“ნასედკები” “საზღვრის” ორივე მხარეს

2018-04-05 17:06:17
562

ქართულმა მხარემ შეასუსტა “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვებზე მოქმედი არაოფიციალური ემბარგო, რომელიც 24 თებერვლიდან ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საპასუხოდ ჰქონდა შემოღებული.

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, გასულ პარასკევს, 30 მარტს ემბარგოს შესუსტების პირველი ნიშნები გაჩნდა: ქართულმა მხარემ დაუშვა პროდუქტის გადატანა, მაგრამ მხოლოდ ახალგორის რაიონისთვის. ცხინვალისთვის გამიზნული ტვირთების შეტანა კი კვლავინდებურად აკრძალულია.


"ერთი კვირაა, შეზღუდვა მოიხსნა და ადგილობრივ მაღაზიებს ხილ-ბოსტნეული და პროდუქტი თბილისიდან შემოაქვთ. შეზღუდვა გრძელდება მათზე, ვინც ცხინვალის ბაზრისთვის მუშაობდა. ცხინვალში ნამდვილად არ იგრძნობა ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი, პირიქით - ქართული ბაზრის ჩაკეტვის მერე სხვა მიმწოდებლები მოძებნეს. აი, ადგილობრივ ოჯახებს კი ბიზნესის შეჩერება მოუწიათ, რაც მთავარი მიზეზი იყო მათი აქ ცხოვრების. რამდენიმე მათგანმა გასულ წელს აქ სახლებიც კი შეიძინა, რაც ბევრი რამის მანიშნებელი იყო",– წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის: ემბარგოს შემოღების შემდეგ ადგილობრივმა მებოსტნეებმა (ძირითადად ამ ბიზნესს აზერბაიჯანული დიასპორა აკონტროლებს) მარნეულის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის “რაზდახანის” გვერდის ავლით – “ზემო ლარსისა” დს “ქვემო ზარამაგის” გავლით გადატანა დაიწყეს. ამან ცხინვალის ბაზრებში ხილისა და ბოსტნეულის ფასების ზრდა გამოიწვია – კგ-ში საშუალოდ 20 რუბლით. ახალგორში კი ისინი კიდევ უფრო გაძვირდა.

ასეთი ფასები ახალგორელებისთვის მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდა. რაიონის მაცხოვრებლებმა საყიდლებზე თბილისში დაიწყეს სიარული. და თუ ე.წ. რუსული მაღაზიები (რომლებიც რუსეთიდან ძირითადად ხორცისა და რძის პროდუქტების მიწოდებაზე არიან ორიენტირებულები) არ დაზარალებულან, “ქართულები” მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდნენ.


როგორც ჩანს, ემბარგოს ბოლოდროინდელი შემსუბუქებით საქმე არ შემოიფარგლება: 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა სახელწოდებით «ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ», რომელიც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ე.წ. მოსაზღვრე რაიონებში თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს.

მანამდე კი მებაჟეები ახალგორისა და ცხინვალისთვის გამიზნულ პროდუქტს ერთამნეთისგან ინფორმატორების საშუალებით არჩევენ, რომლებიც როგორც ოსურ, ისე ქართულ საბაჟოზე მოქმედებენ(https://www.ekhokavkaza.com/a/29145927.html).

"ისინი სახეზე სცნობენ სამარშრუტოების მძღოლებსა და მებოსტნეებს, რომლებიც ცხინვლისთვის საქონლის საბითუმო პარტიებს კრავენ; იციან მანქანები, რომლითაც მათ საქონელი გადააქვთ. სახეზე სცნობენ  ლენინგორში [ახალგორში] არსებული მაღაზიების მეპატრონეებსაც, რომელთაც პროდუქტი საკუთარი მანქანებით პირადად ჩამოაქვთ დღეგამოშვებით, რათა საბაჟოზე ნაკლები იხადონ. ჩვენს საგუშაგოზე ყველა მებაჟე ცხინვალიდანაა და ადგილობრივებს ნაკლებად იცნობენ. თუმცა ადგილზე მუდმივად უზით ერთი ადგილობრივი. ის საბაჟოზე არ მუშაობს. კითხვაზე, რას აკეთებს იქ ეს ადამიანი, მებაჟეები ვითომ ხუმრობით პასუხობენ, “საქმე არ აქვს და ჩვენთან გაყავს დროო’. მაგრამ მევაჭრეები ამბობენ, რომ ის “ნასედკაა”. საბაჟო პუნქტის ამუშავებიდან პირველ ხანებში ადგილობრივი მოვაჭრეები მალავდნენ, რომ მაღაზიები ჰქონდათ, ამბობდნენ, თითქოს საქონელი შინ მიჰქონდათ ოჯახისთვის. იყვნენ ისეთებიც, ვისაც საკუთარი მაღაზიები არ აქვს და საქონელი გასაყიდად ადგილობრივ ორგანიზაციებში მიაქვს. ჰოდა, ეს “ნასედკა” მებაჟებს ინფორმაციას აწვდიდა, ვინ ვინ იყო. მსგავსი სქემა მოქმედებს ქართულ საგუშაგოზეც – იქ თავისი “ნასედკები” ჰყავთ და ისინიც – ახალგორიდან» - ყვება თამარ მეარაყიშვილი.