კახა ბექაური „ბილაინს“ სრულფასოვან ოპერატორად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს

2018-03-13 18:27:33
254

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, კომპანია „ბილაინს“ პირობას აძლევს, რომ არასამართლიანი კონკურენციისგან დაიცავს და მას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდის აუცილებლობაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ამ პროცესში „ბილაინის” გააქტიურება მნიშვნელოვანია.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ბილაინსაც“ და ყველა კომპანიასაც დავიცავთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან, რომ ინვესტიცია არ განახორციელონ ამ დარგში. მოვუწოდებთ „ბილაინს“ გააქტიურებისკენ, რადგან გვინდა, რომ ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. „ბილაინმაც“ უნდა მოახერხოს გაზრდა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლა, ჩვენ ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“.- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის თქმით, კომისია არის იმის გარანტი, რომ კომპანიები ერთმანეთს არასამართლიან გარემოს ვერ შეუქმნიან, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელია თავად კომპანიებმაც განვითარებაზე და გაზრდაზე იფიქრონ, რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ.