარებისთვის და ახლაც გახსნილი აქვთ გზა ევროპისკენ (https://www.ekhokavkaza.com/a/29150496.html).

ბევრი რიგითი აფხაზისთვის კი თბილისის ახალი ინიციატივები სრულიად მისაღებია, რაზეც აფხაზური ინტერნეტ–ფორუმების მომხმარებელთა კომენტარები მეტყველებს (http://accent.com.ge/ge/news/details/50364).

გაიზიარებს თუ არა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივების ეს პაკეტი წინამორბედთა ბედს, დრო გვიჩვენებს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება


საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"