ვის დაარტყა ცხინვალში ხილ-ბოსტნის ქართულმა ემბარგომ

2018-03-13 19:15:47
717

შაბათს სამი კვირა შესრულდება მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ე.წ. საბაჟო გამშვებ პუნქტ “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გავლით მსუბუქი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადატანა აკრძალა.

ეს სანქციები 24 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საპასუხოდ იქნა შემიღებული, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში კომერციულ გადაზიდვებს აწარმოებდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ემბარგოს დაწესების შემდეგ ცხინვალის რეგიონში ხილსა და ბოსტნეულზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა.

«მაღაზიები ჯერ კიდევ ყიდიან არამალფუჭებადი პროდუქციის ძველ მარაგს - ხახვს, კარტოფილს, დაფნის ფოთოლს, ნიორს. აი, მალფუჭებადი კი, როგორიცაა პომიდორი, კიტრი, მწვანილი და სხვა, ახლა ცხინვალიდან შემოაქვთ. როგორც ამიხსნეს, ეს იგივე მომწოდებლები არიან, უბრალოდ ახლა ემბარგოს გამო პროდუქტი ზემო ლარსით შეაქვთ ჩრდილოეთ ოსეთში, იქიდან კი – ცხინვალში და იქ უკვე ჩვენი მაღაზიები ყიდულობენ” - განუცხადა “Эхо Кавказа”-ს ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამან პროდუქცია მნიშვნელოვნად გააძვირა და, მაგალითად, ყველაზე დაბალი ხარისხის ვაშლი, რომელიც ადრე 1 კგ/100 რუბლზე ნაკლებად იყიდებოდა, ახლა 170 ღირს; წითელი ბულგარული წიწაკა – 150-ის ნაცვლად 250 რუბლი.

დიდი რაოდენობები არ შემოაქვთ. მოწოდებები აშკარად არ არის გათვლილი მთელს რაიონზე, რადგან ამ ფასებს ადგილობრივთა დიდი ნაწილი ნამდვილად ვერ გასწვდება. როგორც ჩანს, პროდუქტი რუს სამხედროებზეა ორიენტირებული, ადგილობრივებს კი შეუძლიათ, თბილისში ჩავიდნენ და ადრინდელივით იქაურ ბაზარზე შეიძინონ პროდუქტი, სანამ პირადი მოხმარებისთვის პროდუქტების გადატანა არ აკრძალიათ» - ამბობს თამარი.

როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ემბარგომ მაინც მებაჟეები დააზარალა. თუ სანქციების შემოღებამდე ე.წ. საბაჟოს ერთდროულად ოთხი თანამშრომელი ემსახურებოდა და ყველას ჰყოფნიდა როგორც საქმე, ისე არაოფიციალური შემოსავალი, ახლა, როგორც მძღოლები ხუმრობენ, იქ “მხოლოდ ხელფასის ამარა ერთი მებაჟე თვლემს”. ახალგორში ამბობენ, რომ ახლა მებაჟეები ადგილობრივ მაღაზიებში პროდუქტს ხშირად ნისიადაც იღებენ - ხელფასამდე.

პროდუქტი ცხინვალის ბაზარზეც გაძვირდა, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც ახალგორში. მაგალითად, 1 კგ მანდარინი 80 რუბლი ღირდა და 100 გახდა; კარტოფილის ფასმა 25-დან 45-50 რუბლამდე მოიმატა, კომბოსტოსი – 25-დან 35-მდე.

ერთი საინტერესო დეტალი: მარნეულელ მეწარმეებს სამ კვირაზე ნაკლები დასჭირდათ, რათა შეემუშავებინათ ახალი ლოგისტიკური სქემა რუსეთის გავლით და ცხინვალის რეგიონში მიწოდებები განეახლებინათ. უმოკლეს ვადებში მათ “რაზდახანის” გვერდის ავლით – ორი – ჯვრისა და როკის უღელტეხილით ახალი – 400-კმ-იანი სავაჭრო დერეფანი გაკვალეს.

საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ შექმნილ ვითარებაში ოსი მეწარმეები: ქმნის თუ არა ქართველი მომწოდებლების დამატებითი ხარჯები პირობებს კონკურენციისთვის, თუ მათი პროდუქციის თვითღირებულება იმდენად დაბალია, რომ ფასების ზრდის გათვალისწინებითაც კი ისინი უკონკურენტოდ რჩებიან?

ვლადიკავკაზის ლოგისტიკურ ცენტრ «ТИС»-ის დირექტორი ვახტანგ ჯიგკაევი თვლის, რომ ოს მეწარმეებს ახალი რეალობის კარგად გაანალიზება ჰმართებთ:

«ბაზარი ყველაფერს თავად გადაწყვეტს. თუ ადამიანები ფასებში ჩაეწერებიან, ხილ-ბოსტნეულს პიატიგორსკიდანაც, ყაბარდო-ბალყარეთიდანაც წამოიღებენ. შესაბამისად, აზერბაიჯანლებიც ჩამოიტანენ. გვქონდეს ფასების თავისუფალი კონკურენცია.

ანუ, შექმნილი ვითარება ყველა შემთხვევში საბაბია ალტერნატიულ მოწოდებებზე დასაფიქრებლად?

უდავოდ, და არა მარტო ალტერნატიულ მოწოდებებზე, არამედ, უპირველესად, ეროვნულ წარმოებაზე, თუნდაც იმ პროდუქციისა, რომელიც აქ ადრე მოჰყვდათ, რათა შიდა ბაზრის საჭიროებები მაინც დაიფაროს».

ტექტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

https://www.ekhokavkaza.com/a/29094936.html