“არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს სავარაუდოდ, 18 მარტის შემდეგ გადასცემენ”

2018-03-13 22:36:24
385

ოსი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის 18 მარტისთვის დანიშნული არჩევნების შემდეგ გადმოსცემენ. ამის შესახებ მან ინტერნეტ-რესურს “СОВА”-ს განუცხადა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც გაიხსნება.


“დანამდვილებით ვერ გეტყვით, თუმცა დიდი ალბათობით, ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალის მორგშია. ვფიქრობ, მას 18 მარტის შემდეგ დააბრუნებენ, ანუ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩემი აზრით, ყველაფერი სწორედ ამას უკავშირდება”, – განაცხადა ცხურბატმა.

რაც შეეხება ცხინვალის მაცხოვრებლების განწყობას, ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ადგილობრივებს შორის აქტიური განხილვის თემას არ წარმოადგენს.

“ეჭვი მეპარება, ცხინვალში უმრავლესობა მოითხოვდეს, ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს არ გადაეცეს. მეტსაც გეტყვით, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევეგუეთ სიკვდილს, ამიტომაც ნაკლებ სავარაუდოა, ცხინვალში ვინმე ამ ფაქტს აქტიურად განიხილავდეს. ეს ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ასეა”, – დასძინა მან.