ვიზალიბერალიზაციის რთული პირველი წელი

2018-03-28 18:35:07
477

დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცათ. ამ დროის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ქვეყნების საზღვრების 250 000-ზე მეტი კვეთა დაფიქსირდა. თუმცა პირველივე წლის განმავლობაში შეიქმნა საფრთხე, ევროკომისიამ საქართველოს ეს სიკეთე შეუწყვიტოს.

კერძოდ, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს რიგი ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, საბერძნეთის, ისლანდიისა და შვედეთის  სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა საქართველოდან თავშესაფრის მაძლიებელთა განაცხადების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა და “საქართველოს მოქალაქეების მიერ მათი ქვეყნების ტერიტორიებზე დანაშაულების ჩადენის მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლების” გამო.

ამას მოჰყვა 2017 წლის 20 დეკემბერს ევროკომისიის მიერ შეფასების პირველი ანგარიშის გამოქვეყნება. დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოს “პროგრესი“ 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში, თუმცა ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის მასშტაბით ორგანიზებულ დანაშაულში აქტიური ჩართულობა “კვლავ შეშფოთების საგნად” რჩება.

პარალელურად “შეშფოთებული” პუბლიკაციების მთელი წყება გამოქვეყნდა მედიაშიც, განსაკუთრებით - გერმანულში.

ამ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.  პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალურ ჭრილში წარმოჩენა შესაძლოა, რუსეთის პროპაგანდის ნაწილი იყოს:

„ყველა სახელმწიფოში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან იმაში, თუ რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურად მუშაობენ. დღეს ყველგან -  ვაშინგტონში თუ ევროპის დედაქალაქებში რუსულ პროპაგანდაზე საუბრობენ. მიზანმიმართულად ხორციელდება ამ საკითხების პედალირება, მათ მიზანს წარმოადგენს მოკავშირეთა შორის დაბნეულობისა და ერთმანეთზე ნეგატიური იმიჯის შექმნა. სწორედ რუსეთის პროპაგანდის შედეგია, რომ ჩვენში საუბრობენ, “ევროპა ქართველობას წაგვართმევსო”. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რუგულაციები და კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს. ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობა, მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. აკეთებენ ისე, რომ წარმოჩინდეს, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან. მე ვხედავ, რომ საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში გახსნილია. უნდა ვიმუშავოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზეც“.

მართლაც, როგორც ირკვევა, სტატისტიკური მაჩვენებელი რეალურად, ძალიან დაბალია: მაგალითად, ავსტრიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების წილი მხოლოდ 0,9%-ს შეადგენს.

 საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით აქტიური ზომების მიღება დაიწყო.

როგორც პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით უდიდესი ნდობის გამოხატულება და, ამავდროულად, მკაცრი ვალდებულებებია:

„ჩვენ ვამაყობთ საქართველოს იმ მიღწევით, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, მეგობარს, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს, რომ არ გაიზარდოს უვიზო რეჟიმის დამრღვევ პირთა რაოდენობა”.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, რათა მომავალშიც შეუფერხებლად ისარგებლონ ამ სიკეთით.

ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ევროპელ პარტნიორებთან საპოლიციო თანამშრომლობას გააძლიერებს და ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განახორციელებს, რათა შენგენის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობა შემცირდეს.

იმას, რომ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით ქართულ მხარესთან მუშაობა მიმდინარეობს, ევროკომისიაშიც ადასტურებენ.

“ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე გამოვხატეთ შეშფოთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, რათა გადაჭრას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან უკანონო მიგრაციის პრობლემა. კომისია მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს: ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან ერთად ჩვენ შევეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევამციროთ არალეგალური მიგრაციის საფრთხეები. როგორც მიმდინარე თვის დასაწყისში კომისარმა ავრამოპოლუსმა განაცხადა, ვიზალიბერალიზაცია არის უფლებაც და ამასთან ერთად ვალდებულებებიც. ამ ყველაფერზე, ისევე, როგორც თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა განცხადებებთან დაკავშირებულ რისკებზე ახსნა–განმარტებითი საინფორმაციო კამპანიები მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა შედეგებს მალე გამოიღებს“, – განუცხადეს „აქცენტს“ ევროკომისიის პრეს–სამსახურში.

 

მარიკა ჩუბინიძე

საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი“